ავტორი:

"მე,  რა თქმა უნდა,  მინდა,  რომ აღარ შიმშილობდეს" - რას ამბობს ლიზა იასკო საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ

"მე,  რა თქმა უნდა,  მინდა,  რომ აღარ შიმშილობდეს" - რას ამბობს ლიზა იასკო საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის ციხეში მეგობარმა ქალმა, ლიზა იასკომ მოინახულა. ციხის დატოვების შემდეგ კი მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. იასკოს განცხადებით, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ამავდროულად, გუშინდელი აქციის შემდეგ, იმედიანადაა.

"მადლობას იხდის, მან გაიგონა ქართველი ხალხის ხმა და ძალიან უნდა, რომ ამაზე არ გაჩერდნენ. მე, რა თქმა უნდა, მინდა, რომ აღარ შიმშილობდეს, არ იყოს ციხეში, ვიცი, რამდენი საქმე დატოვა კიევში, ძალიან კომფორტული ცხოვრება, სადაც კომფორტული პოზიცია და მშვენიერი პირობები აქვს, მაგრამ ის აქ ქართველი ხალხისთვის ჩამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან უყვარს ქართველი ხალხი.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დატოვოს საპატიმრო. მისი ჯანმრთელობისთვის საჭიროა, რომ იყოს გარეთ.

ამ მომენტში ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ეს არის ხერხი, რომლითაც ის საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს. გუშინდელმა დღემ მას დიდი ძალა შეჰმატა და კარგი განწყობა შეუქმნა", - განაცხადა იასკომ.