ავტორი:

"სულ მცირე ბზარიც რომ გაჩნდეს, ხუხულასავით შეიძლება ყველაფერი თავზე ჩამოენგრეთ" - ექსპერტები მმართველი გუნდის ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე

"სულ მცირე ბზარიც რომ გაჩნდეს, ხუხულასავით შეიძლება ყველაფერი თავზე ჩამოენგრეთ" - ექსპერტები მმართველი გუნდის ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე

"ქართული ოცნების“ კონსტრუქცია - ხელისუფლების ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი და ძალაუფლების უზურპაცია იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე ბზარიც რომ გაჩნდეს, ხუხულასავით შეიძლება ყველაფერი თავზე ჩამოენგრეთ - სწორია, რომ შიში აქვთ, ასეთი მანკიერი სისტემის პირობებში ნებისმიერმა ბზარმა შეიძლება გამოიწვიოს მთლიანად ყველაფრის დამსხვრევა", - ასე შეაფასა "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ მეორე ტურში აუცილებლად უნდა გამოირიცხოს რისკი, რომ მათმა ოპონენტმა ერთ მუნიციპალიტეტში მაინც რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რადგან ეს იქნება რევოლუციური შტაბი.

მანვე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისთვის“ მთავარია ძალაუფლება და არა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება.

  • გია ხუხაშვილის განცხადებით, სახელმწიფოებრივად უმჯობესია მეტი პოლიტიკური ბალანსი იყოს, რადგან ეს დააზღვევს სახელმწიფოს კორუფციისგან, ნეპოტიზმისგან და სხვა მანკიერებებისგან.

"ეს არის ღრმად ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკურ ბალანსზე და ურთიერთკონტროლზეა ხელისუფლება აგებული, მაგრამ "ქართული ოცნების“ კონსტრუქცია - ხელისუფლების ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი და ძალაუფლების უზურპაცია ნიშნავს იმას, რომ სულ მცირე ბზარიც რომ გაჩნდეს, ხუხულასავით შეიძლება ყველაფერი თავზე ჩამოენგრეთ.

ეს იციან კარგად და ამიტომ ცდილობენ შეინარჩუნონ აბსოლუტური ძალაუფლება და სწორია, რომ შიში აქვთ, რომ ასეთი მანკიერი სისტემის პირობებში ნებისმიერმა ბზარმა შეიძლება გამოიწვიოს მთლიანად ყველაფრის დამსხვრევა. მათი მმართველობითი სისტემის კონსტრუქცია კონსტრუქციული ხარვეზია ისეთი, რომ ვერ იტანს სულ მცირე დათმობასაც კი. ძალიან სევდის მომგვრელია და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას“ აბსოლუტური კონტროლის გარდა ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნა, მათთვის მთავარია ძალაუფლება და არა დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება ქვეყანაში. სახელმწიფოებრივად ჯობია, რომ მეტი პოლიტიკური ბალანსი იყოს, რა თქმა უნდა, რადგან ჩნდება პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი და შესაბამისად, ეს აზღვევს სახელმწიფოს კორუფციისგან, ნეპოტიზმისგან და კიდევ სხვა მანკიერებებისგან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ "ქართული ოცნება“ აბსოლუტურ ძალაუფლებაზეა აგებული, მათთვის, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული საფრთხე“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა "იმედის“ განცხადებას, რომ ტელეკომპანია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და აღნიშნა, რომ ეს გამართლების მცდელობაა და რეალურად ისინი ხელისუფლებას ემსახურებიან.

"ხომ ვერ გვეტყვიან აქამდე რა რეჟიმში მუშაობდნენ? რეალურად მათი "ანტინაციონალური მოძრაობის“ სარედაქციო პოლიტიკის გამოცხადება ეს არის ფარსი და ფარისევლობა. ისინი "ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ კი არ არიან, ვითომ ამის მიზეზები, რომ აქვთ 2007 წლის მოვლენები და იმ ჟურნალისტებისგან იქ ბუნდღა რომ აღარ არის დარჩენილი, ვინც მაშინ რეალურად დაზარალდა, არამედ ეს არის უბრალოდ გამართლების მცდელობა. ეს არის წმინდა სახელისუფლებო პროპაგანდის უხარისხოდ ვითომ-ვითომ შეფუთვის მცდელობა, რომ ნაცებს ებრძვიან. "ნაცებს“ კი არ ებრძვიან, ხელისუფლებას ემსახურებიან, მეტი არაფერი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ იმ ისტორიული შანსის ამოძირკვა უნდა, რომელიც 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურის დანიშვნამ შექმნა.

როგორც მან არჩევნების მეორე ტურში ოპონენტების გამარჯვების რისკის დაზღვევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, მამუკა მდინარაძის ფრაზა სრულად აცდენაშია დემოკრატიის იმ ხედვასთან შედარებით, რა ხედვაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს და მის ქვეყანას აქვს.

„საფუძველი რაც მეორე ტურის შემდეგ ამ ქვეყანაში უნდა ჩაიყაროს, ეს არის რეალური ევროპული და ამერიკული დემოკრატია, როდესაც შესაძლებლობაა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში იყოს ერთი პოლიტიკური პარტია, ადგილებზე მართავდეს და ადგილობრივ თვითმმართველობებში წარმოდგენილი იყოს სხვა პოლიტიკური პარტია ან პარტიათა კოალიცია. ამის ამოძირკვა უნდა, ამ ისტორიული შანსის, რომელიც ამ მოცემულობამ შექმნა, 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურის დანიშვნამ. „ქართულ ოცნებას“ ისტორიული მოცემულობის ამოძირკვა უნდა.

რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლების გზას, მე მიმაჩნია, რომ მეორე ტურის შედეგები ამ თვალსაზრისით იქნება არსებითად მნიშვნელოვანი. თუკი ოპოზიციამ შეძლო დიდ ქალაქებში კონტროლის შენარჩუნება ან აღება, იქ სადაც საკრებულოები არის აპრიორი ოპოზიციური და გავიდნენ ოპოზიციონერი მერები, ასეთ შემთხვევაში, ეს შეიძლება გახდეს ხელშემწყობი ფაქტორი სააკაშვილის გათავისუფლების“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, გუშინ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უნდა გამოირიცხოს რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც მათმა ოპონენტმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რადგან ეს რევოლუციური შტაბი იქნება.

ამასთან, ტელეკომპანია "იმედმა“ გაავრცელა განცხადება, რომ "იმედი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და საინფორმაციო ეთერი, პოლტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა მორალური ზიანი მიაყენა.