ავტორი:

"მიშას გარეშე ყველგან მოწყენილობაა!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას

"მიშას გარეშე ყველგან მოწყენილობაა!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას

"როგორ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულმა აქციამ თბილისში?" - ამ სათაურით ეხმაურება რუსული მედია გუშინ თბილისის ცენტრში გამართულ, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას.

"თავისუფლება მიშას! თბილისში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა" - წერს bbc.com-ის რუსული განყოფილება საქართველოში დედაქალაქში განვითარებულ პროცესებზე.

მისივე ცნობით, ათასობით ადამიანი თბილისის ცენტრში ხუთშაბათს შეიკრიბა.

"მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს... რამდენიმე რეგიონში, მის მხარდამჭერებს ცოცხებით ხელში დახვდნენ. მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები გამოვიდნენ, იმღერეს და იცეკვეს კიდეც" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, აქციაზე მისული ადამიანების ნაწილი გაოცებას გამოხატავდა იმის გამო, რომ ამდენი წლის განმავლობაში სხვა ქვეყანაში მყოფ ექსპრეზიდენტს ამხელა მხარდაჭერა ექნებოდა.

"სააკაშვილის მხარდამჭერთა მრავალათასიანი აქცია მშვიდობიანად დასრულდა" - წერს რუსული ინტერტგამოცემა interfax.ru.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია თავის მხარდამჭერებს მეორე ტურისთვის მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს" - წერს რუსული გამოცემა და დასძენს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პატიმრობაში მყოფი ლიდერი დიდი შერიგებაზე საუბრობენ.

გამოცემა ria.ru უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის ილია კივას მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს აქვეყნებს, სადაც ოპოზიციური პლატფორმა "სიცოცხლისათვის" წარმომადგენელი მიხეილ სააშვილს "გასტროლიორ-აფერისტს" უწოდებს.

"როგორც უკრაინის სახალხო დეპუტატმა, მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს ხელისუფლებისა და შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიმართ საერთაშორისო გასტროლიორ-აფერისტის, მიხეილ სააკშვილის დაკავებისთვის. თქვენ ჩემი ქვეყნის ბიუჯეტი ათასობით დოლარის უსარგებლო ხარჯვისგან გადაარჩინეთ, რომელსაც ის შარლატანი ჩვენს ქვეყანასში ანიავებდა. ერთი რამ ვიცი - სამყარო გახდა უფრო უსაფრთხო და სამართლიანი..." - წერს რადას დეპუტატი კივა სოციალური ქსელის თავის გვერდზე.

გამოცემის ცნობით, ექსპრეზიდენტის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალებას არ გამორიცხავს.

"თუმცა პრეზიდენტმა განცხადება, რომ ამას არასდროს გააკეთებს, სინამდვილეში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მობილიზაციას ემსახურებოდა. ჩვენ გვაქვს პრეცენდენტი, როდესაც პრეზიდენტს ვიღაცებზე ასევე განუცხადებია, რომ არ შეიწყალებს, მაგრამ შემდეგ შეიწყალა..." - წერს გამოცემა.

"თბილისის ცენტრში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 15-დან 30 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა" - ასე ეხმიანება tvrain.ru თბილისში გამართულ აქციას, რომელიც 8 ოქტომბერს ბათუმის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ტრაგედიის გამო, წუთიერი დუმილით დაიწყო.

"მხარდაჭერები, ექსპრეზიდენტის დაუყოვნებლიბ გათავისუფლებას ითხოვენ" - წერს გამოცემა.

თბილისში გამართულ აქციას რუსი ინტერნეტმომხმარებლებიც აქტიურად განიხილავენ. "თავისუფლება მიშას - მის გარეშე მოწყენილობაა!" - წერს tvrain.ru-ს კომენტარებში ერთ-ერთი ინტერნეტმომხარებელი ვალერი ილიჩევი.

სხვების თქმით, ეს მოსკოვი არ არის, რომ მონაცემები ასე ხელაღებით გააყალბონ.

"სინამდვილეში ბევრად მეტი იყო, 100 ათასი, ან მეტი... პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყნის ლიდერი იყო, ვინც კორუფციას ბრძოლა გამოუცხადა და გეგმა შეიმუშავა. ძველი, კორუმპირებული პოლიცია გააუქმა და ახალი შექმნა. მხოლოდ ეს რომ გაეკეთებინა, ცოტაა?" - კითხულობს კიდევ ერთი სერგეი რიმსკი.