ავტორი:

"სააკაშვილს სასამართლოზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება მიეცეს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი გათავისუფლდეს" - სალომე სამადაშვილი

"სააკაშვილს სასამართლოზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება მიეცეს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი გათავისუფლდეს" - სალომე სამადაშვილი

საპარლამენტო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება მიეცეს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი, გათავისუფლდეს და სასჯელი გადაუვადდეს.

ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააჟღერა.

ამასთან, მისივე განცხადებით, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ყოფილი მაღალი პოლიტიკური პირების მიმართ დევნის დაწყებას შეეხება.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, ის პატიმრობაშია და ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზა, გამოსავალი იმისთვის, რომ მას მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და არა მურუსიძის სასამართლოსი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ რადგან მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია მისი თანამონაწილეობის გარეშე და ევროპული კონვენცია ითვალისწინებს, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს, განვიხილოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაადგენს, რომ ერთი - მიეცეს მსჯავრდებულს უფლება გაასაჩივროს გამოტანილი განაჩენი იმ მიზეზით, რომ ის არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს და მეორე - განვიხილოთ ცვლილება, რომ ეს პირი სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებამდე გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გადავადდეს მისი მსჯავრის მოხდის პროცესი.

ამაზე დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მსჯელობა. ამ ვითარების იგნორირება გამოსავალი არ არის. ასევე, საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც შეეხება ყოფილი მაღალი პოლიტიკური პირების მიმართ დევნის დაწყებაზე. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, გჯერათ თუ არ გჯერათ, ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება და მურუსიძის სასამართლოს ხელში თქვენ აღმოჩნდებით, მმართველ გუნდს მივმართავ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილმა გამოსვლისას მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ ის, რაც ამ ქვეყანაში ახლა ხდება აისბერგის წვერია და ყველა ერთად სრული კრახისკენ ძალიან სწრაფად მივექანებით.

"ძალიან სევდიანი დღეა დღეს საქართველოს პარლამენტში. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფად მიექანება მორიგი კატასტროფისკენ, საქართველოს პარლამენტის წევრებს მიაჩნიათ, რომ დღეს უნდა ისაუბრონ ვიღაცის დასრულებაზე. ვის ასრულებთ ბატონებო და ქალბატონებო - ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს? მათ ეუბნებით, რომ არსებობის უფლება არ აქვთ? და ბოროტება რომ დასრულდეს ქვეყანაში ისინი უნდა დასრულდნენ? ამას ეუბნებით იმ ათიათასობით ადამიანს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და გეუბნებათ, რომ არ მიიღებს უსამართლო თამაშის წესებს.

ამას ეუბნებით კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც გეუბნებათ, რომ ქვეყანა, სადაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი არის საპატიმროში და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს. თქვენ ვერ ხვდებით, რომ ის, რაც ახლა ხდება ამ ქვეყანაში, ეს აისბერგის წვერია და ძალიან სწრაფად, ყველა ერთად მივექანებით სრული კრახისკენ. ამ ნავში ყველანი ერთად ვსხედვართ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა და შეხედულებებისა. დღეს ჩვენი სახელმწიფო დგას უმწვავესი გამოწვევის წინაშე და გაიხსენებთ ამ დღეს პარლამენტში, გაიხსენებთ თქვენ გამოსვლებს და შეგრცხვებათ საკუთარი შვილების, შემდეგი თაობების, რომ ამ ისტორიულ მომენტში თითოეულმა თქვენგანმა ვერ იპოვა შინაგანი ძალა, რომ დამდგარიყო ზიზღზე მაღლა და ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესები სიძულვილზე წინ დაეყენებინა. მიკვირს, როგორ აპირებთ თვალებში შეხედოთ თქვენ შვილებს, - განაცხადა სამადაშვილმა.