ავტორი:

რა ვიცით კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ შტამზე,  რომელიც დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში გამოვლინდა  და რამდენად სახიფათოა ის

რა ვიცით კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ შტამზე,  რომელიც დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში გამოვლინდა  და რამდენად სახიფათოა ის

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უკვე აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, პანდემია ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია და როგორც ეპიდემიოლოგები თავიდანვე პროგნოზირებდნენ, დროდადრო ჩნდება ვირუსის ახალი შტამები. ამ დროისთვის გავრცელებული შტამების მიმართ არსებული ვაქცინები სხვადასხვა პროცენტულობით ეფექტიანია, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ გაჩნდეს, ისეთი შტამი, რომლის მიმართაც მათი ეფექტიანობა შესუსტდება.

ამჟამად მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათი კვლავ უარესდება. მათ შორისაა, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი და რაც უფრო საინტერესოა, ორივე ქვეყანაში მედიკოსთან ნაწილისთვის შემაშფოთებელია კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტის აღმოჩენა. საუბარია "დელტა" შტამის კიდევ ერთ მუტაციაზე, რომელსაც "ახალ დელტა პლუსს" უწოდებენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ახლად აღმოჩენილი მუტირებული ვერსია საკუთრივ "დელტაზე" უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს და უფრო მეტად გადამდები იყო.

  • რას ამბობენ ბრიტანეთში "ახალ დელტა პლუსზე"?

"ახალ დელტა პლუსთან" დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები ჯერ კიდევ უცნობია. მეცნიერულად მას AY.4.2-ს უწოდებენ. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა ის "დელტა" ვარიანტზე უფრო მეტი საფრთხის შემცველი.

მათივე ინფორმაციით, ისინი აკვირდებიან და სწავლობენ აღნიშნულ შტამს.

ამასთან, უკკვე ცნობილია, რომ დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა 6%-ს სწორედ AY.4.2 შტამი აღმოაჩნდა.

ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ბოლო დროს ბრიტანეთში ჯანდაცვის მზარდი კრიზისი სწორედ აღნიშნულ ვარიანტს უკავშირდება. სწორედ ამ კრიზისმა, აიძულა ზოგიერთი მედიკოსი, რომ ხელისუფლებისთვის შეზღუდვების დაწესება მოეთხოვა, თუმცა ამ ეტაპისთვის ქვეყნის მთავრობა რეგულაციების შემოღებას არ განიხილავს, რადგანაც მოსახლეობის დიდი ნაწილი (67, 6%) უკვე ვაქცინირებულია.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას AY.4.2 შტამისთვის არ მიუნიჭებია "შემაშფოთებელი ვარიანტის" სტატუსი, ვინაიდან ამ ეტაპისთვის არ არის ზუსტად გამოვლენილი რამდენად გადამდებია ის, ან რამდენად რთული მიმდინარეობა ახასიათებს, როგორია ორგანიზმის იმუნური პასუხი და ასევე ვაქცინების ეფექტიანობა. აღნიშნულ საკითხებზე კვლევა მიმდინარეობს.

  • რას ამბობენ ინფექციონისტები?

ექსპერტთა თქმით, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს, პოტენციურად უფრო გადამდებ ვარიანტთან ვიდრე "დელტა" შტამია, მაგრამ ჯერჯერობით მტკიცებით არაფრის თქმა არაა შესაძლებელი. დასავლელი ინფექციონისტები ინარჩუნებენ სიმშვიდეს და აღნიშნავენ, რომ ახლა მთავარია მუტაციაზე თვალის დევნება და არ უნდა ავყვეთ პანიკას. ისინი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

"ჯერჯერობით არ არსებობს პანიკის საფუძველი და არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსის აღნიშნული ვარიანტი უფრო სახიფათო იქნება“, -ამბობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრეს სპიკერი.

ოქსფორდის ვაქცინების ჯგუფის ხელმძღვანელი, ენდრიუ პოლანდი, რომელიც "ასტრაზენეკას" ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა, ამბობს, რომ "დელტას" მუტირებული ახალი ვარიანტი საერთო ეპიდემიოლოგიურ სურათს ვერ შეცვლის.

"ახალი ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მისი მონიტორინგი, მაგრამ ამ ეტაპისთვის ვერ ვიტყვით იმას, რომ არსებულ "დელტა" შტამს ეს ვარიანტი მთლიანად ჩაანაცვლებს. მაშინაც კი, თუ უფრო მეტად გადამდები იქნება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ეპიდემიოლოგიური სურათი, რომელიც დღეს გვაქვს, დრამატულად შეიცვალოს.“, - ამბობს პოლანდი BBC რადიოსთან საუბრისას.

  • რა ხდება რუსეთში?

რუსეთში ამ დროისთვის ურთულესი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. გასულ 24 საათში კორონავირუსს 1064 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობაა. ამასთან, გასულ 24 საატში გამოვლინდა ინფიცირების 37 141 შემთხვევა.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ რუს მედიკოსთა ცნობით, აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი ვარიანტის ("ახალი დელტა პლუსი") შემთხვევები. ისინიც ამბობენ, რომ შესაძლოა ეს ვარიანტი "დელტა" შტამზე უფრო მეტად გადამდები იყოს.

მკვლევარ კამილ ხაფიზოვის თქმით, AY.4.2 ვარიანტი შესაძლოა, დაახლოებით, 10%-ით უფრო გადამდები იყოს, ვიდრე "დელტა" ვარიანტია.