მარკ ცუკერბერგმა ახალი ონლაინპროდუქტის "მეტავერსის“ შექმნა დააანონსა - ეს იქნება ონლაინსივრცე, რომლის მომხმარებლებსაც შეეძლებათ ითამაშონ, იმუშაონ და ეკონტაქტონ ერთმანეთს ვირტუალურ გარემოში, VR (ვირტუალური) სათვალეების დახმარებით.
"მეტავერსი" აღწერილია, როგორც ვირტუალური გარემოს ქსელი, რომელიც ყოველთვის აქტიურია. ამ გარემოში ადამიანებს შეუძლია ერთმანეთთან ურთიერთობა საკუთარი ვირტუალური წარმოდგენების (ავატარების) გამოყენებით. ექსპერტები აღწერენ მას, როგორც მასიურად მულტიპლიკატორული ონლაინროლური თამაშების, ვირტუალური რეალობის და ინტერნეტის კომბინაციას. ეს კონცეფცია აღებულია სამეცნიერო ფანტასტიკისგან და მას ტექნიკური სექტორი წარმოადგენს, როგორც ამჟამინდელი ინტერნეტგარემოს მემკვიდრეს.
რაც შეეხება ტერმინს, 1992 წელს გამოცემულ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანში "ზვავი“ მისი ავტორი, ნილ სტივენსონი წარმოსახვაში "მეტავერსს“ შექმნის, რომელშიც გმირები თავიანთ ინტერაქტიულ ვირტუალურ სამყაროში მოქმედებენ.
2011 წელს გამოცემულ რომანშიც "პირველო მოთამაშევ, მოემზადე!“ რომელიც მოგვიანებით სტივენ სპილბერგის ფილმად იქცა, ავტორი ერნესტ კლაინი, ასევე რაღაც მსგავსს წარმოიდგენს ვირტუალური "ოაზისის“ სახით, სადაც ადამიანებს ანტიუტოპიური ტერორიდან თავის დაღწევა, ადამიანური ცხოვრება, მუშაობა და თამაში შეუძლიათ.
"მეტავერსს" აქვს პოტენციალი, რომ გზა გაუხსნას ახალ კრეატიულ, სოციალურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ამაში კი ევროპელებიც მიიღებენ მონაწილეობა ", - წერს "ფეისბუქის" ადმინისტრაცია. მათივე ინფორმაციით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოთხოვნა იქნება მაღალკვალიფიციურ ინჟინერებზე. წინასწარი ინფორმაციით, "ფეისბუქი“ევროპის 10 000 მოქალაქის დასაქმებას გეგმავს.
კომპანია აცხადებს, რომ "მეტავერსი" მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია.
"მეტავერსი" ერთ ღამეში ვერ გაკეთდება მხოლოდ 1 კომპანიის ძალებით“, - ამბობენ "ფეისბუქში" და პირობას დებენ, რომ ითანამშრომლებენ სხვა კომპანიებთანაც.
როგორც ცნობილი გახდა, ამ პროექტის განხორციელებისთვის უკვე 50 მილიონია ინვესტირებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ იდეის სრულად განხორციელებას 10-15 წელი დასჭირდება.
კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ "ფეისბუქის" ეს წამოწყება ბოლო თვეებში მომხდარი სკანდალებისგან ყურადღების გადასატანადაა მოფიქრებული და კომპანიას შელახული რეპუტაციის აღდგენა სურს. საქმე ისაა, რომ, "ფეისბუქის" შიდა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ "ინსტაგრამი" (რომელიც "ფეისბუქს" მიეკუთვნება) არასრულწლოვნების ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მიუხედავად ამისა, "ფეისბუქმა" არ ისურვა ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის გაეზიარებინა და დამალა კვლევის შედეგები. წყარო
მოამზადა ანა სიბოშვილმა