ავტორი:

"მინდა, ბატონ ღარიბაშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არსებობს" - ნიკა მელია

"მინდა, ბატონ ღარიბაშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არსებობს" - ნიკა მელია

მინდა, ბატონ ღარიბაშვილს, პირადად მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არსებობს. მადლობა მას არსებობისთვის, იმიტომ, რომ ის დიდწილად ჩვენ გვიადვილებს პოლიტიკურ ცხოვრებას და კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს იმ კონტრასტსს, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ანუ ალტერნატივასა და ხელისუფლებას შორის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მელიას თქმით, ღარიბაშვილი დაკავებულია გაუაზრებელი განცხადებების კეთებით.

„ბატონი ღარიბაშვილი, თავიდან ბოლომდე დაკავებულია ზიზღის ფრქვევით და პოლიტიკის კეთება დაიყვანა უბრალოდ შეურაცხყოფისა და ძალადობის დონეზე და გაუაზრებელი განცხადებების გაკეთებით არის დაკავებული. სწორედ ამ ყველაფრისთვის ვუხდი მე მას მადლობას წინასაარჩევნო კამპანიის ინტერესებიდან გამომდინარე. სხვაგვარად, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, როდესაც ჯერჯერობით ეს ბატონი ფორმალურად გახლავთ პრემიერ-მინისტრი“, - აცხადებს მელია.

ის ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნასთან დაკავშირებით.

„ყველანაირი უფლება აქვს ბატონ ღარიბაშვილს აკეთოს ის კომენტარები, რისი სურვილიც აქვს და ასეც იქცევა. მე მას ვთხოვდი, ჩემი სურვილია, ჩემო ირაკლი, რაც შეიძლება ბევრი შეხვედრა გამართეთ, მაქსიმალურად ბევრი ურთიერთობა გქონდეთ, ჩემი თხოვნაა როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის. დღეს ბრძანდებოდით ცაგერში, იმედი მაქვს, რომ სხვა ქალაქში ჩახვალთ და დღის განმავლობაში, თუ რამდენიმე ბრიფინგს და პრესკონფერენციას ჩაატარებთ მადლობელი დაგრჩებით მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და ამავე დროს ოპოზიციის წარმომადგენელი, მხოლოდ მადლობას გიხდით ამისთვის. იმიტომ, რომ ისეთი დახმარების ხელის გამოგვიწოდა ბატონმა ღარიბაშვილმა მისი საქციელით, რიტორიკით და გამოხტომით, უკეთესს ვერ ვინატრებდით. ამაზე ნათელი წყალგამყოფი რა უნდა ყოფილიყო. ამიტომ, მთელი მადლობა და პატივისცემა მას ამ ყველაფრისთვის“, - აცხადებს მელია.