ავტორი:

"ხალხია აქ ჩემნაირი, ვისაც გრიპის ვაქცინაზე წინასწარ 700-800 ლარები აქვთ ჩარიცხული" - რას წერს დაზარალებული მოქალაქე გოგელიას კლინიკის "აფიორაზე"?

"ხალხია აქ ჩემნაირი, ვისაც გრიპის ვაქცინაზე წინასწარ 700-800 ლარები აქვთ ჩარიცხული" - რას წერს დაზარალებული მოქალაქე გოგელიას კლინიკის "აფიორაზე"?

მოქალაქე ტაო ჭალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გოგელიას კლინიკის "აფიორაზე" წერს. ამბობს, რომ თავადაც ერთ-ერთი დაზარალებულია, რომელმაც გრიპის ვაქცინის მისაღებად წინასწარ კლინიკის ანგარიშზე 75 ლარი ჩარიცხა.

"საოცარ სიტუაციაში გავყავი თავი. გუშინ მეგობარს შეხვდა Gogelia’s Clinic-ის პოსტი რომ გრიპის აცრა შემოიტანეს. სასწრაფოდ დავრეკე და ჩავეწერე. ფული წინასწარ უნდა გადმორიცხოთო. ჩავრიცხე 75 ლარი.დღეს ლანჩზე გამოვვარდი აცრის გასაკეთებლად.

ადგილზე მოსულსდამხვდა პოლიცია და მედია და 10-მდე დაზარალებული. აღმოჩნდა რომ ეს კლინიკა თავიდან ბოლომდე აფიორაა. ვინც “აცრეს” უკვე, იმათ სინამდვილეში ც ვიტამინი გაუკეთეს. დღეს დატყდნენ კლინიკიდან და ხალხია აქ ჩემნაირი ვისაც წინასწარ 700-800 ლარები აქვთ ჩარიცხული.პოლიცია არ გვიშვებს. უნდა დაგვკითხონ სუყველა" - წერს ჭალიძე.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ გოგელიას კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო. ამ ეტაპზე დაადგინდა ის, რომ კლინიკა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უნებართვოდ აწარმოებდა.

როგორც უწყებაში ambebi.ge -ს განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მათი წარმომადგენლები და ფაქტს იკვლევენ.

რეგულირების სააგენტოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ექიმი გიორგი ჩანდლერი, რომელსაც მოქალაქეები ადანაშაულებენ, 1 წლის წინ ყალბი ლიცენზიებით სარგებლობაში იყო შემჩნეული.

"აღნიშნული ექიმი (საუბარია გიორგი ჩანდლერზე) რამდენიმე სხვადასხვა სფეროში ყალბი სერტიფიკატების გამოყენებაში გვყავს შემჩნეული. 1 წლის წინ ჩვენ ამის თაობაზე მივმართეთ შსს-ს და როგორც ვიცი, საქმე აღიძრა. მომხდარზე დამატებითი დეტალების შესწავლა მიმდინარეობს", - გვითხრეს რეგულირების სააგენტოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იძიებენ ინფორმაციას გიორგი ჩანდლერის მიერ ყალბი დოკუმენტებით სარგებლობის შესახებ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.