ავტორი:

"ასე გაგრძელება არ შეიძლება... ასეთი გზით განწირულები ვართ ავადმყოფობის დიდი რაოდენობისთვის და გარდაცვალების მატებისთვის" - ცერცვაძე

"ასე გაგრძელება არ შეიძლება... ასეთი გზით განწირულები ვართ ავადმყოფობის დიდი რაოდენობისთვის და გარდაცვალების მატებისთვის" - ცერცვაძე

საქართველოში დღეს ხდება რაღაც დაუჯერებელი რამ, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ და ჯერ ვერ მივხვდით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ვაქცინაციის მსურველების რაოდენობის გასაზრდელად, თუმცა ხალხმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ „ასე გაგრძელება არ შეიძლება“.

"მე აღარ ვიცი, უკვე ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო, დადიან მედიკოსები კარდაკარ, სოფლებში დადიან, დღეს პაატა იმნაძე ახალციხეში იყო და მთელ მოსახლეობას ელაპარაკა და არწმუნებდა, რომ აიცრან, შეჰპირდნენ, რომ აიცრებიან, ან აიცრებიან ან არა. მე რესურსს ვერ ვხედავ, თუ საზოგადოებამ თვითონ არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.

ჩვენ სულ გვეუბნებიან, რომ ნუ აკეთებთ საშიშ განცხადებას, ნუ დავზაფრავთ ისედაც დაზაფრულ მოქალაქეებს, როგორ გითხრათ, ესეც საჭიროა ალბათ, რაღაც დოზით იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა თვლის, რომ ის ადამიანები რომ კვდებიან ან ავად ხდებიან, ის მათ არ ეხება. ოჯახში ჰყავთ 70-ს 80-ს გადაცილებული პირები, რომლებიც მუდმივად დაინფიცირების და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან და არ ცრიან მათ და არც არიდებენ კოვიდს. იცით, ჩვენი საავადმყოფო გადავსებულია 70 წელს გადაცილებული ხალხით. საქართველოში დღეს ხდება რაღაც დაუჯერებელი რამ, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ და ჯერ ვერ მივხვდით, ჯერჯერობით ვაგრძელებთ ჩვეულებრივი წესებით ვაქცინაციის კამპანიას, ოღონდ დაემატა ბინაზე კარდაკარ სიარული“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესის დღევანდელი ტემპებით განწირულები ვართ ავადმყოფობის დიდი რაოდენობისთვის“.

„აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 30% და მთელი მოსახლეობის 20%. ასეთი გზით 60%-ზე ვერ ავალთ წლის ბოლომდე. ასეთი გზით განწირულები ვართ ავადმყოფობის დიდი რაოდენობისთვის და სამწუხაროდ, გარდაცვალების მატებისთვის. შეუძლებელია ის, რაც ახლა საქართველოში ხდება - არ ვიცი, რა ენით გამოვხატო - დავუჩოქო, მოვთხოვო, კატეგორიული ტონით თუ პირიქით თხოვნით. რაღაც ფანტასმაგორიულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ქართველებს ბევრი რამ გვაქვს უცნაური და ბევრი შეცდომა დაგვიშვია, ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაგვიდგამს - პოლიტიკაშიც, ყოფა-ცხოვრებაშიც, მედიცინაშიც, ჯანდაცვაშიც, ყველგან, მაგრამ ეს აჭარბებს ყველგან. მე არ ვიცი რა ტრიალებს მათ გონებაში, რომ უარს აცხადებენ აცრაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ წლის ბოლოს არათუ 70%-ზე და 65%-ზე გავალთ, მთელი მოსახლეობის 30%-ზეც ვერ გავალთ. ჩვენ მაინც მთელი მოსახლეობიდან უნდა ვიანგარიშოთ, რადგან მთელი მოსახლეობა ხდება ავად. შევასრულეთ საზოგადოების დაკვეთა და გავხსენით ყველა სკოლა და ინსტიტუტი. დაახლოებით, მეხუთედი, თუ მეტი არა, იძულებულნი გახდნენ ხელახლა დაეკეტათ სკოლები“, - განაცხადა ცერცვაძემ.