ავტორი:

"მე და მიშამ მაშინ დავიწყეთ ურთიერთობა, როცა ის და სანდრა ცოლ-ქმარი აღარ იყვნენ" - რას ჰყვება ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაზე?

"მე და მიშამ მაშინ დავიწყეთ ურთიერთობა, როცა ის და სანდრა ცოლ-ქმარი აღარ იყვნენ" - რას ჰყვება ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაზე?

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რჩეულმა, უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ჟურნალისტ ალესია ბაცმანთან ვრცელ ინტერვიუში არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მათ ურთიერთობასა და ასევე სანდრა რულოვსზე.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

ლიზა იასკო:

- მიშას გასულ კვირას შევხვდი. თბილისში ჩავფრინდი და ჩვენ დაახლოებით 4 საათი ვსაუბრობდით, როგორც პოლიტიკურ, ასევე პირად საკითხებზე, მის ჯანმრთელობაზე და იმაზეც, თუ რა ხდება მსოფლიოში. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ხდება მსოფლიოში. მას აქვს ტელევიზორიც, უკავშირდება ადვოკატებს, მაგრამ არ აქვს ინტერნეტი და მობილური ტელეფონი.

ციხეში შესვლისას თავიდან აუცილებლად გამოწმებენ. ჩვენ უამრავი კორიდორისა და ოთახის გავლის შემდეგ შევხვდით, ერთმანეთისგან გამჭვირვალე მინა გვყოფდა, შეხების საშუალებაც არ გვქონდა.

ის ფიზიკურად თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ მორალურად ძალიან ძლიერია, რადგან მებრძოლია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინახა მხარდასაჭერად გამოსული ამდენი ადამიანი.

- ფიქრობ, რომ იწერდნენ თქვენს შეხვედრას?

- შესაძლოა. ჩვენ გვესმის, რომ ისეთ ადგილას როგორიც ციხეა, შეუძლებელია ისაუბრო უსაფრთხოებაზე. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ძალიან ძლიერი კავშირი გვაქვს ერთმანეთთან და სიტყვების გარეშეც ბევრი რამის დანახვა შეიძლება.

უკვე სამჯერ შევხვდით ერთმანეთს. ისევე როგორც სხვებმა, მეც ვთხოვე, რომ შეწყვიტოს შიმშლობა. ამბობს, რომ არ აქვს ბევრი საშუალება, ციხიდან ანახოს ყველას მისი ბრძოლა. როცა ის ციხეშია, შიმშილი ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც ყველას აჩვენებს, რომ უდანაშაულოა, რომ ძლიერია და სიმართლეს დაამტკიცებს. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამის მოსმენა. ის თავის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს უფრო დიდი მიზნებისთვის და რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ მას ჯანმრთელს ვხედავდე.

- როგორ გაიცანით სააკაშვილი?

- ჩვენ გაცნობისა და ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპი გვაქვს. პოროშენკოს დროს, მე ვხვდებოდი მის ჯგუფს და გვქონდა ურთიერთობა, რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, თუმცა ეს არ იყო სისტემატური ურთიერთობა. სერიოზული ურთიერთობა 2020 წლის აპრილიდან დაიწყო, მაშინ მას ვიცე-პრემიერად ნიშნავდნენ და ფრაქციაში მოვიდა. ამ დროს მას უამრავი დეპუტატი უკავშირდებოდა, მათ შორის მეც. ჩვენ ინტენსიური შეხვედრები დავიწყეთ და პოლიტიკურ საკითხებს განვიხილავდით. ძალიან მალე მივხვდით, რომ ჩვენი შეხედულებები ემთხვევა. ეს კავშირი შემდეგ გაგრძელდა.

მანამდე კი, როცა ოქსფორდში ვსწავლობდი, ჩვენმა საზოგადოებამ ის მიიწვია, რათა სიტყვით გამოსულიყო, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან სწორედ მაშინ დაიწყო პოროშენკოს ისტორიაც... დაიწყო მისი რეპრესია. ჩემს კურსელებს ვეუბნებოდი, რომ ის იყო შეუდარებელი ადამიანი, მაგრამ ჩვენი შეხვედრა ვერ მოხერხდა. შემდეგ როცა შევხვდით, გამაოცა იმან, რომ ის ძალიან მშვიდი და ჰარმონიული ადამიანია. სულ მეგონა, რომ იყო მეამბოხე, მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ის მშვიდია. ვფიქრობ, რომ ის კეთილია და სწორედ ეს არის მისი პრობლემა. ენდობა ადამიანებს და მათ ყოველთვის აძლევს მეორე და მესამე შანსს. იმპულსურია, თუმცა ადამიანებზე ყოველთვის კარგს ფიქრობს.

მე ვარ ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში მრავალი გვერდი გადაფურცლა, თუმცა ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი და ძლიერი სიყვარული. როცა ეს იწყებოდა, ჩვენ ვხვდებოდით, რომ ერთმანეთს ძალიან ვგავართ.

- როგორ გამოგიტყდა სიყვარულში?

- მინდა, რომ დეტალები ჩვენ ორს შორის დარჩეს, მაგრამ ეს ძალიან ემოციური იყო. ეს ისე მოხდა, ვხვდებოდი რომ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. ჩვენი ურთიერთობა სწრაფად არ დაწყებულა, ვხვდებოდით ერთმანეთს და იმ პერიოდში მეც მქონდა სხვა პირადი ურთიერთობა. ყოველთვის გულწრფელად ვურთიერთობდით და ყველაფერს დრო სჭირდებოდა. ჩემი წარსული ურთიერთობა დასრულდა და ამის მერე გადავდგი ნაბიჯი. ჩვენს შემთხვევაში რთულია ილაპარაკო სასიყვარულო ურთიერთობის სტანდარტულ სქემაზე.

ჩვენს შორის 23 წელია სხვაობა. სიმართლე გითხრათ, თავიდან იმდენად სწრაფად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, ძალიან განვიცდიდი. თავიდან მას კარგად არ ვიცნობდი, მასზე უამრავი რა მსმენოდა, მაგრამ რეალურად როგორი იყო, არ ვიცოდი. განვიცდიდი სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორის ასაკობრივი სხვაობის გამოც, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც წიგნში დაწერილი, რაღაც კანონებით იცხოვრებს, მე ღიად ვხვდები ცხოვრების ყველა გამოწვევას.

ვფიქრობ, რომ ჩვენ ორნი ერთად უფრო ძლიერად ვგრძნობთ თავს, რადგან ბევრს არ აქვს ასეთი ურთიერთობა, რომელიც ძალიან გულწრფელია და არცერთ ჩარჩოში არ ჯდება. სიყვარული ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ სიყვარული, რომელიც გაძლევს განვითარების საშუალებას, საშუალებას იყო ის ვინც ხარ და ამაში მხარს გიჭერს. ის მე ყოველთვის მხარს მიჭერს და მეც მხარს ვუჭერ მას გიჟურ გადაწყვეტილებებში.

ჩემი მშობლები იცნობენ მიშას. თავიდან როცა გაიგეს ჩვენი ურთიერთობა, არ დავმალავ, რომ სხვადასხვა რეაქცია ჰქონდათ, მათ შორის შიში, მაგრამ მე ის ადამიანი ვარ, რომელიც გადაწყვეტილებებს თავად იღებს. ჩემი მშობლები ხვდებიან, რომ ასეთ ადამიანთან ერთად ცხოვრება არ არის მარტივი, უპრობლემო და მშვიდი, თუმცა მათ იციან, რომ მე ასეთი ცხოვრება არასდროს მსურდა. მამაჩემი მიშაზე 10 წლით უფროსია, ისინი მალე დამეგობრდნენ,ემი მშობლები ძალიან განიცდიან ახლანდელ სიტუაციას და მხარდასაჭერად საქართველოში ჩასვლაც სურდათ. მაგრამ ახლა რთულია რამის გაკეთება. ახლა ბევრი რამ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.

მე და მიშამ მაშინ დავიწყეთ ურთიერთობა, როცა ის და სანდრა ცოლ-ქმარი აღარ იყვნენ. ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და მათ ჰქონდათ უფლება ამის აფიშირება არ გაეკეთებიათ. როცა მე და მიშამ ურთიერთობა დავიწყეთ, ისინი დაშორებულები იყვნენ.

თავიდან როცა ჩვენი ურთიერთობის გასაჯაროებაზე ვსაუბრობდით, მე მიმაჩნდა, რომ ჩვენი ურთიერთობა არ უნდა გაგვესაჯაროებია. მინდოდა, რომ შეგვენახა და მოვფრთხილებოდით იმას, რაც გვაქვს და მესამე - საზოგადოების აზრი ჩვენს ურთიერთობაში არ ჩარეულიყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ მას რამე მოუვიდოდა და რამეს გადაწყვეტდა ამ სიმართლეს გავასაჯაროებდით, რადგან სიმართლე ძალიან მნიშვნელოვანია. უმჯობესი იქნებოდა ეს განცხადება უფრო მშვიდ და სასიხარულო გარემოში გაგვეკეთებინა, მაგრამ არც მისი და არც ჩემი ცხოვრება არ არის ჩვეულებრივი და ამის გაკეთება ამ რეჟიმში მოგვიხდა.

ვიდეო ჩემი სტრასბურგში გამგზავრებამდე ჩავწერეთ, და შესაძლო იყო არც გამოგვექვეყნებია, მას რომ რამე არ მოსვლოდა. რა თქმა უნდა, მე მას დავიცავ, ვიცი, რომ ჩემს გამო ისიც ძალიან ბევრს გააკეთებდა.

ვგრძნობ, რომ ჩემი მხარდაჭერა მისთვის ბევრს ნიშნავს, მაშინაც კი როცა მიშას ციხეში ვნახულობ, თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ მაინც ვამხნევებ, ამ დროს ისიც მამხნევებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდებით. ახლა ჩემი ცუდად ყოფნა მასზე დიდ გავლენას მოახდენს. მას არ სურს, რომ ვინმე მის გამო იტანჯებოდეს. არ მჯერა, რომ ის ციხეში დიდი ხანი იქნება.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ