ავტორი:

"უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ,  რომ ამ აქციამ შედეგი გამოიღოს სააკაშვილის გათავისუფლების მიმართულებით" - როგორ აფასებენ პოლიტოლოგები ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციას

"უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ,  რომ ამ აქციამ შედეგი გამოიღოს სააკაშვილის გათავისუფლების მიმართულებით" - როგორ აფასებენ პოლიტოლოგები ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციას

"უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ, რომ ამ აქციამ შედეგი გამოიღოს სააკაშვილის გათავისუფლების მიმართულებით. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, არამხოლოდ იმაზე, რა რაოდენობის ხალხი დაესწრება აქციას", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ბოლო 9 წლის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი მძლავრი აქცია არ ჰქონია და არასწორია საუბარი იმაზე, 2012-ში "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული აქცია რამდენად დიდი იყო, ან ნაკლები, ვინაიდან 2012 წელს "ქართული ოცნება" როგორც პარტია არ არსებობდა და თავისი ელექტორატი არ ჰყავდა, გუშინდელ აქციაზე კი ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და მათი აქტივისტები იყვნენ.

"ამ აქციამ შედეგი უკვე გამოიღო, საზოგადოებამ ნახა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია საკმაოდ მასშტაბური აქციის ორგანიზება. ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, მართლაც ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო. რაც შეეხება იმას, გამოიღებს თუ არა ეს შედეგს სააკაშვილთან დაკავშირებით, შედეგზე საუბარი არც არის და ვერც იქნება. უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ, რომ ამ აქციამ შედეგი გამოიღოს სააკაშვილის გათავისუფლების მიმართულებით. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, არამხოლოდ იმაზე, რა რაოდენობის ხალხი დაესწრება აქციას.

ბოლო 9 წლის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი მძლავრი აქცია არ ჰქონია. საუბარი იმაზე, 2012-ში "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული აქცია რამდენად დიდი იყო, ან ნაკლები არასწორია. 2012 წელს "ქართული ოცნება" როგორც პარტია არ არსებობდა და თავისი ელექტორატი არ ჰყავდა. მაშინ "ქართულმა ოცნებამ" მთლიანი ოპოზიციური ელექტორატი გააერთიანა. გუშინდელ აქციაზე ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და მათი აქტივისტები იყვნენ. მათ სულ ჰყავდათ ნახევარ მილიონი ამომრჩეველი, ისინი მიდიან არჩევნებზე და ხმას აძლევენ "ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ არ იყვნენ მზად იმისთვის, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ. ახლა, მზად არიან, რომ არამხოლოდ საარჩევნო უბნებთან მივიდნენ, არამედ ქუჩაშიც გამოვიდნენ“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

  • პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი, გუშინ "ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე ადრე იკრიბებოდა. როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ხალხმრავლობა იმან განაპირობა, რომ ძირითადად საუბარი იყო სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ხშირად ისმოდა ფრაზა "მე არ მინდა ჩემი პრეზიდენტი ციხეში იყოს."

"ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური შეფასების საფუძველზე არ კეთდებოდა, ეს არის ზოგადი ფრაზა, რომ ხალხს არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იყოს. ასევე არ იყო რევოლუციისკენ მოწოდება და ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, რომ არჩევნები არის მოსაგები. ეს საკააშვილის წერილშიც იყო ნახსენები. ამდენად, მოსახლეობისთვის დისკომფორტი ამ შეკრებაში არ იყო. ბევრს, საბედნიეროდ, რევოლუცია არ უნდა. ამასთან, თავისი საარჩევნო პიარიც გამოუვიდათ. მათ გამოიყვანეს ისინი, ვინც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს, ხალხს შეახსენეს და მოუწოდეს მათი მხარდაჭერისკენ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ ამ აქციის შედეგად სააკაშვილს გაათავისუფლებენ.

"მიტინგებით თუ მოხერხდა მისი გათავისუფლება, ისედაც "კარგ მდგომარეობაშია“ სამართალდამცავი სისტემა და უარესში ჩავარდება. ყველა ტუსაღზე შეიკრიბება მიტინგები და მერე უნდა გამოუშვა - ეს პრინციპი არამგონია გამოდგეს. თუ უცხოეთი ჩაერევა, დამატებითი პრინციპები გაჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისთვის დიდი დისკომფორტია სააკაშვილის ციხეში ყოფნა და ასეთი მიტინგებიც ამის ლუსტრაციაა.

ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ სირთულეებს შეხვდება, თუ დათმობაზე წავა. ძალიან ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ "ოცნება“ და "ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ეხმარებიან და ერთმანეთით იმყარებენ პოზიციებს. ამ წისქვილზე თუ დაისხა წყალი, სამომავლოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებასაც“ ამომრჩეველი დააკლდება და მესამე ალტერნატივის ძებნა გაგრძელდება“, - განაცხადა საყვარელიძემ.