ავტორი:

"ჰქონდა წნევის ცვალებადობა, თუმცა საერთო ჯამში, თავს გრძნობს მხნედ" - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ჰქონდა წნევის ცვალებადობა, თუმცა საერთო ჯამში, თავს გრძნობს მხნედ" - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა წნევის ცვალებადობა, თუმცა საერთო ჯამში, მისი ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე თავს გრძნობს მხნედ. აპირებს, რომ ასე გააგრძელოს, ვიდრე ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მოწადინებულია, რომ თავად ჩავიდეს შეხვედრების ოთახში და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ნიშნავს, რომ მას გადაადგილება არ შეუძლია.

"მე-18 დღეა რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, დღითიდღე საერთო სისუსტე მოიმატებს და შიმშილობის უარყოფითი მხარეები მის ჯანმრთელობაზე აისახება. ბოლო დღეებში მას ჰქონდა წნევის ცვალებადობა, თუმცა საერთო ჯამში, მისი ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე თავს გრძნობს მხნედ. აპირებს, რომ ასე გააგრძელოს, სანამ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება. სპეციალისტებსაც უკვირთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ვინაიდან მე-18 დღეს შესაძლებელია უფრო რთული მდგომარეობა ყოფილიყო ჯანმრთელობის კუთხით, რომ არა მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე.

მიხეილ სააკაშვილი მოწადინებულია, რომ თავად ჩამოვიდეს შეხვედრების ოთახში. დღეის მდგომარეობით მას ამის საშუალება აქვს, პრობლემები გადაადგილებასთან არ ნიშნავს, რომ მას გადაადგილება არ შეუძლია, უბრალოდ ვერ გადაადგილდება ისე, როგორც აქამდე გადაადგილდებოდა”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ექიმების კონსილიუმის მოწვევას, ადვოკატის თქმით, სააკაშვილს კონსილიუმთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს.

„კონსილიუმთან დაკავშირებით არ აქვს განსაკუთრებული მოლოდინები და დიდად არ აინტერესებს ეს საკითხი”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.