ბათუმში მოზარდების მიერ მოზარდის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მოზარდები უკვე გამოკითხეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით - მშობლებთან და სოცმუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით“, - აცხადებენ უწყებაში.
არსებული ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის 13 წლის მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, აღნიშნულის ამსახველი ვიდეო გადაუღეს, შემდეგ კი გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს.