მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში მისულებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს.
თათა დვალიშვილი "ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სეზონური გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით აცრისთვის მისი ოჯახის წევრებმა 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც შეეჭვდნენ და ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს.
"მეგობრებო, ამ კლინიკაში არც გაბედოთ მისვლა, ისედაც შეუჩერებენ საქმიანობას, ვაქსიგრიპზე (სეზონურ გრიპის ვაქცინით) აცრაზე ჩავწერე შვილი და დედა, დიდი ისტორიაა როგორ, მაგრამ მივაკვლიეთ, რომ ვაქცინის მაგივრად ბავშვს და დედას გაუკეთეს ც ვიტამინი. ავიღე ეჭვი, რადგან საბუთი და ყუთი არ მანახეს და როცა ბავშვის აცრა გადავიფიქრე, უცებ აუწიეს ხელი და დაარჭეს ნემსი. ჩავარდი შოკში და ავტეხე ამბავი, მივყევი ბოლომდე, ჩავრთე მთელი თბილისი, ჩემი ქმარი შევარდა და აღიარეს, რომ აცრეს ც ვიტამინით. ფულის გაკეთების მიზნით ითაღლითეს, ერთ ვაქცინაში 75 ლარი გადავიხადეთ. აცრა გააკეთა ვითომ იმუნოლოგმა ვინმე გიორგი ჩანდლერმა, რომელმაც ჩემი ქმრის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ აღიარა დანაშაული და გაიქცა უკანა კარიდან“, - წერს თათა დვალიშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ გოგელიას კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო. ამ ეტაპზე დაადგინდა ის, რომ კლინიკა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უნებართვოდ აწარმოებდა.
როგორც უწყებაში ambebi.ge -ს განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მათი წარმომადგენლები და ფაქტს იკვლევენ.
რეგულირების სააგენტოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ექიმი გიორგი ჩანდლერი, რომელსაც მოქალაქეები ადანაშაულებენ, 1 წლის წინ ყალბი ლიცენზიებით სარგებლობაში იყო შემჩნეული.
"აღნიშნული ექიმი (საუბარია გიორგი ჩანდლერზე) რამდენიმე სხვადასხვა სფეროში ყალბი სერტიფიკატების გამოყენებაში გვყავს შემჩნეული. 1 წლის წინ ჩვენ ამის თაობაზე მივმართეთ შსს-ს და როგორც ვიცი, საქმე აღიძრა. მომხდარზე დამატებითი დეტალების შესწავლა მიმდინარეობს", - გვითხრეს რეგულირების სააგენტოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იძიებენ ინფორმაციას გიორგი ჩანდლერის მიერ ყალბი დოკუმენტებით სარგებლობის შესახებ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.