ავტორი:

მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა - რა განცხადებას ავრცელებს შსს ბათუმში მომხდარ ფაქტზე?

მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა - რა განცხადებას ავრცელებს შსს ბათუმში მომხდარ ფაქტზე?

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ.დ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს - 1977 წელს დაბადებულ ე.ჯ. -ს ქალაქ ბათუმში, ჯაყელის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე, ამოღებულია გ.დ.-ის მფლობელობაში არსებული ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.