ავტორი:

"ჯავახეთის ზეგანი ყველაზე აქტიური სეისმური ზონაა მთელ კავკასიაში" - რა არის ამის მიზეზი და რამდენად საშიშია ერთ კონკრეტულ ადგილას გახშირებული მიწისძვრები?

"ჯავახეთის ზეგანი ყველაზე აქტიური სეისმური ზონაა მთელ კავკასიაში" - რა არის ამის მიზეზი და რამდენად საშიშია ერთ კონკრეტულ ადგილას გახშირებული მიწისძვრები?

საქართველოში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში 2 მიწისძვრა მოხდა.

25 ოქტომბერს, 01:52 საათზე, რუსთავთან 3.2 (ML) მაგნიტუდის, ხოლო რამდენიმე საათით ადრე, სოფელ სამებასთან. 4.5 (ML) მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა.

ბოლო პერიოდში, სეისმური ცენტრების მიერ სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია სოფელ სამების სიახლოვეს მომხდარი მიწისძვრების შესახებ.

გახშირდა თუ არა რეალურად მიწისძვრები ჯავახეთის ზეგანზე და აქვს თუ არა სიმშვიდის საფუძველი ეპიცენტრის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას? - ამ კითხვებით მივმართეთ ილიაუნის პროფესორს, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილს.

"ბოლო წლებში, რაც სეისმური ცენტრები განვითარდა, ბევრს რჩება შთაბეჭიდილება, თითქოს მიწისძვრები გახშირდა. ადრეც ხდებოდა ასეთი სიმძლავრის მიწისძვრები, შეიძლება ცოტა მეტი სიხშირითაც, მაგრამ მაშინ ინფორმაციის გავრცელების ასეთი მასშტაბი არ იყო. ახლა სეისმურ ცენტრებს არცერთი, თუნდაც, დაბალი სიმძლავრის მიწისძვრა არ გამორჩებათ და მოხდება თუ არა, ონლაინრეჟიმში იდება ინფორმაცია, შემდეგ ეს მედიით ვრცელდება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მიწისძვრების რაოდენობამ იმატა", - ამბობს ambebi.ge - სთან სეისმოლოგი.

ზურაბ ჯავახიშვილის თქმით, "ჯავახეთის ზეგანი, ზოგადად, ყველაზე აქტიური სეისმური ზონაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში, რაც მსოფლიოში მიმდინარე კონკრეტული ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული".

"ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ჯავახეთის ზეგანის აქტიური სეისმურობა გამოწვეულია კონკრეტული ტექტონიკური პროცესებით. კერძოდ, არაბეთის ნახევარკუნძულის ფილა ეჯახება ევრაზიის ფილას, ჩვენ კი ამ კონტინენტური შეჯახების ზოლში ვართ მოქცეული. ამ პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ რეგიონისთვის ძირითადად დამახასიათებელია საშუალო სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც პერიოდულად ხშირდება ხოლმე და შემდეგ ისევ იკლებს. წესით, უხალოეს მომავალში, ეს დინამიკა შენარჩუნდება და მნიშვნელოვან ცვლილებას არ უნდა ველოდოთ“, - ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.

რამდენად საშიშია ჯავახეთის ზეგანზე მომხდარი მიწისძვრების ბოლო პერიოდის დინამიკა ეპიცენტრის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის? - ამ კითხვაზე სეისმოლოგს ერთადერთი პასუხი აქვს - "მშვიდად შეუძლია იყვნენ ისინი, ვინც კარგად აშენებულ შენობებში ცხოვრობენ". ზურაბ ჯავახიშვილის პროგნოზით, რეგიონში მიწისძვრები ისევ გაგრძელდება.

"იმ სიმძლავრის მიწისძვრა, რაც წუხელ სამებასთან მოხდა, თბილისში რომ მომხდარიყო, საკმაოდ სერიოზულ ზიანს მოიტანდა. ეს იყო 4.5 მაგინიტუდა. ვერ ვიტყვით, რომ ეს მცირე მიწისძვრაა. უფრო საშუალო სიმძლავრის ბიძგად მიიჩნევა და მან შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგებიც გამოიწვიოს. მაგალითად, ნგრევა ისეთი შენობების, რომლებიც სეისმურად არამდგრადია. 2002 წელს თბილისის მიწისძვრა 4.5-5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და ყველას ახსოვს, რაც გამოიწვია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, როგორ მოიქცეს საშუალო ან ძლიერი მიწისძვრის დროს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ამ თვალსაზრისით. ასეთი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ადგილობრივ თვითმმართველობებსაც", - ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.