თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლული ქალის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე Ambebi.ge-სთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად შეკვეთილ მკვლელობას განიხილავს და ამ ეტაპზე ადგენენ, ჰქონდათ თუ არა კავშირი მკვლელებს ბათუმის ყოფილ ვიცე-მერ, ზურაბ ბერიძესთან, რომელთანაც შატალოვას მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებული დავა ჰქონდა.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავთ სამი პირი, რომელთაგანაც ორი მკვლელობისთვის დააკავეს, ხოლო ერთი - დანაშაულის დაფარვისთვის.
სამართალდამცველებმა კი მათი ადგილმდებარეობა და მარშრუტი სათვალთვალო კამერების საშუალებით დაადგინეს. აღსანიშნავია, რომ შსს-ში დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ.
ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა წუხელ, გვიან ღამით მოკლეს. მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განხრაზ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, შატალოვას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდა. ბერიძის საცხოვრებელ სახლში დღეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.