ავტორი:

საბედისწერო მოგზაურობისას გაუჩინარებული 21 წლის გოგონას საქმროც გარდაცვლილი იპოვეს - იდუმალებით მოცული საქმე კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

საბედისწერო მოგზაურობისას გაუჩინარებული 21 წლის გოგონას საქმროც გარდაცვლილი იპოვეს - იდუმალებით მოცული საქმე კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

სოციალურ ქსელებსა და მსოფლიო მედიაში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ამბავი 21 წლის ბლოგერის, გაბი პეტიტოს საქმეა - გოგონას პოლიციელები სექტემბრის დასაწყისიდან ეძებდნენ.

ბლოგერი ვაიომინგში 19 სექტემბერს გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, გოგონა გაგუდეს. მისი ცხედარი რამდენიმე კვირის შემდეგ რეზერვუარში აღმოაჩინეს. საქმეში მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნეოდა მისი საქმრო, ბრაიან ლონდრი. ცნობილია, რომ წყვილი ხშირად დადიოდა სამოგზაუროდ და ამა წლის ივლისშიც ერთად იმყოფებოდნენ ლაშქრობაში, საიდანაც ბრაიანი პირველ სექტემბერს მარტო დაბრუნდა ფლორიდაში. თუმცა, ის არ დაკავშირებია პოლიციას, არც საცოლის ოჯახს და არ შეუტყობინებია მათთვის დაბრუნების შესახებ. ათი დღის შემდეგ კი გაბის ოჯახმა პოლიციას მიმართა და ძებნა გამოცხადდა.

ამის შემდეგ ბრაიანი 13 სექტემბერს მარტო წავიდა სამოგზაუროდ, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

21 წლის გაბი სოციალურ ქსელებში ცნობილი იყო თავისი ვლოგებით მოგზაურობის შესახებ. ის საქმროსთან, 23 წლის ბრაიან ლონდრისთან ერთად ხშირად მოგზაურობდა. წყვილი წელს დაინიშნა.

საშუალო სკოლიდან შეყვარებულები იყვნენ და როგორც თავადვე ამბობდნენ, მოსწონდათ "მომთაბარე ცხოვრება". როგორც ირკვევა, გაბი და ბრაიანი ოთხთვიან მოგზაურობას გეგმავდნენ. ივლისის მიწურულს მართლაც წავიდნენ საბედისწერო მოგზაურობაში.

23 წლის ბრაიან ლონდრი ბოლო 1 თვის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა და პოლიციაც ეძებდა საცოლის სიკვდილის შემდეგ მისი სახელფასო ბარათის გამოყენებისთვის დასაკავებლად.

ცხედრის გამოკვლევის შედეგად, 21 ოქტომბერს დადგინდა, რომ გასულ კვირას ფლორიდის ნაკრძალში ნაპოვნი გარდაცვლილი ბრაიან ლონდრი იყო.

FBI- ის ოფიციალური განცხადების საფუძველზე, გაბი პეტიტოს საქმროს ცხედარი ნაკრძალის ისეთ ნაწილში აღმოაჩინეს, რომელიც ბოლო დრომდე მთლიანად წყლით იყო დაფარული. სხეულის გარდა, აქვე იპოვეს ბრაიანის ზურგჩანთა და წიგნაკი.

ადგილობრივი შერიფის განცხადებით, პოლიციას ძალიან ცუდ პირობებში მოუწია მუშაობა, რადგან მკერდამდე წყალი სავსე იყო ჩხრიალა გველებითა და ალიგატორებით.

ლონდრის მშობლების ადვოკატმა 21 ოქტომბერს განაცხადა: "კრის და რობერტა ლონდრიმ იციან, რომ აღმოჩენილი ცხედარი მათი შვილისაა, მაგრამ სხვა კომენტარის გაკეთება მათ არ სურთ“. მან პრესას ისიც უთხრა, რომ ბრაიანის ზურგჩანთა სწორედ მისმა მამამ აღმოაჩინა. " მან ეს შემთხვევით იპოვა", - განაცხადა ადვოკატმა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა