ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსილიუმი ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თხოვნით შეიკრიბება დღეს.
"მე არ ვარ ჩართული თვითონ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვაში, ვინაიდან ამის უფლებამოსილება მე არ გამაჩნია, კონსილიუმი მსჯელობდა. მათთან გასაუბრების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო და რამე რისკები არ შეინიშნებოდა. თუმცა, მისი პირადი ექიმის თხოვნით კონსილიუმი დღეს შეიკრიბება და უკვე იმის მიხედვით იმოქმედებენ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ შეხვედრის შემდეგ. ჯგუფი მზად არის აქტიური მონიტორინგი აწარმოოს პაციენტისთვის, მნიშვნელოვანი არის ექიმების აქტიური ჩართულობა. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული რგოლი ნაკლებად ჩართული იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ ექიმებს იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ პაციენტის უსაფრთხოება“, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.