ავტორი:

"ირაკლი ღარიბაშვილს ევროპა ჰგონია "შოპინგზე" რომ წავლენ და ბევრი ჩემოდნებით ჩამოვლენ" - უგულავა

"ირაკლი ღარიბაშვილს ევროპა ჰგონია "შოპინგზე" რომ წავლენ და ბევრი ჩემოდნებით ჩამოვლენ" - უგულავა

ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანს, რომელსაც პრემიერის სავარძელი უკავია, საერთოდ გაგნებაში არ არის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რა არის ევროპული დემოკრატია. ამას ევროპა ჰგონია „შოპინგზე“ რომ წავლენ და ბევრი ჩემოდნებით და პარკებით ჩამოვლენ, - ასე პასუხობს ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მას „მინიმუმის გაკეთების საშუალება ექნება, რაც ბიუჯეტითაა განსაზღვრული“.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ეს განცხადება არის ერთი ნათელი მაგალითი, რომ „ეს არის ტლუ, გაუნათლებელი, საერთაშორისო კონტექსტის არმცოდნე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის“.

„სინამდვილეში, კეთილდღეობა იქმნება სწორედ რეგიონალიზმით, როდესაც საქართველო იქნება ძლიერი, ფოთში იქნება ერთი პარტიის მერი, ზუგდიდში შეიძლება - მეორე და ცენტრალური მთავრობა შეიძლება იყოს სხვა, ყველას ესმის თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რომ შეიძლება იკამათო, მაგრამ ამავე დროს უფლებამოსილებების და შენი ვალდებულებების ფარგლებში გააკეთო ის საქმე, რაც ამომრჩეველმა დაგავალა. სწორედ ეს ქმნის დოვლათს, ეს ქმნის განვითარებას. ეს ადამიანი იმდენად უვიცია, რომ ამ ქვეყნის უახლესი ისტორიაც არ იცის. მაგალითად, 2002 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც თბილისში მაშინ მერი არ ირჩეოდა, მაგრამ საკრებულო იყო ოპოზიციური, დაიძრა ბევრი სოციალური პროგრამა - უფასო წიგნების პროგრამა, მაშინ დაიწყო და გამოჩნდა სტადიონები, მაშინ დაიწყო პირველი შეკეთება ლიფტების და ა.შ. ამ უვიცმა ადამიანმა ისიც არ იცის, რომ 2013 წელს მე ვიყავი ჯერ კიდევ მერი და თვითონ ხელისუფლებაში და მთელი დღე და ღამე მარტო მე მებრძოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მერიას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, პირიქით, ბევრი პროექტი კეთდებოდა. ასე ფუნქციონირებს დემოკრატია, თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა განვავითაროთ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ ეს არის ტლუ, გაუნათლებელი, საერთაშორისო კონტექსტის არმცოდნე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის და რაც მთავარია, პრაქტიკულად, ამით აშანტაჟებს ფოთელებს, ზუგდიდელებს, თბილისელებს, რომ თუ თქვენ მხარს არ დამიჭერთ, დაგსჯით! მინდა ყველას ვუთხრა, რომ სასაცილოა ეს ადამიანი, მისი ნალაპარაკებიც სასაცილოა და ვერავის ღარიბაშვილი ვერ დასჯის. 30 ოქტომბერს ოპოზიცია გაიმარჯვებს დიდ ქალაქებში და შემდეგ ცენტრალური ხელისუფლებაც შეიცვლება. ოღონდ შეიცვლება არა ერთი პარტიით, არამედ, კოალიციით“, - განაცხადა უგულავამ.