ხვალ 22 წლის ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობიდან 40 დღე გავა. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გარდაცვლილის დედის, იზა ომაძის წერილი ვრცელდება.
"გავკადნიერდები და ლოცვით შემოგევედრები ღვთისმშობელო. 40 დღე გადის და ხვალ ჩემი ნიკო ღვთის მოშიში, ერთგული და ღირსეული შვილი ზეცაში სამუდამო სამყოფელს დაიმკვიდრებს. შეიფარე მისი შეურყვნელი სული, უწინმძღვრე და მოუშუშე ნაიარები, სითბო და მფარველობა არ მოაკლო, 22 წელი სიყვარულსა და სითბოში გაზრდილ შვილს მხოლოდ ღმერთის, ადამიანებისა და სამშობლოს სიყვარულს, თანადგომას და მეგობრობას ვასწავლიდით.
რას წარმოვიდგენდით, რომ ასეთი ნიკო ეშმაკის მიერ დაბრმავებული, დამონებული, წაქეზებული, სისასტიკეს, ბოროტებას და შურს დამორჩილებული ადამიანების მსხვერპლი გახდებოდა.
მკვლელების ნაცვლადაც ვლოცულობ და შემოგვედრებთ, გთხოვ, სინანული მიმადლე, იმ საბრალო, ბოროტებით დაბრმავებულ ადამიანებს, სინანული მიმადლე მათ დედებს, რომლებმაც შვილებს სიყვარული ვერ ასწავლეს. სამძიმარს ვუცხადებ, ჩემი შვილის მკვლელობაში რაიმე ფორმით მონაწილე ოჯახებსაც,
ვწუხვარ, ნამდვილად ვწუხვარ, რომ თქვენი გულებიდან სიკეთე, სიყვარული განდევნეთ! თქვენი განმსჯელი ამქვეყნად კანონი და ზეცაში ღმერთია!
ნიკო, შენი მშობლები მარადიული ცხოვრებისთვის ვემზადებით! ახლა შენ გვასწავლი და გვზრდი, ჩემო ანგელოზო, რადგან ისევ გავხდეთ შენთან შეხვედრის ღირსი! ღვთისმშობელს და იესო ქრისტეს ებარებოდე დე! ღვთისმშობელო მარიამ, ზეცაში ნიკოს გაბარებ, ამქვეყნად კი ყველას შვილი დაულოცე და შენი კალთა გადააფარე!", - იზა ომაძე.
ცნობისთვის, ნიკა კვარაცხელიას თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ და მის მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განახორციელეს. 22 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან მეორე დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობა მალევე გახსნა შინაგან საქმეთა სამინისრტომ, თუმცა ბრალდებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმალვაში იყვნენ. პოლიციამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში, ერთ-ერთ აგარაკზე აიყვანა.
მომხდარი ფაქტის შემდეგ მედიაში იწერებოდა, რომ მკვლელობა შურისძიების მიტოვით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით კვარაცხელია, მამაზე, ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიაზე შურისძიების მოტივით მოკლეს. შემკვეთებად 20 წლის წინ მოკლული "კანონიერი ქურდის", დავით კაკულიას შვილები სახელდებიან.
ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.