"ლელოს“ ლიდერის და ოპოზიციის ნაწილიდან თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დედაქალაქის მერის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტს დატოვებს.
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა და განმარტა, რომ პარლამენტის დატოვების შემდეგ „მარშალის გეგმის“ განხორციელებაზე დაიწყებს მუშაობას.
„მე ვტოვებ პარლამენტს და მეორე დღიდანვე შევუდგები იმ იდეებისა და გეგმების განხორციელებას, რომელიც გვაქვს „მარშალის გეგმის“ სახით“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მერიის ოპოზიციურ შემადგენლობას მხარს დაუჭერს, მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს საინტერესო პროცესი იქნება, რის შემდეგაც „ქართულ ოცნებაში“ დაშლის პროცესი დაიწყება“.
„მე უბრალოდ მაინტერესებს მოგების შემთხვევაში საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრების არგუმენტი, რატომ არ უნდა დამიჭირონ მხარი - გამოცდილებას დამიწუნებენ, პროფესიონალიზმს თუ გაკეთებულ საქმეებს? ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება და სიამოვნებით მოვუსმენ. ასევე, ელენე ხოშტარია მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის უფლებებისთვის და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის. ზურა ჯაფარიძეს კი აქვს საკმაოდ თამამი, თავისუფალი იდეები ქვეყნის ეკონომიკურ ხედვასთან დაკავშირებით.
ეს საინტერესო პროცესი იქნება და როგორც კი ეს მოხდება, გარწმუნებთ, რომ ბევრი რამ მოხდება საკრებულოში, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ დაშლის პროცესს დაიწყებს. ეს არ არის პარტია, რომელიც არ არის იდეოლოგიაზე და მიზანზე აწყობილი. 9 წელი საკმარისია იმისთვის, რომ ან დამარცხდე, ან რაიმე წარმატებას მიაღწიო“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა „ლელომ“ ოპოზიციის ნაწილთან კოალიცია და თავად რატომ დათანხმდა ვიცე-მერობის პოსტს. როგორც ხაზარაძე აცხადებს, აღნიშნულ კოალიციაში „ლელოს“ სერიოზული წონა აქვს“.
„ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ შევუერთდით, შევქმენით კოალიცია ძალიან საინტერესო ადამიანებთან, ეს არ არის საპარლამენტო კოალიცია, ეს არის ქალაქის სამთავრობო კოალიცია, სადაც ისეთ ადამიანები არიან გაერთიანებულები, როგორებიც არიან ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია. თუ მთლიან გუნდს გადახედავთ, დაინახავთ, რომ საკმაოდ სერიოზული პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული მომავალი მთავრობა. პოლიტიკურ ვაჭრობას იმაზე, ვინ რა თანამდებობას დაიკავებდა, ადგილი არ ჰქონია. ადამიანები დაკომპლექტდნენ მათი უნარების, გაკეთებული საქმეების გამო და პროფესიონალური თვისებებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. იმ კრიზისს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დღეს განიცდის, ვერ გადავლახავთ, თუ ერთი მხრივ საერთო ენას არ ვნახავთ, მეორე მხრივ კი, თუ ყველა ლიდერი არ ჩაერთვება და არ დაანახებს საზოგადოებას, რომ ეს მართლა გადამწყვეტი ბრძოლაა და მართლა ყველაფერს ვდებთ, რათა ვარდნა, რასაც ქვეყანა განიცდის, გაჩერდეს. როდესაც ასეთ ბრძოლაზეა საუბარი, არ შეიძლება შენი თანაგუნდელები გაუშვა და შენ ამას შორიდან უყურო იმიტომ, რომ შედეგის მიხედვით იქიდან დაუსვრელი და ზიანის გარეშე გამოხვიდე.
ის ფაქტი, რომ „ლელო“ საკმაოდ მსხვილადაა წარმოდგენილი თბილისის მთავრობის კოალიციაში, თანამდებობრივად და სტატუსურად მიანიშნებს, რომ ჩვენ საკმაოდ სერიოზული წონა გვაქვს, წონა არ განისაზღვრება ხალხის რაოდენობით, არამედ პოზიციით. მეორე არგუმენტი, რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქმის კეთება, ეს ჩემი მოწოდებაა. მიყვარს შედეგზე ორიენტირებული საქმის კეთება“,- განაცხადა ხაზარაძემ.