ავტორი:

"ექიმი, რომელმაც გრიპის ვაქცინის მაგივრად, C ვიტამინი გააკეთა, უკანონო საექიმო საქმიანობას ეწეოდა" - რეგულირების სააგენტოს დირექტორი

"ექიმი, რომელმაც გრიპის ვაქცინის მაგივრად, C ვიტამინი გააკეთა, უკანონო საექიმო საქმიანობას ეწეოდა" - რეგულირების სააგენტოს დირექტორი

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის განცხადებით, გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის პროცესის განხორციელების უფლება არ ჰქონდა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" განმარტა, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულების ექიმი, რომლებმაც მოქალაქეებს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად, C ვიტამინი გაუკეთა, უკანონო საექიმო საქმიანობას ეწეოდა.

"აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებას იმუნიზაციის პროცესის განხორციელების უფლება არ ჰქონდა. იქ მომუშავე ექიმი, რომელიც აცრების პროცედურას ახორციელებდა, უკანონო საექიმო საქმიანობას ეწეოდა და მას საერთოდ არანაირი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება არ ჰქონდა.

ასევე მინდა დამატებით გითხრათ, რომ აღნიშნული ექიმი რეგულირების სააგენტოს მიერ 2002 წელს გამოვლინდა და მას ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობა დაეკისრა უკანონო საექიმო საქმიანობისთვის, მას გაყალბებული ჰქონდა 4 სერთიფიკატი, რა მიმართულებითაც თავის საქმიანობას ახორციელებდა. აღნიშნული მასალები პროკურატურას შემდგომ რეაგირებისთვის გადაეგზავნა. რეგულირების სააგენტოს თანამაშრომლები ადგილზე არიან ახლაც, დეტალურად სწავლობენ ყველა ინფორმაციას და თუ დამატებით რამე კიდევ გამოკვეთა, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“,- განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეს მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მათ გოგელიას კლინიკაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, c ვიტამინი გაუკეთეს. როგორც მათ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნეს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში თანხა გადახდილი ჰქონდათ. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენიმე პირი გადაიყვანა.