ავტორი:

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ქრონიკა - ვის ჰქონდა ქვეყანაში მესამე ძალად ქცევის შანსი და რა ელის გახარიას?

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ქრონიკა - ვის ჰქონდა ქვეყანაში მესამე ძალად ქცევის შანსი და რა ელის გახარიას?

2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური ვითარება შეიქმნა - "შუას გაკრეფის“ წარმატებულმა მცდელობამ "ქართული ოცნებისა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა პარტიებს სამოქმედო ასპარეზი აღარ დაუტოვა. ვითარება თითქოს მას მერე უნდა შეცვლილიყო, რაც ხელისუფლებაში მყოფი "ოცნების“ კოალიცია დაიშალა, ხოლო "ნაციონალების“ წიაღში ახალი გაერთიანებები წარმოიქმნა, მაგრამ ამ ფაქტორების მიუხედავად, წლების განმავლობაში, ახალი პოლიტიკური ძალების გაძლიერების თვალსაზრისით, ბევრი არაფერი შეცვლილა, თუმცა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თითქოს ახალი კონტურები გამოიკვეთა.

  • ვის რა შანსი ჰქონდა...

ე.წ. მესამე ძალის მოთხოვნა ამომრჩეველში კარგა ხანია არის, რის დასტურადაც გამოდგება ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სოციალურ გამოკითხვებში ამბობდა, რომ არ აპირებდა არჩევნებზე წასვლას, ანაც არ იცოდა, ვისთვის უნდა მიეცა ხმა.

თუ გავაანალიზებთ ამ ელექტორატის შემადგენლობას, დიდი ალბათობით, ეს უფრო მეტად ის ამომრჩეველია, ვისთვისაც "ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა უკვე "ქართული ოცნების" ატანაც აღარ შეუძლია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა და ამ ორ ძალას შორის უწევდა არჩევანის გაკეთება, ისევ მმართველ ძალას ირჩევდა. ამის მაგალითია ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

ამისავე მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლა, ეს შეიძლება მესამე ძალის ჩამოყალიბების პირველ სერიოზულ მცდელობადაც მივიჩნიოთ, რაც კრახით დასრულდა.

იმჟამად წინასწარი კვლევების თანახმად, ცნობილი საოპერო მომღერლის პირადი პოლიტიკური რეიტინგი თითქმის ორნიშნა ციფრს უახლოვდებოდა. გაერთიანების წევრები საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც გახდნენ. როგორც კი მათ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ ძალებთან ("გირჩი“/ვაშაძის პარტია) თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, ამან პარტია ერთიანობისა და ამომრჩეველთა დამოკიდებულების თვალსაზრისით სერიოზულად დააზიანა. პარტიამ "სახელმწიფო ხალხისთვის“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 3%-ზე ცოტათი მეტი მხარდაჭერა მიიღო.

"ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფისა და ალტერნატიული ძალების ჩამოყალიბების სხვა წარუმატებელი მაგალითებიც გვახსოვს. ამის კლასიკური შემთხვევა მაინც "ევროპულ საქართველოს“ უკავშირდება - პარტიამ სცადა დაემტკიცებინა, რომ 2012 წელს, ხელისუფლების მარცხში მიხეილ სააკაშვილის როლი დიდი იყო. ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ იმ ამომრჩეველთა მხარდაჭერას დაიმსახურებდნენ, რომელთაც "ნაციონალური მოძრაობა“ მიშას გარეშე უკეთესი ეგონათ. რეალურად, ეს ტაქტიკა ორივე მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა.

თუკი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ქცევას დავაკვირდებით, მათი დიდი ნაწილისთვის მიშა ყველაფერზე, მათ შორის მის მიერ შექმნილ პარტიაზე მაღლა დგას და ადამიანთა ეს კატეგორია დაარწმუნო, რომ ძველი ლიდერის გარეშე უკეთესია, თითქმის წარმოუდგენელია...

მეორე მხრივ კი, ე.წ ანტინაც ამომრჩეველს თავი დამოუკიდებელ ძალად მოაჩვენო, ესეც, ფაქტობრივად, შეუძლებელი აღმოჩნდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ პარტიის ლიდერები "ნაცმოძრაობის" იდეოლოგად წოდებული გიგა ბოკერია, "ნაციონალური" ხელისუფლების ერთ-ერთი ექსლიდერი გიგი უგულავა და ამავე ხელისუფლების პარლამენტის ექსთავმჯდომარე დავით ბაქრაძე იყვნენ. საბოლოოდ, ამომრჩეველი, ფაქტობრივად, მართალიც აღმოჩნდა, როცა მათი დამოუკიდებლობა არ დაიჯერა. დღეს გიგი უგულავა სწორედ "ნაცმოძრაობის" ფოთის მერობის კანდიდატია, დავით ბაქრაძეც წავიდა "ევროპელებიდან" და ვითომ დამოუკიდებლად, აშკარად "დედაპარტიისთვის" საჭირო გზავნილებს ახმოვანებს, გიგა ბოკერიამ კი აღარ იცის რა ქნას - დამოუკიდებლობის თამაში გააგრძელოს, თუ ბოლოს და ბოლოს, შეუერთდეს სამშობლოში დაბრუნებულ სააკაშვილს...

მოგვიანებით, მესამე ძალის სტატუსისთვის "ბრძოლაში" გიორგი ვაშაძეც გააქტიურდა. "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი რეკლამაში საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავს. მისი ლექსიკა მოზომილი და გაწონასწორებულია (როგორც ჩანს, გარკვეული ტიპისა და ასაკის ადამიანებზე გათვლილი), უკანასკნელ არჩევნებზე კი საერთოდ "მესამე ძალაც“ კი დაირქვა, თუმცა მაინც "ნულოვანი შედეგი" მიიღო. ამას არც თუ ისე რთული ახსნა აქვს - "ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატიდან ვაშაძეს საკმაოდ ცოტა ამომრჩეველი "გადაჰყვა“, ხოლო "ქართული ოცნების“ 2012 წლისდროინდელი მხარდამჭერები ვერაფრით დაარწმუნა, რომ სრულად დამოუკიდებელია.

ცოტა სხვა ვითარებაა "გირჩის“ შემთხვევაში, რომელთა მზარდი რეიტინგი მაინცდამაინც წარსულ ან დღევანდელ პოლიტიკურ კუთვნილებას არ ეფუძვნება...

ამომრჩეველთა დამოკიდებულების კატალიზატორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები იყო - 1-პროცენტიანი ბარიერის პირობებში, საქართველოს მოსახლეობამ პატარა პარტიებს არსებობის შესაძლებლობა მისცა, მათ კი ეს შანსი არ/ვერ გამოიყენეს და ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობა“ ადრინდელი ფორმით აღადგინეს - ჰქონდათ საერთო მოთხოვნები, რაც არჩევნების გაყალბების გამო საპარლამენტო ბოიკოტს გულისხმობდა. საბოლოოდ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყველა სუბიექტი ვიხილეთ, პატარა პარტიებმა, სამწუხაროდ, ამ პროცესში დაკარგეს დამოუკიდებელი მოთამაშეების რენომე, შესაბამისად, მათი რეიტინგი გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა.

მესამე ძალად ჩამოყალიბების მოლოდნი მაინც ყველაზე მეტად მამუკა ხაზარაძის "ლელოს“ მიმართ იყო, თუმცა მათთვის ეს ძალიან მძიმედ ასაწევი "საჯილდაო ქვა" აღმოჩნდა. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ პარტიაში არაერთმა გონიერმა და წესიერმა ადმიანმა მოიყარა თავი, მაგრამ სხვა არაერთ მიზეზთან ერთად, ზოგადად ქვეყანაში ბანკებისა და ბანკირების მიმართ ნეგატიურმა დამოკიდებულებამ, დიდწილად შეუშალა ამ ძალას გაძლიერებაში ხელი, მაგრამ მთავარი პრობლემა მათთვისაც იქცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პროცესები, როდესაც ისინი მთლიანად შთანთქა "ნაციონალური მოძრაობის" მესიჯბოქსმა, შესაბამისად, მათი შედეგი საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით აშკარად გაუარესდა.

პარლამენტში თავიდანვე რომ შესულიყვნენ და საკუთარი ნიშა დაეკავებინათ, სავარაუდოდ, უკეთეს შედეგს მიიღებდნენ. დიდი ალბათობით, შეშინდნენ, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ ოპოზიციურ ამომრჩეველს მათთვის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის იარლიყი არ მიეწებებინა. მაგრამ ამის საშიშროება ხაზარაძეს ყველაზე ნაკლებად ჰქონდა, ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნის და ხელისუფლებასთან მძაფრი დაპირისპირების გათვალისწინებით. "ლელომ", სამწუხაროდ, თავისი შანსი გაუშვა...

2017 წლის თბილისის მერის არჩევნებზე ალექსანდრე ელისაშვილმა 17.48% -იანი მხარდაჭერა მიიღო. მასში სხვადასხვა გემოვნების ამომრჩეველმა დამოუკიდებელი ფიგურა დაინახა, რომელიც მინიმალური რესურსებით იბრძოდა. ის შედეგი, რაც ელისაშვილის პარტია "მოქალაქეებს" 4 წლის შემდეგ (ისევ ადგილობრივ არჩევნებში) აქვს, როცა, ფაქტობრივად, პულსი არ ესინჯება, დიდწილად იმის ბრალია, რომ ამ ძალამ დამოუკიდებელი სუბიექტის იმიჯის განმტკიცება ვერ მოახერხა (თუმცა, სხვა მიზეზებიც არსებობს)...

თავიდან მესამე ძალაზე მოთხოვნას ალღო ყველაზე უკეთ "პატრიოტთა ალიანსმა“ აუღო, ეს ძალა სააკაშვილის მკვეთრ ოპონენტად პოზიციონირებს დღემდე. მათ 2016 წელს ბარიერის გადალახვა მოახერხეს (5.01%). მომდევნო (2020 წლის) არჩევნებზე ეს რიცხვი უფრო ცოტა (3.14%) იყო. მათი ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი, დიდი ალბათობით, "ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდა, რადგან პოლიტიკაში ისევ შემოაბრუნეს და იმჟამად თავდაცვის მინისტრად დანიშნეს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კონსერვატორული ღირებულებების ამომრჩეველს ძალიან მოსწონს. თუმცა ამ ძალას 10%-ზე მეტი მხარდაჭერის მიღების თეორიული შანსიც კი არასდროს ჰქონდა, მათი პრორუსული განწყობების გამო.

რაც შეეხებათ პარტიებს, რომლებიც "ქართული ოცნებიდან“ წამოვიდნენ და დამოუკიდებლად თამაში სცადეს. ყველაზე ახლოს წარმატებასთან მაინც 2016 წლის არჩევნებზე ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" იყვნენ, ამ ძალას 5 -პროცენტიანი ბარიერის გადალახვამდე სულ მცირედი (4.63% ჰქონდა) დააკლდა, თუმცა ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ამ პარტიის "მზეც ჩაესვენა".ხ

"ქართული ოცნებიდან“ დამოუკიდებლად მოღვაწეობის გადასვლის შემდეგ, სხვა სუბიექტებზე მსჯელობა, მათი შედეგებიდან გამომდინარე, არც კი ღირს.

  • და დადგა გიორგი გახარიას დრო...

სხვადასხვა დროს "ქართული ოცნების" ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, შს მინისტრი, პრემიერი გიორგი გახარია სულ რაღაც თვეები, რაც ოპოზიციაში წავიდა და თავისი პარტია "საქართველოსთვის" დააარსა და პირველივე არჩევნებზე მან შეძლო მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიღება თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ ნაწილში და ერთ მუნიციპალიტეტში მისი კანდიდატი მეორე ტურშიც კი გავიდა.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა არის გახარიას წარმატების საფუძველი?

პირველი ის ალბათ, რომ მიუხედავად იმისა, "ქართული ოცნება" გამუდმებით ამტკიცებდა, - გახარია ალიანსშია "ნაციონალურ მოძრაობასთანო", ეს ნაკლებად დაიჯერა იმ ამომრჩეველმა, რომელსაც "ქართული ოცნება" აღარ მოსწონს, მაგრამ მისთვის "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო მიუღებელია. "ნაციონალების" მტკიცება, - გახარია ივანიშვილის ახალი პროექტიაო, შეიძლება მას უფრო მეტად წაადგა, ვიდრე დააზიანა, რადგან "ქართული ოცნების" ელექტორატის ნაწილი კვლავაც ივანიშვილის ერთგულია, მაგრამ "ქართული ოცნების" ახლანდელი მმართველობა არ ეპიტნავება...

მოკლედ, "ოცნებაზე“ გულაცრუებულ ამომრჩეველს გაუჩნდა განცდა, რომ მეტ-ნაკლებად ისეთ პოლიტიკურ ფიგურას მიაგნო, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავდა ისე, რომ წყალს "ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე არ დაასხამდა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ პროცესები გარკვეულწილად, ისევ ორპოლუსიანი გახადა, რამაც ყველაზე მეტად გახარიას ახლადშექმნილი პარტია აზარალა, დიდი ალბათობით, მისი მხარდაჭერა სააკაშვილის ფაქტორის გარეშე, შესაძლოა ორნიშნაც კი ყოფილიყო. შესაძლოა, სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური ძალის სუნთქვა ისე მძაფრად იგრძნო ზურგში, რომ პირველი ოპოზიციური ძალის სტატუსის დაკარგვის შეეშინდა და ამიტომაც გადაწყვიტა ქვეყანაში ჩამოსვლა...

მიუხედავად ამ ფონისა, გახარიამ გარკეულ წარმატებას მაინც მიაღწია. გახარიას მხარდამჭერთა გადაწყვეტილებას მეორე ტურში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება. გარდა ამისა, უკვე არჩეულ საკრებულოებში მათი როლი პატარა სულაც არაა, თუმცა ეს პროცესი ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს და პარტია "საქართველოსთვის" რეიტინგის შენარჩუნება/გაზრდა უამრავ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. დაველოდოთ, საპარლამენტო არჩევნებამდე რა შეიცვლება.

საბოლოოდ, ასეთ ვითარებას ვიღებთ - ამომრჩეველს გააზრებული აქვს, რომ ორპოლუსიანობა იმ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, არ შეიძლება კარგის მომტანი იყოს ქვეყნისთვის. აშშ-ს ორპარტიულობის მაგალითის მოყვანა ნაკლებად გამოგვადგება, რადგან ჩვენთან მხარდაჭერა მხოლოდ ლიდერების ირგვლივ, მყარი იდეოლოგიების გარეშე ხდება.

მიუხედავად ამისა, ვითარებიდან გამომდინარე, სიტუაცია ხშირად მაინც ორ ძალას შორის დილემამდე დაიყვანება. მითუმეტეს, თუკი არჩევნების მეორე ტური იმართება. ევროპული პრაქტიკით, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ოპოზიციონერთან პირისპირ რჩება, გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს, რადგან მის წინააღმდეგ ნეგატიური დამოკიდებულება მეტად მუშაობს. ჩვენთან ეს, ფაქტობრივად, პირიქით ხდება. საპრეზიდენტო თუ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურები აქამდე იმას ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციურ ძალის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უფრო დიდია.

ამ ვითარებაში, მომავლის კონტურები მაინც ასე შეიძლება გამოიკვეთოს - მიხეილ სააკაშვილს იდეური მხარდამჭერები სტაბილურად ჰყავს, ამ რეიტინგს საფრთხე ნაკლებად ემუქრება, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება სააკაშვილის პატიმრობა რამდენ ხანს გაგრძელდება და ზოგადად, ექსპრეზიდენტის გარშემო პროცესი როგორ განვითარდება. თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულმა აქციამ, რომელიც 2012 წლის შემდეგ ყველაზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია იყო, აჩვენა, რომ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლის გავლენა პოლიტიკურ პროცესზე იმაზე მასშტაბური შეიძლება გამოდგეს, ვიდრე ამას ხელისუფლების სპიკერები წარმოადგენენ.

თუ პროცესების კიდევ უფრო მეტად რადიკალიზაცია არ მოხდა, ის ამომრჩევლები, რომლებიც ისეთი ძალის ძიებაში არიან, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას რომ გამორიცხავს, სავარაუდოდ, გახარიას ირგვლივ გაერთიანდებიან.

ყოველივე ეს "ქართული ოცნების" რეიტინგის კლებას ავტომატურად გამოიწვევს. ამის გარდა, ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომლებიც "შუაში" იყო, მაგრამ ორი არჩევანის შემთხვევაში მაინც ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პარტიისკენ იხრებოდა, სავარაუდოდ, კვლავაც პარტიის "საქართველოსთვის" მხარდამჭერთა რიგებს გაზრდის.

მესამე ძალად ჩამოყალიბების წარსული წარუმატებელი მცდელობების მაგალითზე, გახარია, სავარაუდოდ, ხვდება, რომ ერთი შეცდომაც კი შეიძლება ძვირად დაუჯდეს, ამიტომ ის განცხადებებს დიდი სიფრთხილით ეკიდება.

ყველა შემთხვევაში, პროცესები ქვეყანაში, წესით, საკმაოდ საინტერესოდ უნდა განვითარდეს. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დაბალი ბარიერი აღარ იქნება და პატარა პარტიებმა, ალბათ, ისევ გაერთიანების გზა უნდა აირჩიონ. ამ გადასახედიდან საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას მაქსიმუმ 4 პარტია თუ შეძლებს, თუმცა ვნახოთ...

ავტორი: ღვთისავარ ანთაძე