ავტორი:

"ქაბულში ერთი ოჯახიდან რვა ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა" - ავღანეთი უმძიმეს სასურსათო კრიზისშია: რას აცხადებს გაერო?

"ქაბულში ერთი ოჯახიდან რვა ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა" - ავღანეთი უმძიმეს სასურსათო კრიზისშია: რას აცხადებს გაერო?

გაეროს სააგენტოების განცხადებით, ავღანეთის მოსახლეობა უპეცედენტო ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. მსოფლიოს საკვების პროგრამამ (WFP) და საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ავღანეთში ეკონომიკური ვითარება კატასტროფულად უარესდება.

WFP-ის აღმასრულებელი დირექტორის, დეივიდ ბესლის ინფორმაციით, ქვეყნის 39-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 22.8 მილიონი უკვე შიმშილის პირასაა. ორი თვის წინ ეს მაჩვენებელი 14 მილიონამდე იყო.

"ავღანეთში ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე - ან, შესაძლოა, უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია, იქ საკვების უსაფრთხოების სისტემა კოლაფსშია.... კატასტროფისკენ მივდივართ და თუკი ახლავე არ ვიმოქმედებთ, ჩვენ წინაშე ნამდვილი უბედურება დატრიალდება" - აღნიშნა ბესლიმ.

საერთაშორიო ორგანიზაცია „Save the Children“, რომელიც მხარს უჭერს ბავშვების უფლებებსა და ინტერესებს მთელ მსოფლიოში მძიმე პროგნოზს აკეთებს. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ თითქმის 14 მილიონი ავღანელი ბავშვი მომავალ ზამთარს შიმშილში გაატარებს. ორგანიზაციის ცნობით, ხშირია არასრულფასოვანი კვების გამო ავღანეთში ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები.

"ქაბულში ერთი ოჯახიდან რვა ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა, ორივე მშობლის დაკარგვის შემდეგ - და-ძმა: ოთხი ბიჭი და ოთხი გოგონა, მხოლოდ 18 თვიდან რვა წლამდე ასაკის იყვნენ. როგორც ჩანს, ავღანელი ბავშვების აგონიას დასასრული არ აქვს. ათწლეულების ომისა და ტანჯვის შემდეგ, ისინი ახლა თავიანთი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უარესი შიმშილის წინაშე დგანან", - თქვა „Save the Children“-ის ავღანეთის ოფისის დირექტორმა კრის ნიამანდიმ,

ავღანეთი, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომის გამო ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე იყო, კიდევ უფრო რთული გამოწვევების წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც აგვისტოში თალიბანმა დაამხო საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე ხელისუფლება.

ვაშინგტონმა და ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს თალიბანთან უშუალო კავშირზე ან დროებითი მთავრობის ლეგიტიმურობაზე, მაგრამ მათ პირობა დადეს, რომ ავღანელებს ჰუმანიტარულად დაეხმარებიან.

მეზობელმა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, პაკისტანმა და ირანმა, უკვე გაუგზავნეს დახმარება თალიბანის მთავრობას და დაჰპირდნენ, რომ რეგულარულად მიაწვდიან საკვებ პროდუქტებს.