ავტორი:

4-ვარსკვლავიანი "უჩინარი გენერლის" სამხედრო კარიერა და პირადი ცხოვრება -  ვინ არის აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეიმს ოსტინ III, რომელიც საკუთარ თავზე ზოგჯერ მე - 3 პირში საუბრობს?

4-ვარსკვლავიანი "უჩინარი გენერლის" სამხედრო კარიერა და პირადი ცხოვრება -  ვინ არის აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეიმს ოსტინ III, რომელიც საკუთარ თავზე ზოგჯერ მე - 3 პირში საუბრობს?

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში 18 ოქტომბერს, გამთენიისას ჩამოვიდა. შესაბამისი ინფორმაცია ოსტინის "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. თავდაცვის მდივანის თქმით, აშშ საქართველოსთვის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში დახმარების გაწევის ერთგულია.

“მოუთმენლად ველოდები აქ ჩემს შეხვედრებს", - დაწერა ლოიდ ოსტინმა.

ექსპერტები ამ ვიზიტს ისტორიულად აფასებენ, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში.

ლოიდ ოსტინის ვიზიტის გეოგრაფია უკრაინელ და ქართველ ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ კიევშიც და თბილისშიც მისი შეხვედრების ცენტრში სწორედ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება და ნატოს დაწინაურებული პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართული პრაქტიკული დახმარება იქნება.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, საქართველოს გარდა, ჩავა უკრაინასა და რუმინეთში. იგი ვიზიტს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

  • ვინ არის ლოიდ ჯეიმს ოსტინ III?

მაღალჩინოსანი ამერიკელი სამხედრო 1953 წლის 8 აგვისტოს ალაბამას შტატში დაიბადა, თუმცა გაიზარდა ჯორჯიის შტატის ქალაქ თომასვილში. თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი, აშშ-ს თავდაცვის მდივანი 2021 წლის 22 იანვრიდან არის. აღსანიშნავია, რომ ის "სენტკომის" (გაერთიანებული ცენტრალური სარდლობა - აშშ-ს შეიარაღებული ძალების დეპარტამენტი, რომელიც ჩრდილო - აღმოსავლეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში აშშ-ს ინტერესების დაცვაზეა პასუხისმგებელი) პირველი ფერადკანიანი მეთაური იყო და პირველი ფერადკანიანი თავდაცვის მდივანია.

2021 წლის 22 იანვრი, თავდაცვის მდივნის პოსტზე ფიცის დადება

ცენტრალურ სარდლობამდე ოსტინი იყო აშშ არმიის შტაბის უფროსის მოადგილე (რიგით 33-ე, 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის მარტამდე), აგრეთვე, გახლდათ ერაყში აშშ-ს ძალების უკანასკნელი მეთაური, ხელმძღვანელობდა ოპერაციას "ახალი განთიადი“ ( 2010-2011), რომელიც 2011 წლის დეკემბერში დასრულდა. შეიარაღებული ძალებიდან წავიდა 2016 წელს და გაწევრიანდა კომპანიების Raytheon Technologies, Nucor და Tenet Healthcare დირექტორთა საბჭოებში.

  • ადრეული ცხოვრება და განათლება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომავალი გენარალი ტომასვილში, ჯორჯიის შტატში გაიზარდა. 1975 წელს მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია (ვესტპოინტი), სადაც G1-ის ასეულის მეთაური იყო.

1986 წელს ობერნის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კოლეჯში მოიპოვა ხელოვნების მაგისტრის ხარისხი განათლების მიმართულებით, 1989 წელს კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მართვის მიმართულებით Webster-ის უნივერსიტეტში მიიღო. აღსანიშნავია, რომ Webster საქართველოში რეგიონალური კამპუსის გახსნას და საერთაშორისო სტუდენტების მიღებას 2022 წლიდან გეგმავს.

ლოიდ ჯეიმს ოსტინს Webster - ის უნივერსიტეტის საუკეთესო კურსდამთავრებულის ჯილდო გადასცეს, 2013 წელი

მას ასევე დამთავრებული აქვს ქვეითი ოფიცრის საწყისი და შემდგომი კურსები, არმიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი (CGSC) და არმიის ომის კოლეჯი.

  • 41 - წლიანი სამხედრო კარიერა

ვესტ-პოინტის აკადემიის დამთავრების შემდეგ ოსტინს უმცროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა და გერმანიაში ბაზირებულ აშშ-ის მე-3 მექანიზებულ ქვეით დივიზიაში დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მუშაობის და ქვეითი ოფიცრის საკარიერო კურსის გავლის შემდეგ, დაინიშნა 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიონში (ფორტ ბრეგი, ჩრდილოეთ კაროლინა) 508-ე ქვეითი პოლკის მე-2 საჰაერო-სადესანტო ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის მეთაურად და ასრულებდა 82-ე დივიზიონის 1-ლი ბრიგადის შტაბის ოპერაციების განყოფილების (S-3) ასისტენტის მოვალეობასაც.

1981 წელს სამსახური ინდიანაპოლისში, ინდიანას შტატში განაგრძო, სადაც არმიის ინდიანაპოლისის რაიონის რეკრუტირების სარდლობაში ოპერაციების ოფიცრად დაინიშნეს.

არმიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში (ფორტ ლევენუორთი, კანზასი) წარსაგზავნად შერჩევის და მისი დასრულების შემდეგ დაინიშნა ოპერაციების ოფიცრად (S-3), ხოლო შემდგომ, აღმასრულებელ ოფიცრად (მეთაურის მოადგილე) 22-ე ქვეითი პოლკის მე-2 ბატალიონში. ამის შემდგომ მსახურობდა მე-10 სამთო დივიზიონის 1-ლი ბრიგადის აღმასრულებელ ოფიცრად, მოგვიანებით კი ფორტ დრამში, ნიუ-იოკრში დაგეგმარების, წვრთნების, მობილიზაციისა და უსაფრთხოების დირექტორად.

ლოიდ ჯეიმს ოსტინ III, 1998 წელი

1993 წელს ოსტინი ფორტ ბრეგის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიონს დაუბრუნდა, ამჯერად, 505-ე პოლკის მე-2 ბატალიონის მეთაურის თანამდებობაზე. მოგვიანებით იყო 82-ე დივიზიონის შტაბის ოპერაციების ოფიცერი (G-3). ომის კოლეჯის დასრულების შემდეგ დაინიშნა იმავე დივიზიონის მე-3 ბრიგადის მეთაურად.

ბრიგადის მეთაურობიდან მალევე იგი გადაიყვანეს პენტაგონში, გაერთიანებული შტაბის ოპერაციების განყოფილების უფროსად (J-3). მისი შემდგომი თანამდებობა იყო დივიზიის მეთაურის თანაშემწე მანევრის მიმართულებით (ADC-M) მე-3 მექანიზებულ ქვეით დივიზიონში (ფორტ სტიუარტი, ჯორჯია). ამ თანამდებობაზე ყოფნისას იგი ხელმძღვანელობდა დივიზიის მიერ ერაყში შეჭრას 2003 წლის მარტში. ამ დროს გაწეული სამსახურისთვის მან "ვერცხლის ვარსკვლავიც“ მიიღო.

2003 წლის სექტემბრიდან 2005 წლის აგვისტომდე დანიშნული იყო მე-10 სამთო დივიზიონის (მსუბუქი ქვეითი) მეთაურად და ასრულებდა მრავალეროვნული გაერთიანებული ტაქტიკური დაჯგუფება 180-ის მეთაურის მოვალეობას ავღანეთის ომში. მისი შემდეგი თანამდებობა იყო აშშ-ის ცენტრალური სარდლობის შტაბის უფროსი (მაკდილის საჰაერო ბაზა, ტამპა, ფლორიდა), სადაც 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ოქტომბრამდე მსახურობდა.

2006 წლის 8 დეკემბერს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსის მეთაურად (ფორტ ბრეგი, ჩრდილოეთ კაროლინა).

2008 წლის თებერვალში გახდა წოდებით მეორე მეთაური ერაყში და სათავეში ჩაუდგა ერაყის მრავალეროვნულ კორპუსს (MNC-I). კორპუსის მეთაურის თანამდებობაზე იგი დაახლოებით 152,000 ამერიკელი და კოალიციური ძალების წარმომადგენელ პირად შემადგენლობას ხელმძღვანელობდა.

ბარაკ ობამასთან ერთად

2009 წლის აგვისტოში, გაერთიანებული შტაბის უფროსების თავმჯდომარის, ადმირალ მაიკლ მალენის ბრძანებით, ოსტინი XVIII კორპუსის მეთაურის თანამდებობიდან გაერთიანებული შტაბის დირექტორის თანამდებობაზე დაწინაურდა.

2010 წლის 1 სექტემბერს, ბაღდადში, ალ-ფავის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე ლოიდ ოსტინი ერაყში აშშ-ის ძალების (USF-I) მეთაური გახდა. ამ თანამდებობით ოსტინი ერაყში მყოფი აშშ-ის და კოალიციური ძალების უმაღლესი სამხედრო მეთაური გახდა. მათი ამოცანა იყო ერაყის შეიარაღებული ძალების და ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უსაფრთხოების სამსახურების გაწვრთნა, რჩევა, დახმარება და აღჭურვა. მეთაურის თანამდებობაზე ყოფნისას ოსტინმა ერაყში კოალიციური ძალების პირადი შემადგენლობის 14,000-დან 18,000-მდე გაზრდა მოითხოვა.

ოსტინი ზედამხედველობდა ოპერაცია "ერაყის თავისუფლების“ და სხვა საბრძოლო ოპერაციების დასრულებას და ოპერაცია "ახალი განთიადის“ დაწყებას, რომელიც ერაყის უსაფრთხოების ძალების რჩევაზე, დახმარებაზე და წვრთნაზე იყო ორიენტირებული. იგი ინტენსიურად იყო ჩართული როგორც შიდა განხილვებში, ისე ერაყის მთავრობასთან მოლაპარაკებებში, რაც სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა.

იგი აშშ ძალების სრულად გამოსვლის წინააღმდეგი იყო და თვლიდა, რომ 2011 წლის შემდეგ ერაყში 10,000-მდე კოალიციური სამხედრო უნდა დარჩენილიყო, ასევე, იწონებდა შტაბის გეგმას 20,000-მდე სამხედრო მოსამსახურის დატოვების შესახებაც.

მიუხედავად ამისა, ძალების შემცირების და გამოყვანის ხელმძღვანელობა (რასაც არ ეთანხმებოდა) მასვე დაევალა. ეს გულისხმობდა დაახლოებით 50,000 სამხედრო მოსამსახურის სხვადასხვა ადგილას განაწილებას. შეერთებული შტატების ერაყის სარდლობამ მუშაობა ოფიციალურად 2011 წლის 15 დეკემბერს დაასრულა. ოსტინმა, შტაბის სხვა წევრებთან ერთად, ერაყი 2011 წლის 18 დეკემბერს დატოვა.

2011 წლის დეკემბერში ოსტინი არმიის შტაბის უფროსის მოადგილის (VCSA) თანამდებობაზე წარადგინეს, სადაც 2012 წლის 31 იანვარს დაინიშნა. ამ თანამდებობაზე იგი არმიის შტაბის ყოველდღიურ საქმიანობას და არმიის ბიუჯეტის განკარგვას ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობით გატარდა ღონისძიებები შეიარაღებულ ძალებში სუიციდის შემთხვევების შემცირების მიზნით. იგი აგრეთვე ზედამხედველობდა არმიაში ფსიქიატრიული მომსახურების ხარისხის კონტროლს.

ოსტინი ცენტრალური სარდლობის მეთაური 2013 წლის 22 მარტს გახდა. ამ თანამდებობაზე იგი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2012 წლის მიწურულს წარადგინა.

ამ თანამდებობაზე მუშაობისას მას "უჩინარი გენერალი“ ("invisible general“) უწოდეს, რადგან სამხედრო საკითხებს საჯაროდ არასოდეს განიხილავდა.

2014 წლის ივნისში მოსულზე კონტროლი ისლამურმა სახელმწიფომ (ISIL) დაამყარა, რის შემდეგად ოსტინი ერაყსა და სირიაში აღნიშნული ორგანიზაციის საწინააღმდეგო კამპანიის დაგეგმარებასა და აღსრულებაში ჩაერთო.

იგი მიიჩნევდა, რომ ISIL-ის წარმატება ხანმოკლე იქნებოდა ("flash in the pan").

2014 წლის ოქტომბერში იგი ამტკიცებდა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ფოკუსი არა სირია, არამედ ერაყი უნდა ყოფილიყო. 2015 წელს სენატის სამხედრო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ოსტინმა აღიარა, რომ ამერიკული პროგრამა, რომელიც სირიელების ISIL-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გაწვრთნას ითვალისწინებდა, წარუმატებელი გამოდგა. მოსმენაზე, სირიაში სამხედრო ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მწვავე შეკითხვების მოსმენა სენატორ ჯონ მაკკეინისგან მოუხდა.

ოსტინის თადარიგში გასვლის ცერემონია გაერთიანებული ბაზის მაიერ-ჰინდერსონის დარბაზში (არლინგტონი, ვირჯინია), 2016 წლის 5 აპრილს გაიმართა.

  • სამხედრო სამსახურიდან კერძო სექტორში

2016 წლის აპრილში ოსტინი სამხედრო კონტრაქტორის, Raytheon Technologies, დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მისი წილი კომპანიის აქციებში 500,000 დოლარს უახლოვდებოდა, ხოლო მისმა კომპენსაციამ, სააქციო დივიდენდების ჩათვლით, 1,4 მილიონი დოლარი შეადგინა. 2017 წლის 18 სექტემბერს კომპანიას Nucor-ის დირექტორთა საბჭოში დაინიშნა. 2018 წლის 29 მაისს იგი კომპანია Tenet Healthcare-ის საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორის სტატუსით შეუერთდა.

იგი, აგრეთვე, ფლობს საკონსულტაციო კომპანიას და არის საინვესტიციო კომპანია Pine Island Capital-ის პარტნიორი, რომელთანაც კავშირი აქვთ, ასევე, ენტონი ბლინკენს და მიშელ ფლურნუას.

  • პირადი ცხოვრება

ოსტინი დედამ აღზარდა, რომელიც მორწმუნე კათოლიკე იყო და გენერალიც მორწმუნე ადამიანად მიიჩნევს თავს. მას ახასიათებენ ძლიერ, ძალზე გამბედავ და ჩაკეტილ პიროვნებად, რომელსაც ერაყში სამსახურის დროს სძულდა მედიასთან საუბარი და საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენიებდა ხოლმე.

მეუღლესთან ერთად

ოსტინი და მისი მეუღლე, შარლინ დენიზ ბენერ ოსტინი 40 წელზე მეტია, დაქორწინებული არიან.

შარლინი საქველმოქმედო ადმინისტრაციაში მუშაობდა და იყო პერდიუს უნივერსიტეტის სამხედრო ოჯახების კვლევის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრი. ლოიდ ოსტინი მისი ორი ვაჟის მამინაცვალია.

მოამზადა ანა გიორგაძემ