ვხედავთ რა ტიპის კანდიდატებთან გვაქვს საქმე, კირკიტაძე - "ხულიგანი", უგულავა - "ხულიგანი", მელია - "ხულიგანი", "ხულიგნების" მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა არჩევნების მეორე ტურისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც გუშინ რუსთავში, "ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისივე განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს მუდმივად ემუქრება რევოლუციით, არეულობით და რეგრესით, ხელისუფლება კი პასუხისმგებელია, რომ ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა უზრუნველყოს.
"გუშინ ჩვენ ვნახეთ როგორია "ნაციონალური მოძრაობის“ სახე და მისი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია დავით კირკიტაძე, რომელიც არის ჩვეულებრივი "ხულიგანი". როდესაც ახალი დეპუტატი იყო "ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ჯერ სცემა დაცვის თანამშრომელი, შემდეგ, როგორც გუბერნატორმა, სცემა ერთ-ერთი მსაჯი და გუშინ რუსთავის მოქალაქე, რომელიც იყო მისული მათ ოფისთან. ვხედავთ რა ტიპის კანდიდატებთან გვაქვს საქმე, კირკიტაძე - "ხულიგანი", უგულავა - "ხულიგანი", მელია - "ხულიგანი", "ხულიგნების" მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა არჩევნების მეორე ტურისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ“. რა თქმა უნდა, ისინი მიიღებენ შესაბამის პასუხს.
ჩვენ ვპირდებით ამომრჩეველს განვითარებას, სიმშვიდეს და სტაბილურობას. იმის საპირისპიროს, რა დაპირებებიც აქვს "ნაცმოძრაობას“ საზოგადოების წინაშე. ისინი ხალხს მუდმივად ემუქრებიან რევოლუციით, არეულობით და რეგრესით, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, რომ უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა. შემდეგი სამი წელი მას შემდეგ, რაც დასრულდება არჩევნები და 30 ოქტომბერს ჩვენი ოცივე კანდიდატი მოიგებს მეორე ტურს, უნდა გადავერთოთ სხვა დღის წესრიგზე, რაც იქნება წინსვლის, განვითარების, მშვიდობის და შემდგომი განმტკიცების დღის წესრიგი, ამის საპირისპირო გეგმები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას“, რასაც არ დავუშვებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.