ავტორი:

ადგილი, სადაც განადგურებული, მიტოვებული სახლები და მხოლოდ სიჩუმეა - რას ჰყვება ქართველი სტუდენტი, რომელიც ჩერნობილს სტუმრობდა: სულისშემძვრელი ფოტოები

ადგილი, სადაც განადგურებული, მიტოვებული სახლები და მხოლოდ სიჩუმეა - რას ჰყვება ქართველი სტუდენტი, რომელიც ჩერნობილს სტუმრობდა: სულისშემძვრელი ფოტოები

20 წლის მარი წულაია, ერთ-ერთი პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც ამ ასაკში ჩერნობილში იმოგზაურა. ბავშვობიდან ცხოველებით გატაცება, შემდგომ პროფესიად აქცია - ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. სხვადასხვა პროგრამებში გამარჯვების შედეგად, ხშირად უწევს უცხოეთში ყოფნა. ასე მოხვდა ჩერნობილშიც, მას შემდეგ რაც Erasmus+-ის საერთაშორისო ტრენინგზე კიევში გაემგზავრა...

- მარი, პირველ რიგში შენზე მოგვიყევი, ვიცი რომ წლებია დაინტერესებული ხარ ცხოველებით, ქვეწარმავლებით და ზოგადად ფლორა-ფაუნით.

- ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები, ბუნებაში დროის გატარება და დღემდე ლაშქრობებით და "ქემფინგით" ვარ გატაცებული, ისევე როგორც ზოოპარკში მოხალისეობით და სახლში ეგზოტიკური ცხოველების მოვლით. ჩემი პროფესიაც ამ ყველაფრის სიყვარულს და ინტერესს დავუკავშირე და ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსელი ვარ.

- დედა მწერალია და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა ხოლმე გველების, მწერების და სხვადასხვა არაშინაური ცხოველების ფოტოებს, რომლებიც თქვენს სახლში ბინადრობდნენ...

- კი, დედა არაჩვეულებრივი ადამიანი და მწერალია, აუცილებლად წაიკითხეთ ელის დოჯსონის წიგნები. ის ბავშვობიდანვე მაძლევდა სახლში ისეთი ცხოველების მოყვანის უფლებას, რომელზეც ცოტა დედა თუ დათანხმდებოდა შვილს. დედასაც უყვარს ყველა ცხოველი, ამიტომ სახლში გვყოლია ისეთი არსებები, როგორიცაა გველები, მორიელი, ჩხირულები, ტარაკნები, გეკონი, ვირთხები, თაგვები, ჭრიჭინები, გიგანტური აფრიკული ლოკოკინები, ტარანტულები, ყვავი და სხვა. ყველაფრის გადარჩენაში, მოვლაში და გაზრდაში თავადაც მეხმარებოდა და დღემდე მეხმარება ხოლმე.

- ახლა ჩერნობილზე ვისაუბროთ, როგორ აღმოჩნდი ამ ტურში?

- სექტემბრის ბოლოსკენ წავედი Erasmus+-ის საერთაშორისო ტრენინგზე კიევში, სადაც გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი სხვადასხვა ქვაყენებიდან. რაღაც დროის მერე აღმოჩნდა, რომ ბევრს გვაერთიანებდა მიტოვებული ადგილებისადმი ინტერესი, გადავწყვიტეთ, რომ უკრაინიდან ისე არ უნდა დავბრუნებულიყავით საკუთარ ქვეყნებში, სანამ ჩერნობილს არ მოვინახულებდით. მალევე დავუკავშირდით ერთ-ერთ ტურ-სააგენტოს, რომელსაც ლეგალურად მიჰყავს ადამიანები ერთდღიან ტურზე ჩერნობილში. პრიპიატში ვნახეთ საბავშვო ბაღი, სკოლა, სტადიონი, საავადმყოფო, სასტუმრო, უამრავი კორპუსი... ყველა ზემოთ ხსენებული ადგილი მიტოვებული და გაპარტახებულია, რა თქმა უნდა. თუმცა, დღესდღეობით ადამიანისთვის იქ ყოფნა, ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

- რამდენი ადამიანი იყავით ტურში?

- ტურში მე და ჩემი 18 უცხოელი მეგობარი ვიყავით, რასაც მოველოდით ზუსტად ის დაგვხვდა, მიტოვებული ქალაქი. თავიდან არაფერი მიკვირდა. საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის მიტოვებული შენობები უცხო არ არის, თუმცა ასეთი მაშტაბის მიტოვებული ქალაქი ნამდვილად არ წარმომედგინა.

- ყველაზე მძიმე რა იყო ნანახიდან, რამდენად იყო რისკი რადიაციის...

- რადიაციის რისკი იმ ადგილებში სადაც ჩვენ დავდიოდით, მინიმალური იყო. გვქონდა დეზომეტრი და ხშირად ვზომავდით რადიაციულ ადგილებს. მძიმე სანახავი იყო თავად მიტოვებული ქალაქი და ის მძიმე ისტორია რასაც გიდი გვიყვებოდა. პრიპიატი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი მდიდარი ქალაქი იყო და იქ მოხვედრა ყველას არ შეეძლო, იქაური მაცხოვრებლები გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ქალაქი დახურული იყო და სპეცსაშვით შედიოდნენ, არ იყო დეფიციტი საჭმლის და ისეთი ნივთების, რაც მაშინდელ საბჭოთა კავშირში ერთეულების ხვედრი იყო. უცნაური სიმძიმე დაგვყვებოდა როცა დავდიოდი მიტოვებულ ქუჩებში, ყველაფერი ხეებით და ბალახებით, ბუჩქებით და სიჩუმით იყო დაფარული. იმის გააზრება თუ რა საშინელი ტრაგედია დატრიალდა უფრო გვთრგუნავდა.

- ვიცი, რომ ერთდღიანი ტურის გარდა არსებობს უფრო დიდი ტურიც, რომელიც აკრძალულია, რა იცი ამ ტურის შესახებ?

- მანდ ძალიან მინდა წავიდე, ოღონდ 500-1000 ევრომდე ღირს. უფრო მეტი ექსტრემია და უფრო საშიში, ხუთდღიანი ტურია. 30 კილომეტრს გადიხარ ფეხით ღამეს ათევ ტყეში. რეაქტორთანაც ახლოს მიდიხარ. არალეგალურ ტურში ის ადგილები იციან, სადაც ჩვეულბრივ ტურისტებს არ უშვებენ, დიდ დროს უთმობენ ყველა ადგილის დათვალიერებას და იქაურობა არაა იმდენად უსაფრთხო, თან თუ დაგიჭირეს, ჯარიმა 30 ევროა და მალე 500 ევრო გახდებაო გიდმა.

- რა შეცვალა შენში ამ ერთდღიანმა მოგზაურობამ?

- ქიმიითა და ფიზიკით მეტად დავინტერსდი. ემპათია გამეზარდა და როგორც კი დავბრუნდი საქართველოში, "ჩერნობილის" (სერიალი) ყურება დავიწყე. ნაცნობი ადგილები რომ მხვდებოდა ფილმში, ვითრგუნებოდი.

- როგორი იყო შენი თანამგზავრების შთაბეჭდილებები, შიში თუ ახლდა ამ ყველაფერს…

- კი ბევრი პანიკიორი აღმოჩნდა, ბევრი არ მიდიოდა იმ ადგილებში, რაც მე ვნახე. ცხრამეტი ადამიანიდან ალბათ, დეტალურად ექვსმა კაცმა თუ დავათვალიერეთ საგულდაგულოდ ჩერნობილი. რამდენიმე მეგობარი მე მომყვებოდა. თუ შენ გაბედე, ჩვენც ვიზამთო, მიტოვებულ სკოლაში მე და ჩემი ჩეხი მეგობარი ვოიტე შევედით, სხვები გარეთ გველოდბოდნენ.

ვინც გამომყვა ბოლოს მადლობა მე გადამიხადა ასეთი საინტერესო ტურისთვის. რაც შეეხება რადიაციას - რეალურად, ახლა თუ სწორ გასუფთავებულ ბილიკებზე ივლი, ზედმეტს არაფერს შეეხები, იმაზე ნაკლებია ვიდრე თვითმფრინავში. ხეზე ძალიან ლამაზი ვაშლებია, მიწაზე სოკოები და ასკილის ბუჩქები. თუმცა პირველი რაც გაგავაფრთხილეს, არაფერი მოგვეწყვიტა და შეგვეჭამა, განსაკუთრებით რაც მიწასთან ახლოს იზრდება, რადგან მეტი რადიაციაა.

პირველად მოხდა, რომ გველი დავინახე და არ დავიჭირე. ისე გასრიალდა, თუმცა საინტერესო იქნებოდა დათვლიერება, რა მოუვიდა, რადიაციულ გარემოსთან როგორ ადაპტირდა, თუნდაც გარეგნულად რომ დამეთვლიერებინა, ვაშლებს კი გულდაწყვეტილი გავყურებდი, ასეთი დიდი, ლამაზი ვაშლი მარტო ფიფქიას ზღაპარში მაქვს ნანახი და ისიც ვიცოდი მის ბედს გავიზიარებდი რომ ჩამეკბიჩა.