ავტორი:

"სახალხო დამცველის დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომა იყო" - იუსტიციის მინისტრი ომბუდსმენს პასუხობს

"სახალხო დამცველის დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომა იყო" - იუსტიციის მინისტრი ომბუდსმენს პასუხობს

"ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ნინო ლომჯარიასთან - ის პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ამ ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში.

"ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩართულია ქალბატონი ნინო ლომჯარია, ხოლო რაც შეეხება მის დასკვნას, ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო - ექიმი რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე ნამდვილად არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს.

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.