ავტორი:

"3+3 ფორმატი" - რა ინტერესი აქვს 3 რეგიონალურ "ვეშაპს" სამხრეთ კავკასიაში და რატომ არ არის საქართველოს ადგილი ერდოღანის ინიცირებულ პროექტში?

"3+3 ფორმატი" - რა ინტერესი აქვს 3 რეგიონალურ "ვეშაპს" სამხრეთ კავკასიაში და რატომ არ არის საქართველოს ადგილი ერდოღანის ინიცირებულ პროექტში?

ბოლო ხანს, გახშირდა ლაპარაკი ე.წ. 3+3 ფორმატის შესახებ, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივაა და გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანისა და რუსეთის თანამშრომლობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ასეთ ფორმატში მონაწილეობა საქართველოსთვის "ძალიან ძნელი“ იქნება. მის ამ ნათქვამს კრიტიკა მოჰყვა, ბევრი მიიჩნევს, რომ მას უფრო მკაფიოდ უნდა ეთქვა, რომ ეს შეუძლებელია, მათ შორის არის საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი.

რეალურად, რას გულისხმობს "3+3 ფორმატი", არის თუ არა ეს ინიციატივა ამ ეტაპზე სერიოზულად განსახილველი და როგორი დინამიკა იქნებოდა აღნიშნულ ქვეყნებს შორის მისი განხორციელების შემთხვევაში? ამაზე AMBEBI.GE-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ესაუბრა.

"ამ ფორმატის იდეა ერდოღანმა, ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ გაახმაურა. შეიძლება ითქვას, რომ ისევ ჰიპოთეტურ სტადიაზეა და გულისხმობს, რომ შეიქმნას თითქოს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, სადაც იქნება ჩართული სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული და ამავე რეგიონით დაინტერესებული 6 ძირითადი მოთამაშე. 3 ქვეყანაა - ირანი, თურქეთი და რუსეთის ფედერაცია, და 3 რეგიონის სახელმწიფო - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. მე მგონი, პირველი, რაც ყურადღებას იპყრობს, როცა ამ "3+3 ფორმატს" წარმოიდგენ, უშუალოდ ასიმეტრიაა რეგიონულ აქტორებს შორის - ერთ მხარესაა 3 პატარა რეგიონული სახელმწიფო და მეორე მხარეს შეიძლება წარმოვიდგინოთ 3 რეგიონული მსხვილი ძალა, როგორც ასეთი. შესაბამისად, უკვე ის ფაქტი, რომ არსებობს ასეთი იდეა, იმთავითვე მიუთითებს იმას, რომ თანამშრომლობის ფორმატი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება სიმეტრიული და ემსახურება ძირითადად იმას, რომ წამოწეული იქნას დომინანტი რეგიონული აქტორების ინტერესები, შესაბამისად, მოხდეს ერთგვარი გავლენის სფეროების გადანაწილება რეგიონით დაინტერესებულ სამ ძირითად მოთამაშეს შორის.

ერთადერთი საერთო, რაც ამ სამ მსხვილ რეგიონულ აქტორს აქვს, არის, რომ არცერთი მათგანი არაა დაინტერესებული იმით, რომ დასავლური გავლენა ან ინტერესი წარმოდგენილი იყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ყველა რეგიონული მოთამაშე გამოირჩევა დასავლეთთან სპეციფიკური ურთიერთობით და ასევე, ყველა მოიაზრებს სამხრეთ კავკასიის რეგიონს ან მის ცალკეულ ნაწილებს, როგორც ერთგვარი ექსკლუზიური გავლენის სფეროს.

მაგალითად, რუსეთის ფედერაცია, შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხედავს გავლით დერეფანს ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით; თავის მხრივ, ირანი დაინტერესებულია ეკონომიკური დეიზოლაციის მიღწევით და ამ შემთხვევაში მისთვის საინტერესოა სომხეთი და საქართველოს მარშრუტი, ისევე, როგორც ამ მარშრუტის გავლით რუსეთის ფედერაციასთან კავშირი და კომუნიკაცია; ხოლო თურქეთისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონი გასაღებია, როგორც თავად კავკასიის რეგიონის შიგნით, ასევე კასპიის ზღვის აუზის სახელმწიფოების მიმართულებით, ანუ პრაქტიკულად სამივე ქვეყნისთვის არსებობს კონკრეტული ექსკლუზიური ინტერესი და მოცემულ რეგიონში საკუთარი ლიდერობის დაფიქსირება გარკვეული დოზით. ამ შემთხვევაში ვხედავთ იმას, რომ სამი ამ რეგიონული აქტორის ფონზე, რომელიც პროაქტიული მოთამაშეები არიან, მეორე სამი სახელმწიფო რჩება, როგორც რეაქტიული მოთამაშე, რომლის მოქმედებაც ძირითადად ამ სამი აქტორის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, იმთავითვე ეს ფორმატი განწირულია ასიმეტრიის ძალიან მაღალი ხარისხისთვის, აღარაფერს ვამბობ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე, მაგრამ თუნდაც იდეალურ შემთხვევაშიც კი აქ სახელმწიფოთა შორის ასიმეტრიულობის ძალიან მაღალი ხარისხი იქნება. იმავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდება ამ სახელმწიფოთა ინტერესების ხარჯზე დიდი რეგიონული მოთამაშეების პოზიციების გამყარება და საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის პრაქტიკული იმპლემენტაცია.

მეორე საკითხია, რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება იყოს თეორიაში ასეთი ფორმატი. იმთავითვე არსებობს რეგიონულ აქტორებს შორის ძალიან დიდი გამომრიცხავი გარემოებები, რაც ართულებს თანამშრომლობას. პირველი, რეგიონის დიდი მოთამაშეებიდან რომ დავიწყოთ, რუსეთისა და თურქეთის კონკურენციაა, რადგან რაც არ უნდა ილაპარაკოს ამ ორმა სახელმწიფომ ურთიერთობის სტაბილიზაციაზე, ნორმალიზებაზე, საერთო გადაკვეთის არეების ნახვაზე, ეს ორი სახელმწიფო რჩება სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვან კონკურენტებად. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ კავკასიის ეს სამი სახელმწიფო იქნება ამ ორი სახელმწიფოს დაპირისპირებისა და კონკურენციის პლატფორმა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ირანის საკმაოდ რთული და სპეციფიკური ურთიერთობები თურქეთსა და აზერბაიჯანთან და ამ შემთხვევაში გამოიკვეთა აზერბაიჯანულ-თურქული ღერძი, მეორე მხარეს კი გვაქვს ირანული ღერძი, რომელიც ცდილობს, ამ შემთხვევაში დაეყრდნოს სომხეთს და იმავდროულად, მოიზიდოს რუსეთის ფედერაცია; და არის რუსეთის ფედერაცია, რომლისთვისაც ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ყველა მიუღებელია; ამას ემატება საკმაოდ რთული ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, - აღნიშნავს გობრონიძე.

რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტის თქმით, საქართველოსაც არ აქვს ის პოზიცია, რომ ასეთ ფორმატში მონაწილეობისთვის მზად იყოს და მისთვის სასარგებლოდ აღიქვამდეს.

"თუ ვლაპარაკობთ, მაგალითად, რეგიონულ და ეკონომიკურ პროექტებზე, გეოეკონომიკურ გათვლებზე, სტრატეგიულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ამას, როგორც წესი, განიხილავენ სტრატეგიულ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად და ასე რომ ვთქვათ, ასეთი ნამდვილად არაა რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ცოტათი ალოგიკურია საქართველოს ჩართულობა ისეთ პროექტებში, სადაც ჩვენ გვიწევს სტრატეგიულ საფრთხესთან, ანუ რუსეთის ფედერაციასთან ერთად საუბარი სტრატეგიულ პროექტებზე.

საერთოდ არ მგონია, ეს ფორმატი უახლოეს პერიოდში სიცოცხლისუნარიანი გახდეს და ამაზე, სხვათა შორის, არ ვიცი, საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადებები რით იყო ნაკარნახები - მე იმედი მაქვს, რომ უბრალოდ, მან ვერ ახსნა სათანადოდ თავის პოზიცია, თუ რას გულისხმობდა, რადგან აქამდეც დაფიქსირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და იმავე, საგარეო საქმეთა მინისტრისგანაც პოზიცია, რომ მისთვის რუსეთთან ერთად ასეთ ფორმატში მონაწილეობა მიუღებელია.

თავის მხრივ კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე თურქეთის მიერ გამოითქვა მხარდაჭერა ნებისმიერი სამმხრივი ფორმატის მიმართ - იქნება ეს თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თუ სომხეთი, ანუ ნებისმიერი თანამშრომლობის ფორმატის მიმართ, რომელსაც საქართველო აირჩევს. ამ შემთხვევაში, როგორც ასეთი, არსებობდა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების - რეგიონში თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან და ასევე, პარტნიორ სახელმწიფოდ შეგვიძლია, მოვიაზროთ სომხეთის რესპუბლიკაც, მზაობა იმაზე, რომ საქართველო რუსეთთან კოლაბორაციაში ვერც ამ და ვერც სხვა ფორმატის ფარგლებში ვერ შევა, რადგან ჩვენ არ გვაქვს სამაგისო არც პოზიცია და არც მდგომარეობა, საქართველოს პოზიციას კი ამასთან დაკავშირებით პარტნიორი და რეგიონული სახელმწიფოები პატივს სცემდნენ.

აქედან გამომდინარე, აქ გასაგებია ყველაფერი და არც კი უნდა წამოწეულიყო ეს დისკუსია დღის წესრიგში. საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ფორმულირება, რომ საქართველოსთვის "რთულია“ რუსეთთან ერთად გეოპოლიტიკურ პროექტებში მონაწილეობა, არ არის სწორი, რადგან რთული კი არ არის, ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, არ მიკვირს, ამასაც რომ ამბობენ, რადგან დღეს ქართულ-რუსული ურთიერთობების პოლიტიკური განზომილება ფრჩხილებს გარეთ რომ გავიტანოთ და დავტოვოთ ეკონომიკური განზომილება, შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ ამაზე ახლო მეგობარი ქვეყანა არ გვყავს“, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი.

გიორგი გობრონიძის განმარტებით, მსგავს ფორმატში შესვლა სტრატეგიულ თანამშრომლობას გულისხმობს, რაც ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად სრულიად შეუძლებელია.

"ეს არის ფორმატი, სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ სტრატეგიული დონის პარტნიორობაზე უკვე და არა იმაზე, რომ სახელმწიფო, რომელიც შეთავსებით ოკუპანტია და შეთავსებით პასუხისმგებელია ქართველთა წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე, იმავდროულად ჩვენთან ერთადვე ჩართული იყოს რეგიონულ პროექტებში. ანუ, რა გამოდის, რომ ჩვენ პრაქტიკულად, ვახდენთ არსებული რეალიების, როგორც რუსები იტყვიან ხოლმე, აღიარებასა და ლეგიტიმაციას? ეს არ არის სწორი პოზიცია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მკაფიოდ უნდა იყოს დიპლომატიაშიც განსაზღვრული, სად გადის წითელი ხაზები. ძალიან მარტივია - იქნება დეოკუპაცია? იქნება თანამშრომლობა; არ იქნება დეოკუპაცია? არ იქნება თანამშრომლობა.

ძალიან მარტივი საკითხია - თურქეთს აინტერესებს თანამშრომლობა ამ ექვსმხრივი თანამშრომლობის ფორმატში? კი ბატონო, მაშინ დაგვეხმაროს, რომ ჯერ მოგვეხსნას ის მოცემულობა, რის გამოც ვერ ვახერხებთ ამ თანამშრომლობის ფორმატში ჩართვას. კი, ვთქვათ, ჩვენც გვინდა, რადგან რეალურად რომ შევხედოთ, საქართველოს ხომ არ აქვს ის მიზანი, რომ რუსეთთან იყოს მარადიულ დაპირისპირებაში? მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ რუსეთთან დაპირისპირებულები ვართ. ჩვენი ინტერესი იქნებოდა ან არის კიდევაც ის, რომ რუსეთი იყოს იმავე ტიპის მეზობელი საქართველოსთვის, როგორიცაა კანადა აშშ-სთვის, ამას არაფერი აჯობებდა, მაგრამ ასეთი მოცემულობა რომ არ არის, დაგვეხმარონ ამ მოცემულობის ცვლილებაში, აიძულონ რუსეთს, რომ მათ დაიხიონ უკან და კი ბატონო, ვითანამშრომლოთ“, - აღნიშნავს გობრონიძე.