ავტორი:

"სადაც პოლიტიკაში ფეხს ვერ იკიდებენ, რწმენითა და ჰუმანიტარული მისიების სახელით ცდილობენ შესვლას" - სომხების მწვავე რეაქცია ლავროვის ინიციატივაზე

"სადაც პოლიტიკაში ფეხს  ვერ იკიდებენ, რწმენითა და ჰუმანიტარული მისიების სახელით ცდილობენ შესვლას" - სომხების მწვავე რეაქცია ლავროვის ინიციატივაზე

"რუსეთის სახელმწიფო ინტერესებშია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული სკოლების გახსნა, რათა რუსული ენის პოპულარიზაცია მოხდეს. ტაჯიკეთსა და უზბეკეთში, ხუთი დიდი რუსულენოვანი სკოლა გაიხსნება. რუსული სკოლების გახსნის ინტერესს იჩენს სომხეთის ახალი ხელისუფლებაც" – წერს tass.ru, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ავრცელებს. რუსული ინტერნეტგამოცემის ცნობით, ლავროვმა ამის შესახებ ტაჯიკეთში გამართულ რუს თანამემამულეთა კონგრესზე ისაუბრა, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალური პროგრამის მქონე რუსული სკოლების გახსნის მნიშვნელობა განმარტა.

ლავროვის განცხადებითვე, ამჟამად რუსეთი, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, "რუსული ენის, კულტურისა და ზოგადად რუსული სამყაროს პოზიციების გამყარებისთვის" აქტიურ ნაბიჯებს დგამს. გამოცემის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება, სომხური ოპოზიცია და პრორუსული საზოგადოება რუსული ენის მიმართ არსებულ არასათანადო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, მუდმივად უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

ლავროვის განცხადებას სომხურ საზოგადოების ნაწილში მღელვარება მოჰყვა. ამ ინიციატივით უკმაყოფილო სომხები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ცდილობს დასავლეთის პოლიტიკის წინააღმდეგ იმოქმედოს.

"ამას წინათ ერთ-ერთ არხზე ვუყურე, ელცინმა ის ქვეყნები ჩამოთვალა, სადაც მოისურვებდა რუსული საუბარი მოესმინათ, მათ შორის სომხეთიც იყო, მაგრამ კიდევ არის რამდენიმე ქვეყანა, რომლის ჩამოთვლისგან თავს შევიკავებო. ეტყობა, ჯერ არ აქვთ იქ პრორუსული კლანები მოძლიერებული. საზოგადოება, რომელიც თავისი მენტალობით დასავლეთს ვერ აკმაყოფილებს, დიქტატორული რეჟიმებისკენ ისწრაფვის..." - წერს სამოქალაქო აქტივისტი ლევონ გევორქიანი.

რუსულენოვანი სკოლების გახსნის კვალდაკვალ, აქტიურად დაიწყო საუბარი რუსეთის მართლმადიდებულური ეკლესიის მხრიდან სომხეთის მიმართ ღია ინტერესზე. სომეხი ანალიტიკოსების მოსაზრებით, დასავლეთის კონკურენციის კვალობაზე, კრემლი სომხეთში თავისი გავლენების გაძლიერებას ცდილობს.

"ამ ეჭვების საფუძველზე, რუსეთის მართლადიდებლური ეკლესია სომხეთში, კონკრეტულად, ერევანში, რუსული ეპარქიის გახსნას აპირებს. ამის შესახებ, მათ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ გვერდზეც დაწერეს. სინოდის გადაწყვეტილება, მათ მოსკოვის პატრიარქატის საიტზეც განათავსეს" - წერენ სომეხი ანალიტიკოსები. მათივე ცნობით, რუსულ ეკლესიას სომხეთის ეკლესიაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს.

"იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში შეჭრის კანონიკური უფლება არ აქვს, რუსეთის ეკლესიის გადაწვეტილება არის ღია მცდელობა სომხეთში თავისი გავლენები გააძლიეროს. იქ, სადაც პოლიტიკაში ვერ იკიდებენ ფეხს, რწმენით სახელით ცდილობენ შესვლას..." - ამბობს პოლიტოლოგი ანდრიას გუკასიანი Кавказский Узел -თან საუბრისას.

"მათ იციან, რომ სომხეთი სამხრეთ კავკასიაში სერიოზულ გეოპოლიტიკურ როლს თამაშობს და რუსეთი დასავლეთის გაძლიერების საფრთხეს ხედავს. ამიტომ გადადის ახალი მეთოდებით მუშაობაზე... ის დრო, როდესაც რუსეთი ფიქრობდა სომხეთზე, "სად წაგვივაო", წავიდა. საბედნიეროდ, სომხეთს აქვს გეოპოლიტიკური არჩევანი. ამიტომ რუსეთი ყველა გზით ცდილობს, სომხეთი თავისი ორბიტიდან არ გაუშვას, სკოლების გახსნაზე ალაპარაკდა. ახლა კი, ეკლესიაც, რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიც ჩართო" - ამბობს გუკასიანი.

რუსული ეკლესიის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა კიდევ ერთი პოლიტოლოგისთვის. აკოფ ბადალიანის თქმით, რუსეთი ღელავს დასავლეთის კონკურენციის გამო. ამიტომ, კრემლმა სასულიერო და ჰუმანიტარული მექანიზმები, ყველა შესაძლო "რბილი ძალა აამუშავა".

"მან იცის, რომ დასავლეთი, ასევე რბილი ძალით ცდილობს გავლენების გაძლიერებას, მაგრამ თავისი პროგრამებით, ქვეყანას განვითარებაში ეხმარება. რუსეთმა კი, შეიძლება მხოლოდ კორუფციული სისტემა გააძლიეროს", - მიიჩნევს ბადალიანი.