"ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია, მეხუთე თაობის ქუთაისელი ვარ და ვალდებულიც ვარ, მისი კეთილდღეობისთვის ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმუმი გავაკეთო, როგორც იტყვიან, პატარა, ჩემი ხელიც დავატყო. მინდა, ყველას ახსოვდეს და წლების მერეც ლაპარაკობდნენ იმაზე, ხახალეიშვილის მერობის პერიოდში ქუთაისში ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდაო“, - გვეუბნება "ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება.
საფიჩხიაზე გაზრდილი ბიჭი დიპლომატობაზე ოცნებობდა, შემდეგ - ექიმობაზე, თუმცა ბედისწერას ვერსად გაექცა და ხუმრობს, როგორც, ბიჭიკო შემორჩა ვარდენს სიძედ, ისე შემოვრჩი ქუთაისის გპი-ს სტუდენტადო. გუბერნატორის თანაშემწეობიდან არასამთავრობო სექტორში, შემდეგ ისევ გუბერნიასა და მერიაში აღმოჩნდა. ამბობს, რომ გული წყდება იმ სიძულვილის კამპანიაზე, რომელიც წინასაარჩევნოდ "ნაციონალებმა"ააგორეს, თუმცა თავად იმავე მეთოდებით ბრძოლაზე უარს ამბობს. სჯერა, რომ "ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს და ერთ კვირაში ქუთათურებს მერის ამპლუაში მოევლინება.
- როგორც ჩემი თაობის უმრავლესობას, ლაღი ბავშვობა მქონდა. მე და ჩემი და ერთად შეგვიყვანეს სკოლაში, თანაკლასელები ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ მასზე წლით და 4 თვით უფროსი ვარ, ასე ვთქვათ, წამომაწიეს. 3 თვის ვიყავი, როცა ახალგაზრდა, 23 წლის ბიძა გარდაიცვალა, ოჯახში დიდი ტრაგედია იყო, მერე ბაბუა მოჰყვა ავარიაში.. ჩემმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება და 10 წელი თითქმის ბებიასთან ვიზრდებოდი, საფიჩხიის უბანში, ევდოშვილზე. ბებია-ბაბუა დიდი სიყვარულით მზრდიდა. მახსოვს დიდი, ლამაზი მწვანე ეზო ყვავილნარით, სადაც მუდმივად ბავშვების ჟრიამული და ბურთის თამაში იყო, რასაც თან ახლდა ბებიას შეძახილები - ფრთხილად, ბავშვებო, ყვავილები არ დამიტეხოთო. მუდმივად ბურთს გვიმალავდნენ, ერთი-ორჯერ, დაჭრაც მოუწია ჩვენს ბურთს.
ბებია ძალზე მორწმუნე ადამიანი იყო. ჩემს ბავშვობაში, საფიჩხიაზე, ამაღლების ტაძართან არსებულ ბიბლიოთეკაში ჩამწერა და იქ დამატარებდა. მერე, როცა წამოვიზარდე, მივხვდი, თვითონ რომ ევლო ეკლესიაში სალოცავად, ბებიასთვის ერთგვარი შირმა ვიყავი - ვითომ შვილიშვლი მიჰყავდა ბიბლიოთეკაში წიგნის წასაკითხად ან გამოსატანად. გარკვეული დროის შემდეგ, მეც მივედი მოძღვართან, ბებიას წყალობით, ყველა ლოცვა ზეპირად ვიცოდი.
- პირველი საშუალო სკოლა წარჩინებით, ვერცხლის მედალზე დავამთავრე. ჩვენ, ხახალეიშვილებს არ გვახასიათებდა ლამაზი კალიგრაფია და ამის გამო ქართულ ენაში დამაკლდა ნიშანი. როგორც წარჩინებული და აქტიური მოსწავლე, ვიყავი პიონერთა ხელმძღვანელი, კომკავშირის მდივანი, ქალაქში თუ ვინმე სტუმარი ჩამოდიოდა, მე უნდა დავხვედროდი... გამოსაშვები გამოცდები როცა გვქონდა, კანონი შეიცვალა, რის მიხედვითაც ქართული წერის ნიშანი ავტომატურად გადადიოდა ზეპირშიც. მაშინ თემურ შაშიაშვილი იყო ქალაქკომის მდივანი, მივედი მასთან და ვუთხარი, ასეთი პრობლემა გვაქვს-თქო. თემურის წყალობით შეიცვალა ეს კანონი, ბევრმა ბავშვმა იმ წელს მედალი აიღო, რაშიც ჩემი წვლილიც იყო. ერთ-ერთ შეხვედრაზე, შაშიაშვილმა მამაჩემს პირდაპირ უთხრა (მაშინ რაღაც პრობლემა იყო ქალაქში), შენი შვილი უფრო მეტს აკეთებს ქალაქისთვის, ვიდრე შენო. ხუმრობით უთხრა, რა თქმა უნდა. მამა საქართველოს დამსახურებული ტრანსპორტელია (სატრანსპორტო კომპანიას ხელმძღვანელობდა), ქალაქის კოლორიტი და შესანიშნავი ადამიანი.
მეამაყება, პიველსკოლელი რომ ვარ. ის ქუთაისში ძალიან პრესტიჟული იყო და არის დღემდე. ვაჟას და ილიას გარდა, ყველა გამოჩენილ და სასიქადულო ადამიანს ეს სკოლა აქვს დამთავრებული - ექვთიმე თაყაიშვილს, ნიკო ნიკოლაძეს, აკაკი წერეთელს, სერგეი მესხს, აკაკი შანიძეს, შალვა ნუცუბიძეს, ტიციანს, პაოლოს, ლეო ქიაჩელს, მაიაკოვსკის, უშანგი ჩხეიძესა და სხვებს. ეს არასრულყოფილი სიაა, ყველას რა ჩამოთვლის...
- პროფესია სკოლის დამთავრებამდე დიდი ხნით ადრე მქონდა არჩეული. მინდოდა, დიპლომატი გავმხდარიყავი და სასწავლებლად მოსკოვში, "მგიმოს" მოსამზადებელ სკოლაში წავსულიყავი. ჩემი წასვლის პერიოდი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს დაემთხვა და თავისთავად ცხადია, იქ ვეღარ წავიდოდი და საბჭოთა დიპლომატი ვერ გავხდებოდი. ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი ჩართული და მოსკოვში წასვლაზე უარი ვთქვი. პროფესიის გადარჩევა მომიწია და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე. ამაშიც არ გამიმართლა, მაშინ ატყდა ერთი ამბავი, დაპირება იყო ასეთი, ვინც მოსამზადებელ კურსზე იყო, ავტომატურად უნდა ჩაერიცხათ ინსტიტუტში, ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, იქნებოდა თუ არა მიღება. მერე ჯარმაც მომიწია და უცებ აღვმოჩნდი ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კვების მრეწველობის ფაკულტეტზე. მედალი რადგან მქონდა, ერთი გამოცდით ვხვდებოდი და ისე არ მინდოდა იქ ჩაბარება, ერთი ამოცანა შეგნებულად არ დავწერე, არც ჩაჭრა გამოდიოდა, მედალოსნისთვის უხერხული იყო. საბოლოოდ, ბიჭიკოსი არ იყოს, - ასე შევრჩი ვარდენს უდიპლომო სასიძო სიძედო, ისე შევრჩი ქუთაისის გე-პე-ის სტუდენტად.
- როცა ინსტიტუტი დავამთავრე, იმხანად თბილისში საქართველოს დიპლომატიური აკადემია შეიქმნა (ალექსანდრე ჩიკვაიძისა და სოსო ცინცაძის თაოსნობით). ისინი ქუთაისში ჩამოვიდნენ, გავიარე გასაუბრება და 10 ახალგაზრდა მიგვიღეს აკადემიაში. სწავლა ქუთაისის მერმა, თემურ შაშიაშვილმა დაგვიფინანსა ბიუჯეტიდან, საკმაოდ დიდი თანხა იყო, ჩემს ოჯახს ნამდვილად არ ჰქონდა ამის საშუალება. მერთან გვქონდა ასეთი შეთანხმება, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, ქალაქში დავბრუნებულიყავით.10-დან 3 დავბრუნდით ქუთაისში, დანარჩენები თბილისში დარჩნენ.
ქუთაისში თემურ შაშიაშვილის (უკვე გუბერნატორი იყო) თანაშემწედ დავინიშნე, შემდეგ მრჩეველი გავხდი. გვიანობამდე, ღამის 2-3 საათამდე ვმუშაობდით ხოლმე. ერთ საღამოს, ბატონ თემურს ველოდებით თბილისიდან, კარი გაიღო, ქალბატონი შემოვიდა, რომელიც ნიკოლ ჟორდანია, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი აღმოჩნდა. აკადემია ახალი დამთავრებული მქონდა, ინგლისურად კარგად ვლაპარაკობდი, ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ახალი პროგრამა იწყებოდა USAID - ის დაფინანსებით და ნიკოლ ჟორდანია იყო ამ პროგრამების კოორდინატორი. რადგან იმერეთი იყო მასში ჩართული, გუბერნატორისთვის უნდოდა ამ პროექტის წარდგენა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, დარეკა ჟორდანიამ და პირდაპირ შემოიმთავაზა პროგრამის ფარგლებში კომუნიკაციების მენეჯერად მუშაობა, ხელფასიც საკმაოდ სოლიდური დამისახელა. რა თქმა უნდა, ბატონი თემური ჩავაყენე საქმის კურსში, მისგან დავალებული ვიყავი და მის გარეშე არ მინდოდა გადაწყვეტილების მიღება. უნდა წახვიდე, სოსო, აბა, რა უნდა ქნა, მაშინ რატომ ისწავლე, დარწმუნებული ვარ, იქით რამდენ ხანსაც არ უნდა იყო, ბოლოს მაინც ქუთაისში დაბრუნდებიო, - მიპასუხა გუბერნატორმა. მეც მადლობა გადავუხადე და ჩემთვის უცნობ სფეროში შევდგი ფეხი.
მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები გვქონდა, ყოველთვის და ყველგან ვამბობ, რომ დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, ეს ბატონი თემურის დამსახურებაა. ის რომ არა, ალბათ ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა.
15 წელი ვიმუშავე საერთაშორისო არასამთავრობო სექტორში. მას ერთი მინუსი აქვს - კარიერული ზრდის შეყოვნება იცის, რაღაცას მიაღწევ, გაჩერდები და მერე ეს რუტინაში გადადის. უკვე გამოცდილებაც მქონდა და მოცემულობა იყო ისეთი, რომ ხელისუფლებაში იყო ჩემთვის მისაღები გუნდი, რომელსაც მხარს ვუჭერდი. ამიტომაც "ოცნების“ შემომთავაზებაზე უარი არ მითქვამს და 2014 წლიდან შევუდექი პოლიტიკურ მოღვაწეობას. გუბერნატორის პირველი მოადგილე ვიყავი, როცა შემოთავაზება მივიღე და შარშან რიგგარეშე არჩევნებში ვიყარე კენჭი მერის პოზიციაზე.
- როცა სახელმწიფო სამსახურში ხარ, ქუთაისელების გულის მოგება მარტივი არ არის. ალბათ ყველა სირთულეს ურთიერთობები გალახვინებს. ჩემი ქალაქის სიყვარული ოჯახიდან და ბავშვობიდან მესმოდა და ალბათ მეც ახლა იმავეს ვაკეთებ ჩემს შვილებთან მიმართებაში. როცა ქალაქის ცხოვრებაში და განვითარებაში პირდაპირ ხარ ჩართული და ამ ყველაფერს შორიდან კი არ უყურებ, არამედ შენი საკეთებელი ხდება, ეს დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებს. ყოველთვის მინდოდა, ამ ქალაქის მმართველობაში აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული. მართალია, რთული მისიაა, მაგრამ როცა შემომთავაზეს, მერის პოზიციაზე კენჭი მეყარა, დავთანხმდი. სიმართლე გითხრათ, მაშინ არ ვფიქრობდი, ასეთი რთული თუ იქნებოდა ჩართულობა იმ მძიმე მოცემულობაში, რომელიც ზოგადად ქვეყანაში პანდემიიდან გამომდინარეა შექმნილი. არასდროს დამიზოგავს თავი და არც დავზოგავ იმისთვის, რომ ქალაქისთვის რამე გავაკეთო და არც იმას მოვერიდები, თუ ვერ ვაკეთებ, ბოდიში მოვიხადო და ვთქვა, რომ სხვა ჩემზე უკეთ გააკეთებს.
- მთელი ცხოვრება ერთი ქალი მიყვარს... ჩემი მეუღლე მეგობრებმა გამაცნეს, რის შემდეგაც მათ ვუთხარი, მეტი არ გემეტებათ ჩემთვის-მეთქი? და ამით დავამთავრეთ ამაზე ლაპარაკი. მათ დაახლოებით სამი თვის თავზე შეიტყვეს, რომ იმ დღიდან მოყოლებული, შეყვარებულები ვიყავით და მე და ნინო ჩუმად ვხვდებოდით ერთმანეთს. არაა დაფარული, რაიც არ გაცხადდეს და მეც მომიწია ამ ამბის გაცხადება, სიურპრიზი მოვუწყვეთ მეგობრებს. ნინო ექიმი-რეპროდუქტოლოგია, თუმცა თავისი პროფილით არ მუშაობს, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაშია. პირველად ტყუპი ქალ-ვაჟი მარიამი და გიორგი გვეყოლა, მათ შემდეგ გაჩნდა დათაც, რომელიც პატრიარქის ნათლულია. ტყუპები აბიტურიენტებია არიან და გამოცდებისთვის ემზადებიან, დათა კი მერვეკლასელია.
- შეურაცხმყოფელი და ბინძური კამპანია წამოიწყეს ჩემს წინააღმდეგ. საერთაშორისო არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდი და ყველამ კარგად იცის ჩემი ცხოვრება და ბექგრაუნდი. ჩემს ირგვლივ რომ ვერაფერი მოძებნეს, რასაც შეეძლო ჩემი ცხოვრების წესისთვის, ჩემი კარიერისთვის და ოჯახისთვის ლაქა მოეცხო, რა აღარ დამაბრალეს - ხან სუს-ის, ხან გრუ-ს აგენტობა. ეს მათი ჩვეული ხელწერაა, გადაწყვიტეს, რაღაცეები შეეთხზათ და ჩემთვის ყველაზე წმინდას, ჩემს ღირსებას შეეხნენ, ჩემს ფიზიონომიასაც განიხილავდნენ. ამაზე პასუხიც გავეცი და სარჩელიც შევიტანე სასამართლოში - "მთავარი არხის“ ხელმძღვანელსა და ჟურნალისტს ვუჩივლე და ვაპირებ, ყველა ინსტანციაში ვიბრძოლო. ამ ბინძურმა კამპანიამ ჩემი ოჯახის წევრებზე ძალიან იმოქმედა, შვილები უკვე დიდები არიან და წვდომა აქვთ სოციალურ ქსელებზე. მათთან ამაზე არა ერთხელ მომიწია საუბარმა, ბავშვებმა თვითონაც გამიადვილეს მდგომარეობა და სოციალურ ქსელში, ან ტელევიზიით რამე "ფეიკს“ თუ გამოაგდებდნენ, არ იმჩნევდნენ. მათთვის ეს რთული იყო და ალბათ, დროთა განმავლობაში, ისინიც მიხვდებიან, ჩემთვისაც რა მძიმე იყო ამ ყველაფრის გადატანა.
იმავე მეთოდებით რომ მებრძოლა, ამას არც ჩემს თავს და არც ქუთაისს ვკადრებდი. ის ადამიანები, ვინც ჩემს ოპონენტს უდგანან გვერდში, თავის დროზე ამ მეთოდებით - ბიოგრაფიების გაშავებით და დაჭერებით იყვნენ დაკავებულნი. ეს ყველაფერი პოლიტიკური ოპონირების ფარგლებს სცდება და ადამიანის ღირსების შელახვა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მინდა, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქალაქში დასრულდეს ის თემა, რასაც ღირსების შელახვა და ერთმანეთისთვის ტალახის სროლა ჰქვია. საზოგადოებამაც, ერთხელ და სამუდამოდ, ამაზე თავისი პასუხი უნდა გასცეს. საზოგადოების პასუხი კი მჯერა, ის იქნება, რომ მეორე ტურში "ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მას დღეს ალტერნატივა არ აქვს.