ავტორი:

"უტიფარო, შენ რამე ხომ არ გეშლება?!" - ხმაური და გაწევ-გამოწევა პარლამენტში

"უტიფარო, შენ რამე ხომ არ გეშლება?!" - ხმაური და გაწევ-გამოწევა პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის განცხადებამ ოპოზიციის მისამართით სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

დაპირისპირება ფიზიკურ გაწევ-გამოწევამდე მანდატურებისა და თავად დეპუტატების ჩარევის შედეგად არ მისულა.

ღუდუშაურმა სიტყვით გამოსვლისას თავდაპირველად სალომე სამადაშვილს მიმართა და წინა ხელისფლების მანკიერი მხარეები გაახსენა. შემდეგ მან შალვა შავგულიძეს მიმართა გაეხსენებინა, თუ როგორ და რა პირობებში უწევდათ ადვოკატებს მსჯავრდებულების მონახულება. ალუდა ღუდუშაურმა ასევე მამუკა ხაზარაძესაც მიმართა და წინა ხელისუფლების პერიოდში სესხების გაცემის პირობები გაახსენა, მათი მისამართით კი ტერმინი „უტიფარი“ გამოიყენა და განაცხადა, რომ ხალხს ყველაფერი ახსოვს.

ალუდა ღუდუშაურთან მისვლა და მისთვის პასუხის გაცემა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სცადეს, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მმართველი გუნდი სიძულვილის დათესვას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ.

"ალუდა ღუდუშაურთან დაკავშირებით სამწუხაროდ, არ მინდა, ის სიტყვები გავიმეორო, რომელიც თავში მაქვს. ეს არ არის პარლამენტი, ეს არის ადამიანთა შეკრება, რომელიც ერთი რამით არის დაკავებული - ამ ქვეყანაში დათესოს ძალადობა, შეურაცხყოფა, სიძულვილის ენა და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ. ესენი არ ლაპარაკობენ ხალხის საჭიროებაზე, იმაზე, თუ როგორ გამოვიდეს ეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან.

შესაბამისად, ალუდა ღუდუშაურმა პასუხიც მიიღო, მაგრამ ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც პარლამენტშია, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ ადამიანებს ვუპასუხო, რადგან ესენი არიან მართლა უტიფრები, რომლებსაც არ აქვთ არც შუბლის ძარღვი, არიან ტიპიური მონები, რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ ჯგუფი, არიან ტიპიური მონები ბიძინა ივანიშვილის და ასრულებენ დავალებას,“ - განაცხადა ხაზარაძემ.