ავტორი:

"ვიდეოში ჩანს,  რომ ის ფხიზელ მდგომარეობაში არ არის,  რაღაცას ბოდავს სპეცსამსახურების მიერ გატაცებაზე " - ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე

"ვიდეოში ჩანს,  რომ ის ფხიზელ მდგომარეობაში არ არის,  რაღაცას ბოდავს სპეცსამსახურების მიერ გატაცებაზე " - ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე

"რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. ეს ტრაგედიაა რეალურად. ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნახავს და იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება, რომ ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს, მაგრამ ეს ტრაგედიაა რეალურად.

ჩვენი სირცხვილი არის, ეს კაცი მართავდა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, ამას თუ მართვა ჰქვია. ჩაგრავდა ჩვენ მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენ მომავალს, პერსპექტივებს, ტერიტორიებს აბარებდა ოკუპანტებს," - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა "იმედის“ მიერ გავრცელებულებულ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ შემოვიდა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.

  • ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი ქვეყანაში სამარცხვინოდ შემოიპარა.

"ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ შემოიპარა. ახსენეთ სხვადასხვა პროდუქტები, არაჟანი და ა.შ. მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს სამარცხვინო სიტუაცია იხილა მთელმა მოსახლეობამ. ამას გარდა ნახეთ, როგორ აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში, ლაპარაკობს, რაღაცას ბოდავს, რაღაც სპეცსამსახურების მიერ გატაცებაზე, მოტაცებაზე. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში ცხოვრობს ეს ადამიანი. როგორ სიტუაციასა და მდგომარეობაშიც არის ამ ვიდეოში, ასეთ არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება ის ახლა და მთელი მისი გუნდი.

სხვა შემთხვევაში, ასეთი ილუზიები რომ არ ჰქონოდა ადამიანს, როგორ შეიძლება, რომ ელემენტარული გათვლა ვერ გაეკეთებინა, აქ, რომ ასეთი გზით შემოდიოდა, ქურდულად შემოიპარა და აღმოჩნდა ციხეში. რა ვქნათ, ეს არის რეალობა, ეს არის კიდევ ერთი საშუალება და მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ და ვუხსნით ჩვენს მოსახლეობას არის სრული სიმართლე.

რა თქმა უნდა, მეორე მხარეც არის, აი, ეს არასერიოზულობა და სრული გაუგონარი ამბავი - ყოფილი პრეზიდენტი, წარმოიდგინეთ, კაცი იყო ჩვენი ქვეყნის სახე, 9 წელი მას ერქვა ქვეყნის პრეზიდენტი და ასე არასერიოზულად მოიქცა კიდევ ერთხელ და დაამთავრა არასერიოზულად. პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენ ამომრჩეველს პირველ ოქტომბერს, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მოსახელობას მოუწოდა, რომ თვითმმართველობის არჩევნმების მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა.

"კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენს მოსახლეობას, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ახლა, გვაქვს რეალური შანსი, რომ საბოლოოდ მივხედოთ ქვეყანას, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, ვინაიდან ეს არასტაბილურობის, დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები არიან ციხეში და იქნებიან დიდხანს ციხეში, იმიტომ, რომ მათი ეს სასჯელი ამას ითვალისიწნებს და ამის შემდეგ მივხედოთ რეალური პრობლემის მოგვარებას. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, რომ 30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე, არავინ დავრჩეთ სახლში. ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ამ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას სალაპარაკო არ მივცეთ. მაგრამ არავითარი საბაბი არ უნდა მივცეთ იმისა, რომ რაღაც ძლიერად ვერ მოიგო ამა თუ იმ კანდიდატმა. ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი მოიგებს დიდი უპირატესობით, ჩვენი ბრძენი მოსახლეობის გადაწყვეტილებით“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედმა“ გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანაშია გადაღებული. ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გატაცების შესახებ საუბრობს.