აპოლონ ჯინჭარაძე არის ქართველი მეცნიერი, რომელმაც დნმ-ის ტესტი შექმნა. დიდი მომავლის მქონე მეცნიერი სამწუხაროდ 1989 წელს, 28 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა. მისი შექმნილი მეთოდით კი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.
აპოლონ ჯინჭარაძე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში მუშაობდა, შემდეგ სამუშაოდ მოსკოვში ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში გადავიდა, სადაც საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა.
სწორედ მაშინ აღმოაჩინა და დაამუშავა "გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი", რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებულებით, გარდაცვალების შემდეგ, 1996 წელს მეცნიერების და ტექნიკის დარგში რუსეთის სახლმწიფო პრემია მიენიჭა. ის ერთადერთი ქართველი ბიოლოგია, ვისაც აღნიშნული პრემია აქვს მინიჭებული. მისი მეთოდი მთელს ცოცხალ სამყაროზე ვრცელდება.
***
საქართველოში მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში საქმიანობის გარდა, ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით კი რუსეთის მეფის ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით მოხდა. აპოლონ ჯინჭარაძის გვარი და სახელი შეტანილია გენეტიკის პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელოში.
ბოლო დროს ქართველი მეცნიერის აღმოჩენა გარკვეულ წრეებში განხილვისა და დისკუსიის თემა გახდა. ასახელებენ იმას, რომ მსოფლიოში გენეტიკური დაქტილისკოპიის მეთოდის მამად ინგლისელი ალეკ ჯეფრისი მიიჩნევაო. ამაზე კი აპოლონ ჯინჭარაძის ძმა, ექიმი ბადრი ჯინჭარაძე, რომელმაც ძმის ცხოვრებისა და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ 2009 წელს წიგნი „აპოლონ ჯინჭარაძე და მისი ერთი აღმოჩენა“ მიუძღვნა, ამბობს - „რადგან გენეტიკური დაქტილისკოპიის მეთოდის მამად ჯეფრისი იგუგლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ აღმოჩენის ისტორია შეუცვლელია.
80-იან წლებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა, მსოფლიო ორ ბანაკად იყო გაყოფილი და „რკინის ფარდაც“ არ იყო გადაწეული. ორი ძირითადი იზოლირებული სამყარო იყო. ამიტომ, აპოლონ ჯინჭარაძემ ამ მეორე სამყაროში, ეს მეთოდი სრულიად დამოუკიდებლად, სსრკ-ში (პირველად მსოფლიოში) აღმოაჩინა, დეტალურად დაამუშავა და განავრცო მთელი ცოცხალი სამყაროს მიმართ ასევე მის მიერ დადგენილი M13 ზონდის საფუძველზე... ამასთან, ჯეფრისის და ჯინჭარაძის ზონდები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამას იმიტომ, ვამბობ, რომ ბოლო პერიოდში ეს თემა განხილვის და დისკუსიის თემა გახდა“...
ბადრი ჯინჭარაძის წიგნის გაცნობის შემდეგ გენეტიკოსმა და მოლეკულურმა ბიოლოგმა ნინო ლომიძემ ბატონ ბადრისთან საკუთარი აზრი დააფიქსირა:
"აპოლონი თქვენი გვარის ღირსეული შთამომავალია... მინდა, ხაზი გავუსვა მის აღმოჩენას. პრემია იმაში მიიღო, რომ დამოუკიდებლად ახალი M13 ზონდი იპოვა... მთავარია ის, რომ აპოლონმა სწორედ თვითონ, მარტომ გააკეთა ეს აღმოჩენა, რომ ბუნებაში ინდივიდებს უნიკალური განლაგების მქონე გენები აქვთ, ეს არ იყო ბუნებაში ცნობილი, რაც სენსაცია იყო! ამიტომ არ უჯერებდნენ, არადა, ეს ჯეფრისის სტატიის გამოქვეყნებამდე მოხდა! მისი აღმოჩენა ამიტომაც გაასაიდუმლოეს. ამ აღმოჩენაზე მუშაობისას გამოქვეყნდა ჯეფრიზის შრომა! დღემდე მიმაჩნია, რომ მარტო M13 ზონდი კი არა, აპოლონმა თვითონ გენური დაქტილოსკოპიის ფაქტი აღმოაჩინა!.
1986 წლის იანვარში, მოსკოვში დისერტაციის დასაცავად ვიყავი ჩასული... კამათი იყო, გაეგზავნათ თუ არა თეზისები, ფაქტი დაეანონსებინათ რუსეთის რომელიღაც კონფერენციაზე თუ დიდი და საფუძვლიანი ნაშრომი გამოექვეყნებინათ. უფროსობამ თავი შეიკავეს თეზისების გამოქვეყნებისგან. არ უნდოდათ თავისი გვარი ჯერ კიდევ ზუსტად შეუსწავლელი (!) აღმოჩენის ქვეშ დაწერილიყო, არც აპოლონს მისცეს ნება, ხვდებოდნენ, რომ ეს სენსაცია იყო, ხომ არ დაკარგავდნენ ასეთ შანსს, უფროსებს უფრო ეკუთვნით (მათი გაგებით) აღმოჩენის პატივი, ვიდრე ვიღაც, თუნდაც ულვაშიან ასპირანტს!..წაიკითხეთ სრულად