ავტორი:

"მაცივრით იმგზავრა 48 საათი რძის პროდუქტებთან ერთად... ეს მიუთითებს, როგორ უყვარს საქართველო" - ადვოკატისა და პროკურატურის განცხადებები გავრცელებულ ვიდეოზე

"მაცივრით იმგზავრა 48 საათი რძის პროდუქტებთან ერთად... ეს მიუთითებს, როგორ უყვარს საქართველო" - ადვოკატისა და პროკურატურის განცხადებები გავრცელებულ ვიდეოზე

ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე ჩვენ გადავეცით ტელეკომპანია "იმედს" საქმის მასალები - ხელისუფლებამ ამ გადაცემით ჩაიდინა დანაშაული, რადგან დალუქული ტელეფონიდან მოხდა ვიდეო მასალების გადაცემა, - ასე შეაფასა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა პროკურატურის განცხადება, რომ 20 ოქტომბერს ადვოკატებს გადაეცათ საქმის მასალები, რომლებსაც თანდართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეომასალა.

მისი თქმით, ტელეკომპანია "იმედის“ მიერ გავრცელებული ვიდეო გადაღებული იყო სააკაშვილის მობილურით, რომელიც, ადვოკატის განმარტებით, ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი.

"უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე ჩვენ გადავეცით ტელეკომპანია „იმედს“ საქმის მასალები. ამ თემაზე რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო. ცხადია, ხელისუფლებამ ამ გადაცემით ჩაიდინა დანაშაული, რადგან დალუქული ტელეფონიდან მოხდა ვიდეო მასალების გადაცემა. თავად ტელეკომპანია "იმედი“ გვიმტკიცებს, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაღებული საკუთარი ტელეფონით, რომელიც უნდა ყოფილიყო დალუქული და გადაგზავნილი ექსპერტიზაზე.

ეს ვიდეო ერთადერთი რაზეც მეტყველებს, ტელეკომპანია „იმედი“ და პროსახელისუფლებო მედია 9 წლის განმავლობაში ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის მონსტრად წარმოსახვას და ამ ვიდეოში პირიქით ჩანს, ადამიანი, რომელიც არის ძალიან მხიარული, კეთილი. ის სიტუაცია, რომელიც აღწერილი იყო ამ სიუჟეტში, რომ მაცივრით იმგზავრა 48 საათის განმავლობაში რძის პროდუქტებთან ერთად, მიუთითებს, იმაზე თუ რამდენად უყვარს ამ ადამიანს საკუთარი სამშობლო, რამდენად მძიმე გზა გამოიარა უკრაინიდან იმისთვის, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყო და დაბრუნებულიყო ისე, რომ არავისთვის პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა არ მიეცა და ერთ ადამიანსაც კი თმის ღერი არ ჩამოვარდნოდა თავიდან“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ავდოკატის შეფასებით, დღითიდღე უარესდება. როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს.

"უკვე 22 დღეა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ეს ბუნებრივია აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე აძლევს მას მხნეობას, მათ შორის იმის ძალას, რომ ადვოკატებთან ჩამოვიდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი ანალიზებიდან პარამეტრები არის გაუარესებული და შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეიძლება მისი მდგომარეობა დამძიმდეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა პროკურატურამ:

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილის საქმის ფარგლებში, ადვოკატებს 20 ოქტომბერს გადაეცათ საქმის მასალები, რომლებსაც თანდართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეომასალა

„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ, 21 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების თაობაზე გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ 20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის, ე.ც.-ს და გ.ნ-ს ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გადაეცათ საქმის მასალები, რომელსაც ნივთიერი მტკიცებულებების სახით თან დართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს და ამ საქმეში ფიგურანტი სხვა პირების მონაწილეობას.

ასევე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი სხვა ვიდეო ჩანაწერებთან ერთად გამოძიებამ საწყის ეტაპზევე მოიპოვა და თუ საქართველოს პროკურატურა საჭიროდ ჩათვლიდა ამ ჩანაწერების როგორც მტკიცებულებების გასაჯაროებას, აღნიშნულს ბრიფინგის დღესვე ოფიციალურად გააკეთებდა, რადგან მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებაზე არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა.

მივიჩნევთ, რომ დღეს გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები და ფაქტების დამახინჯება ემსახურება პროკურატურის დისკრედიტაციის და მიზანმიმართული გადაბრალების მცდელობას.

აქვე, დავძენთ, რომ ბოლო პერიოდში, გამოძიების პროცესშივე საქმის მასალების გასაჯაროების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც უკვე საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს. საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით, ევროპული და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.