ავტორი:

გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევების ქრონიკა - გადაღების დროს მომხდარი ტრაგედიები, რომელთა შესახებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის

გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევების ქრონიკა - გადაღების დროს მომხდარი ტრაგედიები, რომელთა შესახებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის

ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევა მთელი მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. იარაღში, რომელიც ალეკ ბოლდუინმა გადაღებების დროს გამოიყენა, ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდა. გასროლას ოპერატორი ჰალინა ჰარინსი ემსხვერპლა, ფილმის რეჟისორი ჯოელ სუზ კი დაიჭრა და კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გადაღებების დროს სრულიად შემთხვევით ადამიანები გარდაიცვალნენ ან დაშავდნენ. 1990 წლიდან დღემდე, მხოლოდ ამერიკაში, 43-მა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ფილმის გადაღებისას.

  • 2017 წელი - Deadpool 2

2017 წლის აგვისტოში, ფილმ "დედპულ 2“-ის გადაღებებს პროფესიონალი მოტომრბოლელი და დუბლიორი ჯოი ჰარისი ემსხვერპლა. ჰარისმა მოულოდნელად მოტოციკლეტზე კონტროლი დაკარგა, შენობის მინას შეეჯახა და გარდაიცვალა.

  • 2015 წელი - Resident Evil: The Final Chapter

2015 წლის სექტემბერში, დუბლიორი ოლივია ჯექსონი მილა იოვოვიჩის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის, "ბოროტების სავანე: ბოლო თავის" გადაღებებზე ისე დაშავდა, რომ მარცხენა ხელის ამპუტირება დასჭირდა. ოლივიამ ფილმის რეჟისორს სასამართლოშიც უჩივლა იმისთვის, რომ მან პერსონალის უსაფრთხოებას, ბიუჯეტის დაზოგვა ამჯობინა.

ოლივია ჯექსონი

  • 2014 წელი - Midnight Rider

2014 წლის თებერვალში, ოპერატორი სარა ჯონსი გარდაიცვალა ფილმ Midnight Rider-ის გადაღებებზე. პროდიუსერების ჯგუფმა ვერ მოახერხა ლიანდაგებზე გადაღებებისთვის ნებართვის აღება და სარა მოულოდნლად გამოჩენილმა მატარებელმა იმსხვერპლა.

სარას ოჯახმა ფილმის რეჟისორს, რენდალ მილერს უჩივლა, მან დანაშაული აღიარა და 1-წლიანი სასჯელი მოიხადა.

  • 2012 წელი - the Lone Ranger

2012 წლის სექტემბერში, მყვინთავი მაიკლ ბრიჯერი ფილმ The Lone Ranger-ის გადაღებისას დაიხრჩო. ფილმის შემოსავლიდან გარდაცვლილის ოჯახს 61.445 დოლარი გადასცეს, რომელიც კინო ინდუსტრიაში მსგავსი შემთხვევებისას გადახდილ თანხებს შორის უპრეცედენტოა.

აგრეთვე უნდა ვახსენოთ 2007 წელს "ბნელი რაინდის“ გადაღებებზე გარდაცვლილი სპეცეფექტების ტექნიკოსი, ქონუეი უიქლიფიც. სატესტო გადაღებისას მისი მანქანა ხეს შეეჯახა და მძიმედ დაშავებული ქონუეის სიცოცხლე იმსხვერპლა.

  • გადასაღებ მოედანზე იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა ბრუს ლის ვაჟი, ბრენდონ ლი

ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო 1993 წელს, ფილმ "ყვავის“ გადაღებებზე მსახიობ ბრენდონ ლის გარდაცვალების ამბავი. ის გადაღებისას იარაღიდან გასროლას ემხვერპლა. ბრენდონი ლეგენდარული საბრძოლო ხელოვნების ოსტატის, ბრუს ლის ვაჟი იყო. მას ჰოლივუდში თავის დასამკვიდრებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

ბრენდონის კარიერა პიკს უახლოვდებოდა, თუმცა 28 წლის მსახიობის ბედი გადასაღებ მოედანზე გასროლილმა ტყვიამ გადაწყვიტა. ბრენდონ ლის სულ 6 ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ უშედეგოდ. ეს ტრაგედია დღემდეა ჩარჩენილი ბევრი ადამიანის მეხსიერებაში.

მოამზადა ანა სიბოშვილმა