ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის - ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიას განუცხადა. ამით ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის კითხვას უპასუხა ევროპარლამენტარების განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან.
პრემიერის შემდეგ ევროპარლამენტარებს უკვე "ოცნების" დეპუტატები უტევენ.
"ადრე თუ კითხვები ჩნდებოდა, ახლა ზუსტად ვიცით, კუბილიუსი არ არის საქართველოს მეგობარი, ის არის სააკაშვილის მეგობარი, ამავდროულად "ქართული ოცნების" ოპოზიციაა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, კუბილიუსი და ნებისმიერი ცალკე აღებული ევროპარლამენტარი ევროპას არ წარმოადგენს.
"ამ შემთხვევაში, მე როგორც პარლამენტის წევრმა მას, როგორც პარლამენტის წევრს შემიძლია ვუთხრა, თუ საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებ, არ ითვალისწინებ საქართველოს საზოგადოების გადაწყვეტილებას და დიპლომატიურ ენაზე მაინც არ სთავაზობ განსხვავებულ მოსაზრებას, ამ შემთხვევაში, შესაბამისი შეფასებები გვექნება. კუბილიუსი, იგივე ფოტიგა, ნებისმიერი ევროპარლამენტარი, რომელიც თავს უფლებას მისცემს და უფრო მაღლა დააყენებს თავის მოსაზრებას, ვიდრე საზოგადოების უმრავლესობისას, ჩვენი მხრიდან ადეკვატური განცხადებები გაკეთდება. წარმოიდგინონ მათი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადება რომ გავაკეთო მე, ასეთ სუბიექტურ დონეზე, როგორი რეაქცია ექნებათ. ჩვენ ამ დონეზე არ დავალთ და არც მინდა დიდი ყურადღება მივაქციო, ევროპა არ არის კუბილიუსი და არც ნებისმიერი ცალკე აღებული ევროპარლამენტარი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
"გვითხარან რომელი საკანონმდებლო აქტია, რომელიც საქართველოს სასამართლოების მდგომარეობას აკნინებს. გვითხრან რომელი კანონია ჩვენთან, რომელიც კარგ ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება და არა ის, რომ კუბილიუსი სააკაშვილის დიდი ხნის მეგობარია და მისი განცხადებები ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებაა! ხდება პოლიტიკური შეტევა გარკვეული პოლიტიკური წრეების მხრიდან. როცა სამართლებრივ კონკრეტიკაზე მივდივართ, ვერც ერთი მუხლი ვერ მოჰყავთ, თუ რა უნდა შევცვალოთ", - განაცხადა პარლამენტრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.