საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი პროფილაქტიკური მიზნებით ჰოსპიტალში გადაიყვანონ.
როგორც კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა ექიმმა ზურაბ ფაღავამ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი კლინიკაში ინტენსიური დაკვირვებისთვის მოათავსონ.
"დავაყენეთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. დამთავრდა, ყველაფერი განვიხილეთ, რეკომენდაცია გავეცით. ეს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ ვინაიდან, გართულების ალბათობა მაღალია, იმისთვის რომ თავი დავიზღვიოთ რეკომენდაცია გავეცით, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს. ეს საათების საკითხი არ არის, თუმცა უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს“,- განაცხადა ექიმმა ზურაბ ფაღავამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან ექიმების შეხვედრისას მის ჰოსპიტალიზაციაზე საუბარი იყო, თუმცა ეს დღეს არ მოხდება.
როგორც ყიფშიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმები გაეცნენ სააკაშვილის ანალიზის პასუხებს, რომლის მიხედვითაც, მისი მდგომარეობა "განსაკუთრებით ცუდისკენ არ შეცვლილა“.
"გადაყვანის შესაძლებლობის თაობაზე საუბარი იყო, მაგრამ არა დღეს. აქ 3-4 საათის განმავლობაში გავეცანით ანალიზების პასუხებს. ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, რაზეც ვსაუბრობდი, არაფერი განსაკუთრებით უარესობისკენ არ შეცვლილა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ცნობისათვის, დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ექიმები შევიდნენ. მიხეილ სააკაშვილი მე-19 დღეა შიმშილობს.