ავტორი:

"ღამე, საწოლში რომ ვიყავი, მეპარებოდა პაპა და სექსუალურ აქტს ახორციელებდა" - 13 წლის ბავშვის უმძიმესი მონაყოლი, რომელზეც ბაბუამ სექსუალურად 100-ჯერ იძალადა

"ღამე, საწოლში რომ ვიყავი, მეპარებოდა პაპა და სექსუალურ აქტს ახორციელებდა" - 13 წლის ბავშვის უმძიმესი მონაყოლი, რომელზეც ბაბუამ სექსუალურად 100-ჯერ იძალადა

13 წლის ბავშვის ჩვენების თანახმად, 53 წლის ბაბუამ 5 წლის განმავლობაში მასზე 100-ზე მეტჯერ იძალადა. არასრულწლოვნის ჩვენებიდან, რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა, ირკვევა, რომ ბავშვს ბაბუა საკუთარ ლოგინში, სადაც ასევე მის ტყუპისცალ დას ეძინა, წლების განმავლობაში აუპატიურებდა.

არასრუწლოვანი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად ჰყვება, თუ რა ქმედებებს ახორციელებდა ბაბუა. დაზარალებული აცხადებს, რომ დაახლოებით, 8 წლის ასაკიდან მასთან ბაბუა გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა, 10 წლის ასაკიდან კი უკვე სექსუალურ აქტს ამყარებდა.

ჩვენების მიხედვით, ბაბუა შვილიშვილს აფრთხილებდა, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის მოეყოლა, რადგან სამართალდამცავები ორივეს დააკავებდნენ.

მიუხედავად უმძიმესი ბრალდებებისა, დაკავებულის ადვოკატი, ზურაბ თოდუა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს „ყველაფერი ზღაპარია“ და რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაბუა ბავშვების დედისგან შურისძიების მსხვერპლია.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზამ ბავშვის გაუპატიურების ფაქტი ვერ დაადგინა და ეს მტკიცებულება საქმეში არ არის. ზურაბ თოდუას განმარტებით, მძიმე დანაშაულში ბრალდებული 53 წლის მამაკაცი 32 წელია, რაც შშმ პირია, ცალი ფეხი არ აქვს და ყავარჯნების დახმარებით გადაადგილდება.

თუ რა წერია 13 წლის ბავშვის და დედის ჩვენებებში, აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბ თოდუა დეტალურად საუბრობს.

"დედის ჩვენების მიხედვით, 2021 წლის 10 ოქტომბერს, საღამოს საათებში, როცა სახლში იმყოფებოდა და ტელევიზორს უყურებდა, რატომღაც მოუნდა ბავშვებთან ესაუბრა სექსზე, ძალადობაზე, მსხვერპლზე და ა.შ. როცა საუბარს მორჩა, ბავშვებს ჰკითხა, რომელიმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი პრობლემაო. ტყუპებიდან ერთ-ერთმა უთხრა, რომ პაპა უკვე 5 წელიწადია ჩემზე ძალადობსო, დედამ ყველაფერი გამოკითხა, ბავშვმა მას საშინელი რაღაც მოუყვა. კერძოდ, შაბათ-კვირას, როცა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისად ბავშვები ოჯახში მიჰყავდათ, მასზე პაპა ღამე ძალადობდა. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, 8 წლის ასაკიდან 10-წლამდე მასზე პაპამ 30-40-ჯერ იძალადა - ხელებით მის სასქესო ორგანოს ეხებოდა. მისივე ჩვენებით, როცა 10 წლის გახდა, უკვე, როგორც ქალს, ისე ეფერებოდა და სქესობრივი აქტის დამყარებას ჰქონდა ადგილი. ჩვენების მიხედვით, ასეთ შემთხვევას 50-60-ჯერ ჰქონდა ადგილი. ბავშვი ამბობს, რომ მთელი ამ 5 წლის მანძილზე პაპამ მასზე დაახლოებით 100-ზე მეტჯერ იძალადა.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დედა მეორე დღეს, დაახლოებით შუადღეს მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი გაუპატიურებული იყო. ბავშვი დაიკითხა, და ის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წაიყვანეს. ექსპერტმა დაადგინა, რომ საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ არის, მაგრამ მიუხედავად მსგავსი მტკიცებულებისა, ის საქმეში წარმოდგენილი არ არის. ბრალდებამ აღნიშნულ ქმედებას გაუპატიურების, ძალადობის, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის კვალიფიკაცია მისცა. როგორც იცით, დააკავეს 53 წლის პაპა, რომელიც მეორე ჯგუფის შშმ პირია 32 წელია, მარჯვენა ფეხი საერთოდ არ აქვს და ყავარჯნებით სარგებლობს, ის 74 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს“, - აცხადებს თოდუა.

მისივე თქმით, არასრულწლოვნის მიერ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები რეალობას არ შეესაბამება, ვინაიდან ბავშვები უმეტეს შაბათ-კვირას თბილისში, მამასთან ატარებდნენ.

„ისტორია ასეთია, ბავშვების მშობლები 2016 წლის ბოლოს განქორწინდნენ, ბავშვების მამამ შექმნა მეორე ოჯახი და 2017 წლიდან თბილისში ცხოვრობს. ბავშვის მიერ მოთხრობილის გაზიარება არავითარ შემთვევაში არ შეიძლება თუნდაც ორი გარემოების გამო. პირველი, საექსპერტო დასკვნის გამო, რომელიც ადასტურებს, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. მეორე, მის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების სტატისტიკა არ ემთხვევა რეალობას, რადგან ეს ბავშვები აღწერილი დღეების განმავლობაში პაპასთან არ ყოფილან, რადგან დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, 2017 წლის იანვრიდან 2020 წლის სექტემბრამდე ხდებოდა მასზე ძალადობა, ამ პერიოდის განმავლობაში კი ეს ბავშვები შაბათ-კვირას პაპასთან სოფელში არ ყოფილან. ისინი ამ შაბათ-კვირების დიდ ნაწილს მამასთან თბილისში ატარებდნენ, სოფელში კი მაშინ ჩაჰყავდათ, როცა მამა ჩადიოდა სოფელში“, - აცხადებს თოდუა.

კითხვაზე, თუ სად იმყოფებოდნენ გაუპატიურების მომენტში ოჯახის დანარჩენი წევრები, ან დაზარალებულის დები, ადვოკატი პასუხობს, რომ ჩვენების მიხედვით, ყველა მათგანს ეძინა.

„ბავშვის ჩვენებით, ორივე დას ეძინა თავის ლოგინში. ღამე, როცა საწოლში ვიყავი, მეპარებოდა პაპა და სექსუალურ აქტს ახორციელებდაო. 8 წლის დას ბებიასთან გვერდით ოთახში ეძინა, ტყუიპისცალს კი მის ლოგინში. ბავშვებმა არაფერი იცოდნენ, პირველად მაშინ გაიგეს, როცა დამ მომხდარის შესახებ დედას უამბო. ერთი დიდი საძინებელია, სადაც პაპას ეძინა, ამავე ოთახში არის კიდევ ორადგილიანი დიდი საწოლი, სადაც ტყუპებს ეძინათ, 8 წლის დას კი ბებიასთან გვერდით ოთახში ეძინა. ჩვენების მიხედვით, სექსუალურ აქტს იმავე საწოლზე ჰქონდა ადგილი, სადაც დას ეძინა“, - აცხადებს თოდუა.

კითხვაზე, თუ რას ამბობს არასრულწლოვანი ჩვენებაში, უწევდა თუ არა ის ბაბუას წინააღმდეგობას, ადვოკატი პასუხობს, რომ მას ბაბუა ემუქრებოდა.

„ფაქტი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდაო, მაგრამ პაპა მეუბნებოდა, ჩვენ ორივე ცოდვილი ვართ და ეს არ უნდა გავამხილოთ, თორემ შენც დაგიჭერენ და მეც, ამიტომ არ ვამბობდი არაფერსო. როცა დედამ ამიხსნა, რომ თურმე, მე მსხვერპლი ვყოფილვარ და პაპა მოძალადე და გავიგე, რომ მე კი არ დამიჭერენ, არამედ პაპას, ამის შემდეგ გადავწყვიტე ყველაფერი მომეთხროო“, - განაცხადა თოდუამ.

ადვოკატის თქმით, 53 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებს მომხდარის არ სჯერათ.

„ეს ბავშვი ორ გარემოებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც, 8-დან 10-წლამდე გარყვნილ ქმედებას ჰქონდა ადგილი, 12 წლის ასაკამდე კი სექსუალურ აქტს. თუკი, ექსპერტიზით დადგინდა, რომ სექსუალურ აქტს, ანუ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია, მაშინ აშკარად იტყუება. თუ აღნიშნულში ის იტყუება, რატომ უნდა გავიზიაროთ მისი პირველი ნაწილი, რომელიც ექსპერტიზით არ დგინდება?

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს, ჩემ შვილიშვილებთან ქართულ ტრადიციებზე დამყარებული, როგორც პაპას და შვილიშვილს შეეფერება, ისეთი ურთიერთობა მქონდაო. დაკავებულის დედა ჯერ გამოკითხული არ არის, მაგრამ ამბობს, თუკი, ეს ჩემმა შვილმა ჩაიდინა, ის ციხეში უნდა დალპეს, მაგრამ თუ ჩემი შვილიშვილი ტყუილს ამბობს, მაშინ დაადგინონ, ვინ დაავალა მას ამის თქმა. სწორედ ესაა საინტერესო გარემოება. ბავშვების დედა ძალიან კარგი ქალია, ყველა კარგად ახასიათებს მას, მაგრამ მოხდა ისე, რომ ცოლ-ქმარი განქორწინდნენ. ის ოჯახის დანგრევას მამამთილს აბრალებდა, პაპა თვლის, რომ რძალმა მასზე შური იძია“, - აცხადებს თოდუა.

ცნობისთვის, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალებული 53 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა 12 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება); 11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან); 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“, მეოთხე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ნდობის გამოყენებით) და 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.