ავტორი:

ჯო ბაიდენი საერთაშორისო მოგზაურების ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აუქმებს - რომელი ვაქცინებით აცრილი ადამიანები დაიშვებიან შტატებში

ჯო ბაიდენი საერთაშორისო მოგზაურების ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აუქმებს - რომელი ვაქცინებით აცრილი ადამიანები დაიშვებიან შტატებში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც წესდება ვაქცინაციასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები უცხო ქვეყნებიდან ჩასული ავიამგზავრების უმეტესობისთვის და იხსნება ჩინეთთან, ინდოეთთან და ევროპის დიდ ნაწილთან მოქმედი შეზღუდვები.

  • თეთრი სახლის ინფორმაციით, ცვლილებები 8 ნოემბრიდან ამოქმედდება.

ახალი წესების თანახმად, საჰაერო გზით აშშ-ში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურები ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხით.

ამასთან, გამონაკლისი შეეხება 18 წლამდე ასაკის მოგზაურებსა და გარკვეული სამედიცინო პრობლემების მქონე პირებს. არატურისტული მიზნით 50-მდე ქვეყნიდან ჩასულ მგზავრებს, მათ შორის, ნიგერიიდან, ეგვიპტიდან, ალჟირიდან, სომხეთიდან, ლიბიიდან და ა.შ., სადაც ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებლები 10%-ზე ნაკლებია, ასევე უფლება ექნებათ გათავისუფლდნენ წესებისგან, თუმცა იმ პირებმა, რომლებსაც გამონაკლისი შეეხებათ, შეერთებულ შტატებში ჩასვლიდან 60 დღის განმავლობაში ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ცნობით, უცხოელი მოგზაურებისთვის მისაღები იქნება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულია შემდეგი ვაქცინები:

  • "მოდერნა"
  • "ფაიზერი"
  • "ჯონსონ ენდ ჯონსონი"
  • "ასტრაზენეკა"
  • "სინოფარმი"
  • "სინოვაკი"

შესაბამისად, აღნიშნული ვაქცინებით აცრილი ადამიანები შტატებში დაიშვებიან (გარკვეული დამატებითი პირობებით).

საერთაშორისო ავიამგზავრებმა უნდა წარადგინონ უარყოფითი კოვიდ-19 ტესტის პასუხი და ტესტი ჩატარებული უნდა იყოს გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში. არავაქცინირებულმა ამერიკელებმა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებსაც გამონაკლისი შეეხებათ, "კოვიდ -19-ზე ტესტი გამგზავრებიდან ერთი დღის განმავლობაში უნდა ჩაიტარონ.