ავტორი:

ნიკა კვარაცხელიას საქმეში არსებული ჩვენებების სკანდალური დეტალები, რომელშიც ზურაბ ჟვანიას ვაჟიც ფიგურირებს - რას აცხადებს გოგლა ჟვანია საპასუხოდ?

ნიკა კვარაცხელიას საქმეში არსებული ჩვენებების სკანდალური დეტალები, რომელშიც ზურაბ ჟვანიას ვაჟიც ფიგურირებს - რას აცხადებს გოგლა ჟვანია საპასუხოდ?

"ტვ პირველი" 21 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს. მათი ინფორმაციით, საქმეში ახალი ფიგურანტები გაჩდნენ, მათ შორის ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟი ბუსა ჟვანია, რომელსაც ბრალდებულებთან (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) მჭიდრო კავშირი ჰქონდა.

მათივე ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულებმა რამდენიმე წუთში სწორედ ბუსა ჟვანიას დაურეკეს და სათქმელი მინიშნებით უთხრეს. გასაჯაროვდა ასევე ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელმაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები მომხდარის შემდეგ სანზონაში წაიყვანა. 65 წლის ვლადიმერ არუთინოვის ჩვენებით ირკვევა, რომ 15 სექტემბერს ორმა ახალგაზრდამ ვახუშტის ხიდზე გააჩერა. არსებული ინფორმაციით, სწორედ მისი ნომრიდან განხორციელდა ზარი ექსპრემიერის შვილის ნომერზე.

"ჩემს უკან მჯდომმა, სრული აღნაგობის მამაკაცმა მკითხა, მქონდა თუ არა ტელეფონი და ანგარიში, რაზეც თანხმობა განვაცხადე. გამომართვა და ვიღაცასთან დარეკა. საუბრისას უთხრა, ბუსა, რომ იცოდე კუს ტბაზე არ ახვიდე, ფრთხილად იყავი, ძაღლები არიან" - ჰყვება არუთინოვი ჩვენებაში, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს.

ჩვენებებში ბუსას სახელს ახსენებს მოქალაქე მაქსიმე რამიშვილიც. მისი ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე კავილაძე და ჭელიძე სომხეთში, "კანონიერი ქურდის" დავით კაკულიას შვილებთან ბუსა ჟვანიას ავტომობილით (თეთრი "იაგუარი") იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ AMBEBI.GE გოგლა ჟვნიას დაუკავშირდა:

- ბუსა დაახლოებით ერთვი თვეა, საზღვარგარეთაა წასული, მაგისტრატურაში აპირებს სწავლის გაგრძელებას. ჭორებზე კომენტარის გაკეთება ძალიან არასერიოზული მგონია. ამ ინფორმაციას ვინც ავრცელებს, მათ თქვან, რა, საიდან, როგორ და ვინ ვის დაუკავშირდა. არც ჩემთან, არც ნინოსთან და ბუსასთან არავინ მოსულა, მცდელობაც არ ჰქონიათ დაკავშირების და არც კითხვები დაუსვამთ. ეს აგორებული უაზრო თემა მგონია

- თუ იცით, იცნობდა ბუსა აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს?

- არ ვიცი, ჩემთვის უცხო გვარებია, არაფერს მეუბნება. მე ნინოსაც ვესაუბრე, ბუსას დედას, თვითონაც გაოგნებულები არიან... ნინო ბუსასთან ერთად წავიდა გერმანიაში, ახლა ზუსტად არ ვიცი, სად არიან, სხვადასხვა ქვეყნებში უნდა ეცადა ჩაბარება. ჩამოვა ნინო და ამ ბრალდებაზე ყველას პასუხს გასცემს.

ცნობისთვის, ნიკა კვარაცხელიას თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ და მის მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განახორციელეს. 22 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკვლელობა მალევე გახსნა შინაგან საქმეთა სამინისრტომ, თუმცა ბრალდებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმალვაში იყვნენ. პოლიციამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში, ერთ-ერთ აგარაკზე აიყვანა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ მედიაში იწერებოდა, რომ მკვლელობა შურისძიების მიტოვით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით ნიკო კვარაცხელია, მამაზე, ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიაზე შურისძიების მოტივით მოკლეს. შემკვეთებად 20 წლის წინ მოკლული "კანონიერი ქურდის", დავით კაკულიას შვილები სახელდებიან.

ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.