ავტორი:

"დაკავებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიციის მიმართულებით "ლიმონკა" გააგორა" - შატალოვას საქმის ახალი დეტალები: როგორ აიყვანეს ეჭვმიტანილები?

"დაკავებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიციის მიმართულებით "ლიმონკა" გააგორა" - შატალოვას საქმის ახალი დეტალები: როგორ აიყვანეს ეჭვმიტანილები?

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი სამართალდამცველებმა გუშინ საღამოს დააკავეს და ოფიციალურ ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სამივე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ადვოკატების თქმით, არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. როგორც გაირკვა, ეჭვმიტანილები გლდანში, ვინმე ჯაბაევის სახლში იმალებოდნენ.

დაკავებულია ბინის მეპატრონე ჯაბაევი, ბიძინა ხასია, რომლის ავტომობილითაც დაკავებული პირები გადაადგილდებოდნენ და ასევე, წარსულში ნასამართლევი ბექა ლატარია. სავარაუდოდ, სწორედ მან ესროლა იარაღიდან რამდენჯერმე ანასტასია შატალოვას. რა გახდა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა დაკვეთილია და გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობს.

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის დეტალები.

როგორც სანდო წყარო გვიყვება, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილების კვალს სათვალთვალო კამერების საშუალებით მიაგნეს და ისინი ჯაბაევის ბინაში აიყვანეს.

"ლატარია დუმილის უფლებას იყენებს. ბინის მეპატრონე (ჯაბაევი) ამბობს, რომ საქმის ირგვლივ არაფერი იცის. რაც შეეხება ხასიას, მას უთქვამს, რომ მან ამ საქმის შესახებ არაფერი იცოდა, ლატარიამ მძღოლად წამიყვანაო.

სავარაუდ]ოდ, მკვლელობის მოტივი ანგარიშსწორება უნდა იყოს და საქმე დაკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს, გამოძიება ამ კუთხით უფრო აქტიურად მუშაობს. ბერიძემ კი თქვა, 6 თვეა არ მინახავს შატალოვაო, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ყოფილი ვიცე-მერი დაკითხულია და მისი ბინიდან ამოღებულია ტექნიკა. რეალური კვალი ჯერ არ მიდის დამკვეთამდე, თუმცა გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად ბათუმის თემას ვარაუდობს, ამ ეტაპზე სხვა მოტივი არ იკვეთება" - უყვება AMBEBI.GE-ს წყარო.

მისივე ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელმა ბექა ლატარიამ დაკავებისას ლამის 6 ოპერმუშაკის სიცოცხლე იმსხვერპლა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მათი მიმართულებით გახსნილი "ლიმონკა" გააგორა ოთახში, თუმცა, საბედნიეროდ, ხელყუმბარა არ აფეთქდა.