ავტორი:

"ბათუმში ვარ და უეცრად დავინახე ხვეულთმიანი გოგონა, სალომე ღვინიაშვილი აღმოჩნდა" - ისტორია ქალზე, რომელმაც ყველაზე ცნობილი ქართველი მოდელები აღმოაჩინა

"ბათუმში ვარ და უეცრად დავინახე ხვეულთმიანი გოგონა, სალომე ღვინიაშვილი აღმოჩნდა" - ისტორია ქალზე, რომელმაც ყველაზე ცნობილი ქართველი მოდელები აღმოაჩინა

პანდემიამ ბევრი სფეროს მუშაობა შეაფერხა, მათ შორისაა, სამოდელო ბიზნესიც, რომელმაც ჯერ კიდევ დიდი წვალებით, მძიმე 90-იან წლებში სერიოზული ნაბიჯები გადადგა და ქართული მოდის სფეროში თამამი განაცხადი გაკეთდა. დღეს ქართულ მოდაზე ნატა სამადალაშვილის გახსენების გარეშე ვერ ისაუბრებ. ის პირველი ქართველი ქალია, რომელმაც საქართველოში სამოდელო სააგენტო ჯერ კიდევ 1994 წელს შექმნა, როცა ქვეყანა სამოქალაქო ომის, აფხაზეთისა თუ სამაჩაბლოს ტრაგიკულ იარებს იშუშებდა.

მაშინ ძნელი წარმოსადგენი იყო ქართულ პოდიუმზე ფიქრი. მან ეს შეძლო - სააგენტო "ნატალი" შექმნა, რომელმაც ქართული მოდის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა. იქ გაიზარდა ყველა ცნობილი ქართველი მოდელი და თითოეულის პედაგოგი ქალბატონი ნატა იყო. ეს გამორჩეული გემოვნების პროფესიონალი 2018 წელს, სამწუხაროდ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა... მისი აღზრდილია ჩვენში არაერთი ულამაზესი გოგონა, დღეს უკვე წარმატებული მოდელი. მან აღმოაჩინა - თაკო ჩხეიძე, თიკა ფაცაცია, კრისტი ყიფშიძე, სალომე ღვინიაშვილი, თამუნა გაბრიელაშვილი, თიკო ნატროშვილი, ლიკა ქორქია და ძალიან ბევრი...

ასე რომ, ქართულ პოდიუმზე უამრავმა ცნობილმა სახემ, სამოდელო კარიერა, წლების წინ, სწორედ მისი ხელშეწყობით დაიწყო. როგორც ვთქვით, სააგენტოს შექმნის იდეა უმძიმეს წლებში გაუჩნდა, რაც მეგობრებთან ერთად განახორციელა. ამით კი იმ რთულ პერიოდში უნდოდა, გოგონებისთვის საშუალება მიეცა, როგორც მოდელებს თავი დაემკვიდრებინათ. ასე რომ, მაშინ ყველამ ერთად შეძლო სტერეოტიპის ("ქართველი გოგო პოდიუმზე "ტეხავს") დამსხვრევა, რაც იმ დროისთვის მოდელის პროფესიასთან დაკავშირებით არსებობდა...

ქალბატონი ნატა გოგონებს საკუთარი მეთოდით ეხმარებოდა, ესწავლათ არა მარტო სიარული, არამედ ყველაფერი, რაც სრულყოფილი ქალისთვისაა საჭირო. მისი დევიზი იყო - "მოდელებმა მხოლოდ საკუთარი სილამაზე კი არა, ინტელექტიც უნდა აჩვენონ!" თუმცა ბევრი წლის განმავლობაში მას მასობრივად სახეზე არც იცნობდნენ, თუმცა მისი სააგენტოს ლამაზი და ნარჩევი გოგოები საოცრად პოპულარულები იყვნენ. მათ გარეშე არც ერთი დიზაინერის ჩვენება არ იმართებოდა. დიდი პრესტიჟი იყო, თუ "ნატალის" გოგონები მათ ახალ კოლექციას წარმოადგენდნენ.

"ამ საქმემდე ალბათ ღმერთმა მიმიყვანა. შემდეგ სამოდელო სფეროში მუშაობა ნარკოტიკად გადაიქცა... შემოქმედი ნატურა ვარ და მიყვარს შექმნა. ამიტომ ადრე როგორც სცენაზე ვქმნიდი, ახალგაზრდებთანაც ისევე ვმუშაობ", - აღნიშნავდა ნატა სამადალაშვილი. სცენაზე ვქმნიდიო, როცა ამბობდა, ამაში იმას გულისხმობდა, რომ ამ სფეროში ხელოვნებიდან და დიდი გამოცდილებით მოვიდა.

  • კარიერის დასაწყისი და ქართული მოდის სათავეები

გასული საუკუნის 70-იან წლებში თბილისში მხოლოდ ერთი "მოდელების სახლი" არსებობდა, რომელიც ქართული მოდის, კულტურისა და სამოსის ცენტრი გახლდათ. ახალგაზრდა ნატა იქ მანეკენად მიიწვიეს. მაშინ ამ პროფესიის ადამიანები საქართველოში არც ისე ბევრნი იყვნენ.

"მოდელების სახლში" იმდროინდელი ელიტური საზოგადოება მუშაობდა და იკრიბებოდა... მანეკენებს უცხოეთში საგასტროლოდ წასვლაც გვიწევდა, რადგან საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებზე გვიწვევდნენ. თბილისის "მოდელების სახლში“ რამდენიმე დიზაინერი მუშაობდა. იმ პერიოდში ტანსაცმელი ფაბრიკებში იკერებოდა, რომელსაც მანეკენები "მოდელების სახლში“ მოწყობილ ჩვენებებზე წარმოვადგენდით,“ - გვიყვებოდა წლების წინ ინტერვიუში ნატა სამადალაშვილი, რომელიც თავდაპირველი პროფესიით ბალერინა გახლდათ.

მერე კი, როცა მანეკენებად კარგი გარეგნობის გოგონებს ეძებდნენ, ნატას შეეხმიანნენ.

"მანეკენისთვის არც მაშინ და არც ახლა მაინცდამაინც სილამაზე არ არის აუცილებელი. მთავრია, მას ხიბლი, შარმი ჰქონდეს... ბალერინასთვის ამ სფეროში მუშაობა არ იყო ადვილი, მაგრამ მოდასა და ბალეტს შორის საერთო ის იყო, რომ ორივე შემთხვევაში, საქმე სცენასთან მქონდა და შემოქმედებითად ვიხარჯებოდი. ჩვენს საქმიანობას კარგი გამოხმაურება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვიდან, ანუ ცენტრიდან ბევრი აკრძალვა იყო, მაინც ვახერხებდით, საინტერესოდ გვემუშავა. ჩვენი ქორეოგრაფი იური ზარეცკი გახლდათ. ამასთან, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ის ჩემი პედაგოგიც იყო. ქორეოგრაფიული სასწავლებელში შესანიშნავი პედაგოგები მუშაობდნენ. ვახტანგ ჭაბუკიანიც მასწავლიდა. თუკი რამე ვიცი, ეს იმ არაჩვეულებრივი ადამიანების დამსახურებაა“ - ამბობდა ნატა სამადალაშვილი, რომელმაც მანეკენობა 28 წლის ასაკში დაასრულა, მაშინ კი უკვე ორი შვილის დედა იყო...

მოგვიანებით "მოდელების სახლი" ჩვენებების დადგმით ანუ ქორეოგრაფიით დაინტერესდა და ისიც ნელ-ნელა ქორეოგრაფ-დამდგმელად გარდაისახა. მაშინ კოლექციის წარმოდგენისას, ჩვენებაზე სრულიად სხვა მოთხოვნები არსებობდა, თურმე პოდიუმზე ლამის ცეკვავდნენ. პლასტიკას მეტი ყურადღება ექცეოდა და ამის გამო სპეციალური დადგმების გაკეთება უწევდათ...

90-იან წლებში კი, როდესაც ქალბატონმა ნატამ თავად შექმნა სამოდელო სააგენტო, მოდელებს პოდიუმზე მხოლოდ სიარულს კი არ ასწავლიდა, გულს უხსნიდა. "გოგოებს უნდა ჩაუნერგო ამ საქმის მიმართ სიყვარული, რომ ეს სიყვარული შემდეგ სხვებს აჩუქონ და გადასცენ... ისე, თანამედროვე ცხოვრებამ და გლობალიზაციამ ის მოიტანა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, პოდიუმზე მოდელებმა სახე დაკარგეს - ყველანი ერთმანეთს ჰგვანან... ჩვენი გოგოები ამ მხრივ გამორჩეულები არიან," - განმარტავდა ის.

ეს კი მასთან ჩაწერილი ინტერვიუს ერთ-ერთი ეპიზოდია:

- თქვენი მოდელები მართლაც გამორჩეულები არიან. რა კრიტერიუმები გაქვთ მოდელის შერჩევისას. პირველად მათ ფეხებს, სახეს, თვალებს თუ მთლიანად სხეულს უყურებთ?

- პირველად მათ სიმაღლეს ვუყურებ. ამასთან, მათ შინაგანი ცეცხლიც უნდა ჰქონდეთ. ეს აუცილებელია და, რა თქმა უნდა, ახლოს უნდა იყვნენ იმ პარამეტრებთან, როგორიც არის - 90/60/90. როდესაც, ეგრეთ წოდებულ, კავკასიურ სახეებს შევარჩევთ, მათ შემდგომ პოპულარიზაცია სწორედ უნდა გავუკეთოთ. ჩვენს გოგონებს პოდიუმზე საოცარი ხიბლი აქვთ. ასეთს ევროპაში ვერ შეხვდებით.

- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ქუჩაში ძალიან მოგწონებიათ გოგონა და შემდგომ ის თქვენი სააგენტოს მოდელი გამხდარა?

- კი, ყოფილა ასეთი შემთხვევა. ისე, კი უფრო განებივრებული ვარ იმით, რომ გოგონები ჩემთან თავისით მოდიან. ერთ ასეთ მაგალითს გავიხსენებ: ბათუმში ვიყავი და უეცრად დავინახე: შავგვრემანი, "დაზაგრული", ხვეულთმიანი გოგონა. ვიკითხე, ვინ არის-მეთქი? სალომე ღვინიაშვილი აღმოჩნდა. მისი და - თეონა მანამდე ჩემი მოდელი იყო, ადრე სალომეც მყავდა ნანახი, მაგარამ ის ისე შეცლილიყო, რომ ვეღარ ვიცანი, თუმცა ჩემი ყურადღება სერიოზულად მიიქცია. ძალიან მომეწონა და მას მოდელობა შევთავაზე.

- როგორც ვიცი, მოდელების მიმართ მკაცრი ხართ, მაგრამ მათ არც დედურ მზრუნველობას აკლებთ. სააგენტოში ყოველთვის ოჯახურ პირობებს უქმნიდით მათ და დღესაც ასეა?

- თავდაპირველად ვადგენ, ვინ არის თითოეული მათგანი, რითი სუნთქავს, რას ფიქრობს, რა შეუძლია. მათი ხასიათის დადებით და უარყოფით თვისებებს ვარკვევ. ასე რომ, მიდის ინტენსიური მუშაობა როგორც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასევე მათ მთელ ენერგიას გადავცემთ. თითოეული მათგანი ამ ენერგიას შემდგომ მთლიანად აბრუნებს... მათთან ურთიერთობა მხოლოდ მუშაობა არ არის, ეს ნამდვილი დღესასწაულია. იმისათვის, რომ დღესასწაული შედგეს, დაუნანებლად უნდა იმუშაო".

დღიდან სააგენტოს დაარსებისა, ოცნებობდა საქართველოში მოდის კვირეული დაარსებულიყო. ბევრი წლის შემდეგ ეს შესაძლებელი გახდა და ამ საქმის სათავეებთან თავადაც იდგა.

სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი ამ ცხოვრებიდან საკმაოდ ადრე წავიდა, თუმცა ბევრი რამ შეძლო. ის ქართული მოდის სათავეებთან იდგა და ამ სფეროში მძიმე აგურიც დადო. აი, დღეს კი, როცა პანდემიამ ყველა სფეროს სახე უცვალა, მათ შორის, ქართულ მოდას, ამით ყველაზე მეტად დამწუხრებული ნატა სამადალაშვილი იქნებოდა...