ავტორი:

რეალურად, რა თქვა მსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილზე? - კონსტანტინოპოლში გამართული შეხვედრის დეტალები და გამოხმაურება ჯაღმაიძის სკანდალურ პოსტზე

რეალურად, რა თქვა მსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილზე? - კონსტანტინოპოლში გამართული შეხვედრის დეტალები და გამოხმაურება ჯაღმაიძის სკანდალურ პოსტზე

19 ოქტომბერს თეოლოგი გოჩა ბარნოვი და ფილოლოგიის დოქტორი თამარ მესხი კონსტანტინოპოლის და მსოფლიო პატრიარქს, ბართლომე პირველს სტამბოლში შეხვდნენ. როგორც თამარ მესხი Ambebi.ge -ს უყვება, აღნიშნული შეხვედრის მიზანი მსოფლიო პატრიარქისთვის აღსაყდრების 30 წლისთავის მილოცვა იყო.

ბართლომე პირველმა ქართველ სტუმრებს სინოდის სხდომის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე უმასპინძლა. სწორედ ამ დროის განმავლობაში ისაუბრეს მათ საქართველოში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზეც, რაც მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა მედიაში.

დაინტერესდა, თუ არა მსოფლიო პატრიარქი მიხეილ სააკაშვილის ამბებით და რეალურად, რა თქვა მან სააკაშვილზე?

თამარ მესხი Ambebi.ge-სთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს და გაკვირვებას გამოთქვამს იმ რეზონანსის გამო, რაც მის მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრას მოჰყვა.

"მე მას ხშირად ვხვდები და ყოველთვის, პირველ რიგში, მოიკითხავს ხოლმე პატრიარქს, შემდეგ კი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით ინტერესდება. ამჯერადაც ასე მოხდა. როდესაც მიმოვიხილე საქართველოში არსებული ვითარება და მიხეილ სააკაშვილის შესახებ დავაპირე საუბრის დაწყება, შემაწყვეტინა და მითხრა, რომ მან ყველაფერი იცოდა მედიიდან. რატომ გახდა ეს მითქმა-მოთქმის საფუძველი ვერ მივხვდი, ჩვენ ვისაუბრეთ უამრავ საკითხზე და მიშა არ ყოფილა ამ საუბრს მთავარი თემა. მესამე პრეზიდენტის შესახებ ასე თქვა სიტყვა-სიტყვით: მსოფლიო პატრიარქს არ ეგების პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. მე ვერც პოლიტიკაში ჩავერევი და ვერც საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში, მაგრამ ადამიანურად, ქრისტიანულად, მოშიმშილე ადამიანს თანავუგრძნობ, ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამძლეობას და წარმატებებსო. ეს იყო და ეს" - ამბობს თამარ მესხი.

აღნიშნულ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, გოჩა ბარნოვი მორიგ ავანტიურას გეგმავდა.

დეკანოზი საკუთარ პოსტში ამტკიცებდა, რომ ბარნოვისა და მესხის სტამბოლში ვიზიტი სინოდის ერთ-ერთმა წევრმა დააფინანსა, მიზანი კი მსოფლიო პატრიარქის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება იყო. მსგავსი შინაარსის განცხადება მოულოდნელი და გასაკვირი აღმოჩნდა თამარ მესხისთვის, რომელიც ათეული წლებია საპატრიარქოს თარჯიმანია და მსოფლიო პატრიარქთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

"მსოფლიო პატრიარქს ვიცნობ 1978 წლიდან, როდესაც ის ჯერ კიდევ მიტროპოლიტი იყო. მაშინ ოფიციალური დელეგაცია ჩამოვიდა კონსტანტინეპოლიდან, რათა ჩვენი პატრიარქისთვის აღსაყდრება მიელოცათ. სწორედ იქედან მოყოლებული, მე მას არაერთხელ შევხვედრივარ, გვითანამშრომლია, ის მე მეგობრად მთვლის. ასე რომ, მასთან მისასვლელი ძალიან მარტივი გზა მაქვს" - ამბობს თამარ მესხი და დასძენს, რომ ბართლომეო პირველმა ანდრია ჯაღმაიძის პოსტის შესახებ იცოდა.

"ვიცი, რაც დაიწერა სოციალური ქსელით, გასაგებია ყველაფერი, ამას ახსნა-განმარტება არ სჭირდებაო - მითხრა მან" - გვეუბნება თამარ მესხი.

თეოლოგი გოჩა ბარნოვი თითქმის იდენტურად იხსენებს მსოფლიო პარიარქთან შეხვედრის დეტალებს, როგორც ამას მისი თანმხლები ყვება. იგი აპირებს საპატრიარქოს პრესსპიკერის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეიცვლება.

"ნებისმიერ ნორმალურ და კულტურულ ქვეყანაში, იმ პოსტის გამო, რაც მან გამოაქვეყნა, სამართლებრივი პასუხისგება მოუწევდა. თუ ხელისუფლება შეიცვალა, აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებისთვის ანდრია ჯაღმაიძეს. ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში, ამის აზრს ვერ ვხედავ, ამიტომ ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

გოჩა ბარნოვი და სხვა ადამიანები არიან თავისუფალი ადამიანები და მათ აქვთ უფლება, სადაც უნდა იქ გაფრინდნენ და ვინც უნდა ის ნახონ. და ეს არ არის არც ჯაღმაიძეების და არც შიოლაშვილების საქმე. ეგენი ყოველ თვე დადიან რუსეთში ან საპატრიარქოში ჩუმად მასპინძლობენ რუსეთის დუმის წევრებს და ავანტიურა სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ეს და არა ის, რომ გოჩა ბარნოვი მიდის ევროპაში მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად“ - აცხადებს თეოლოგი გოჩა ბარნოვი.

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. მან კომენტარზე უარი განაცხადა.