ავტორი:

"ეს არ არის ტომობრივი სახელმწიფო. ეს დიდებული თურქეთია" - რამ აღაშფოთა ერდოღანი ისე, რომ ქვეყნიდან 10 ელჩის გაძევება გადაწყვიტა?

"ეს არ არის ტომობრივი სახელმწიფო. ეს დიდებული თურქეთია" - რამ აღაშფოთა ერდოღანი ისე, რომ ქვეყნიდან 10 ელჩის გაძევება გადაწყვიტა?

ახალი საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი - თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა გასცა 10 ელჩის, მათ შორის აშშ-ის, საფრანგეთის და გერმანიის ელჩების გაძევების ბრძანება - ელჩების, რომლებმაც მანამდე გაავრცელეს განცხადება 2017 წელს დაპატიმრებული და მას შემდეგ ბრალის დამტკიცების გარეშე პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის გათავისუფლების მოწოდებით.

ერდოღანმა 23 ოქტომბერს ელჩების განცხადებას "თავხედობა" უწოდა და გასცა ბრძანება, ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ.

განცხადება, რომელსაც ასევე ხელს აწერენ ჰოლანდიის, კანადის, დანიის, შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის და ახალი ზელანდიის ელჩები, შეიცავს მოწოდებას იმის თობაზე, რომ გადაიჭრას ფილანტროპ ოსმან კავალას საქმე.

64 წლის კავალას 2020 წელს მოუხსნეს ბრალდება, რომ ის ორგანიზებას უწევდა 2013 წლის ანტისამთავრობო გამოსვლებს. თუმცა შემდეგ ეს გამამართლებელი განაჩენი გააუქმეს და საქმეს დაუმატეს ახალი ბრალდება, ერდოღანის წინააღმდეგ 2016 წლის გადატრიალების მცდელობასთან კავშირით.

ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში კავალას შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები საქმეს გმობენ და მას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო 2019 წელს გამოვიდა კავალას გათავისუფლების მოწოდებით და განაცხადა, რომ არ არსებობს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულება.

კავალას გათავისუფლების მოწოდებით ევროსაბჭოც გამოდის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის განსაკუთრებით გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ამ სახელმწიფოების ელჩებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს "გარკვეული მითითებები მისცეს."

"ეს არის თურქეთი, ეს არ არის ტომობრივი სახელმწიფო. ეს თურქეთია, დიდებული თურქეთი. არ შეიძლება აქ ადგე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხვიდე და მითითებები გასცე. ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს მივეცი საჭირო მითითებები. მე ვუთხარი, რა გაეკეთებინათ: ეს 10 ელჩი დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად და მათ ამ ადგილის დატოვება მოუწევთ", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

საქმე ეხება გერმანიის, აშშ-ის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, კანადის, ნორვეგიის და ახალი ზელანდიის ელჩების ერთობლივ განცხადებას, სადაც ოსმან კავალას საქმის საეჭვო გარემოებებზე საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ხსენებული საქმე ჩრდილს აყენებს თურქეთის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს.

მომხდარს აქტიურად აშუქებს მსოფლიო პრესა.

რადიო Voice of America-ს რუსული სამსახური აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "ერდოღანის კრიტიკოსების აზრით, ელჩების გაძევების მოწოდება ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას წარმოადგენს“, რომელშიც განხილულია თურქეთის ოპოზიციური პარტიების რეაქცია.

"თურქეთის ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერის ქემალ ქილიღაროღლუს განცხადებით, რეჯეფ ერდოღანი დაუფიქრებელი მოქმედებით ქვეყანას უფსკრულში აგდებს. იგი მოსახლეობას განგებ უქმნის ეკონომიკურ პრობლემებს და ეროვნულ ინტერესებს კი არ იცავს, პირიქით, ქვეყანას ანგრევს...

თურქეთის მემარჯვენე პარტიის ხელმძღვანელი იავუზ აგიროღლუ კი პრეზიდენტს მოუწოდებს, "თავი დაანებოს ბაქი-ბუქს და ეკონომიკას მიხედოს, ქვეყნის ფუნდამენტური პრობლემები გადაწყვიტოს“, - ვკითხულობთ სტატიაში.

"ბრიტანული BBC კი თავის მიმოხილვაში, სათაურით: "პრეზიდენტმა ერდოღანმა ელჩები გააძევა“, აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონს ამ ეტაპზე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქვს კონტაქტები სიტუაციის უკეთ გასარკვევად,

"გერმანიამ მშვიდად მოისმინა თურქეთის ლიდერის მრისხანე განცხადება, ბერლინს ცხრა დანარჩენ ქვეყანასთან კონსულტაციები აქვს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი თავი გაიმართლა - ჩვენი ელჩი ისეთ ანტითურქულს არაფერს აკეთებდა, ქვეყნიდან რომ გაეგდოთ, უბრალოდ, მან თურქეთის მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესრულებისკენ მოუწოდაო“, - ვკითხულობთ სტატიაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ