ავტორი:

სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგი არ იქნება

სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგი არ იქნება

თითქმის 3 საათია მიხეილ სააკაშვილთან ექიმთა ჯგუფი იმყოფება. სპეციალურად შექმნილი კონსილიუმი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს.

როგორც ექსპრეზიდენტის უფლებადამცველებმა განაცხადეს, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგი არ იქნება.

"პირველ ყოვლისა უნდა დაველოდოთ კონსილიუმის გადაწყვეტილებას და თუ სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში ან საავადმყოფოში მოთავსება, ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ ჰოსპიტალიზაციის საკითხი 3-4 დღეში დადგება.

"რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, ავადმყოფური ფერი აქვს, მოტორიკა შენელებულია, რამდენადაც შევატყვე, უჭირს გადაადგილება. თუმცა, აბსოლუტურად, ჩემთვის პარადოქსულად, მისი მსჯელობა აბსოლუტურად უპრობლემოა, არავითარი ცვლილება არ ეტყობა მსჯელობას, აზროვნებას და კომუნიკაციას. რაც მთავარია, ოპტიმიზმი ძალიან მაღალ ხარისხშია, ბევრად მეტად, ვიდრე გარეთ. ყველაფერი ნორმალურად იქნება. თუმცა, ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში ალბათ დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.