ავტორი:

როგორ იპყრობდა საბჭოური და რუსული მაფია ამერიკას - "გრუზინის", "იაპონჩიკას" და შულაიას გახმაურებული კრიმინალური საქმეები

როგორ იპყრობდა საბჭოური და რუსული მაფია ამერიკას - "გრუზინის", "იაპონჩიკას" და შულაიას გახმაურებული კრიმინალური საქმეები

1970-იან წლებში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებმა თამამი გადაწყვეტილება მიიღეს - ადგილობრივ ებრაელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების უფლება მისცეს. ქვეყნიდან უზარმაზარი ინტელექტუალური კაპიტალის გადინება დაიწყო. პოტენციური ემიგრანტები თავის ოჯახებით მასობრივად მიემგზავრებოდნენ ოკეანის მიღმა და "ამერიკული ოცნების“ დევნას იწყებდნენ. თუმცა ახალი კონტინენტის ათვისება სურდათ არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც პატიოსანი შრომით იყვნენ მიჩვეული "პურის ფულის“ გამომუშავებას, არამედ კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომლებიც ამერიკაში გამგზავრებას, როგორც ქონებისა და გავლენის მოხვეჭის შესაძლებლობას, ისე უყურებდნენ.

ერთ-ერთი პირველი კრიმინალური ავტორიტეტი, რომელმაც ამერიკაში ფეხი შედგა ევსეი აგრონი იყო. აგრონი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანიც გახლდათ და თავის დროზე ლენინგრადის ბლოკადაში მონაწილეობდა. ჯერ კიდევ სამშობლოში მას არაერთი ბრალდებით მოუწია ციხეში ჩაჯდომა, მათ შორის იყო ქურდობა და ფინანსური მაქინაციებიც.

ევსეი აგრონი

საზრიანმა ევსეიმ საბინადრო ადგილად ნიუ-იორკი აარჩია. იმ პერიოდში ეს შტატი ერთადერთი იყო, სადაც შესასვლელ ვიზაში 100 დოლარს არ ახდევინებდნენ.

დიასპორა სამხრეთ ბრუკლინში, ატლანტის ოკეანის ნაპირზე "ჩაისახა“. ცენტრი კი ბრაიტონ-ბიჩი გახდა, რომელსაც ასევე, "პატარა ოდესა“ შეარქვეს. სწორედ იქ, 1977 წელს აგრონმა თავისნაირი საბჭოთა კრიმინალებისგან შექმნა ბანდა. ამ გზით ლენინგრადელი ევსეი ამერიკაში "რუსული მაფიის“ პირველი ბოსი გახდა.

იტალიური "კოზა ნოსტრას“ წევრებიც კი გაოცებული იყვნენ აგრონის უსასტიკესი მეთოდებით და ეგუებოდნენ, რომ ქალაქში ნამდვილად ახალი "შერიფი“ გამოჩნდა. კოჰორტა ძირითადად ადგილობრივი მეწარმეების რეკეტით შოულობდა ფულს, თუმცა არ ერიდებოდნენ სხვა სახის "სამუშაოსაც“: ძარცვას, შეკვეთილ მკვლელობებსა და სუტინიორობას.

FBI-ის საბჭოური სკოლის კრიმინალთან გამკლავება გაუჭირდა. აგრონის მოძალადის რეპუტაციით შეშინებული მოწმეები პოლიციას ჩვენებას ვერ აძლევდნენ. თუ კი ვინმე გაბედული აღმოჩნდებოდა და შეეცდებოდა მისი ბანდის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, სამაგალითოდ სჯიდნენ. მაგალითად, 1980 წელს ერთმა ქალმა ევსეის დაჯგუფების წევრების ამოცნობა შეძლო, თუმცა სასამართლომდე ვერ მიაღწია. ის სასტიკად მოკლეს, ხოლო სიკვდილამდე თვალები დასთხარეს. ასევე, არ დაინდეს მისი ვაჟი, რომელსაც საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა.

80-იან წლებში "რუსულმა მაფიამ“ იტალიურ კლანთან - კოლომბოსთან დაიწყო თანამშრომლობა. ისინი ძირითადად ეწეოდნენ საწვავის გადასახადების მაქინაციებს, რომელსაც მათთვის ასობით მილიონის მოგება მოჰქონდა. სქემა აგრონის უახლოესმა მრჩეველმა და საბჭოთა კავშირის ყოფილმა ოფიცერმა დავიდ ბოგატინმა მოიფიქრა.

მაიკლ ფრანჩეზე, რომელიც ყოფილი კოლომბოს ოჯახის ბოსი იყო, იხსენებს: "საწვავის მაქინაციის იდეა დავამუშავეთ და იმ პერიოდში, კვირაში 8 000 000 დოლარი მოგება მოჰქონდა".

გარკვეულ მომენტამდე ბოგატინმა შეძლო ამ სქემის განხორციელება ევსეის ავლით. თუმცა ერთხელ ლენინგრადელმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი მრჩეველი მის ზურგს უკან იტალიურ მაფიასთან მილიონებს შოულობდა, რამაც ბოსის განრისხება გამოიწვია. ევსეიმ სცადა წილში შესვლა, მაგრამ "კოზა ნოსტრა“ ამის წინააღმდეგი იყო.

1984 წელს აგრონი სახესა და ყელში დაჭრეს, თუმცა გადარჩა. შემდეგ წელს კი მკვლელი "რუსული მაფიის“ ბოსს მისივე სახლის ლიფტთან დახვდა და თავში ორჯერ ესროლა.

ბოგატინი მალე ქვეყნიდან გაიქცა, 90-იანებში კი პოლონეთში დაიჭირეს და აშშ-ს გადასცეს. აღსანიშნავია, რომ 1984 წელს დავიდმა ცნობილ ცათამბრჯენ Trump Tower-ში 5 აპარტამენტი შეიძინა, რაც 6 მილიონი დოლარი დაუჯდა. ასეთ მსხვილ გარიგებას თავად დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

  • "გრუზინი“ და "იაპონჩიკი“

ევსეი აგრონის გარდაცვალების შემდეგ, ახალი ბოსი ოდესელი მარატ ბალაგულა გახდა, რომლის მეტსახელი "გრუზინი“ იყო. მან იტალიურ მაფიასთან თანამშრომლობა გააგრძელა და ლუკკეზეს ოჯახის ნაწილიც გახდა. აგრონისგან "გრუზინს“ აზროვნება და ამბიციები განასხვავებდა. ევსეი ძირითადად ჩამოსულ საბჭოურ მეწარმეებს ერჩოდა, მარატმა კი მასშტაბი გაზარდა და ადგილობრივ ბიზნესმენებსაც გადასწვდა.

საწვავის გადასახადების კრიმინალური სქემა საათივით მუშაობდა, მის შექმნელებისთვის კი ასტრონომიული მოგება მოჰქონდა. ზოგიერთ შემთხვევაში "კოზა ნოსტრა“ ბალაგულას იცავდა. 1986 წელს "პატარა ოდესაში“ ვლადიმირ რეზნიკოვმა თავისი ბანდა შექმნა, რომელიც სრულიად თავზე ხელაღებული იყო და მაფიოზურ კანონებს პატივს არ სცემდა. ცნობილია ეპიზოდი, როდესაც "გრუზინთან“ ღამის კლუბ "ოდესაში“ მივიდა, პირში იარაღი ჩაუდო, მისგან 600 000 დოლარი და ყველა სხვა შემოსავლიდან საკუთარი წილი მოითხოვა. სხვა წყაროს მიხედვით, რეზნიკოვი ბალაგულას ოფისში ეახლა, ჯერ გარედან გაუხსნა ცეცხლი, ხოლო შემდეგ საფეთქელზე მიადო იარაღი და იგივე ულტიმატუმი წაუყენა.

მარატ ბალაგულა

მარატს იმდენად შეშინებია, რომ გულის შეტევა დაემართა. მკურნალობა კი საკუთარ სახლში გააგრძელა. პრობლემის გადაჭრა იტალიელებმა მათთვის კარგად ნაცადი მეთოდით გადაწყვიტეს. რამდენიმე დღეში "ნაგლი" განგსტერი ბრაიტონ-ბიჩზე დღისით და მზისით დაცხრილეს.

მცირე ფინანსური მაქინაციებით გატაცებამ ბალაგულას კისერი წაუმტვრია და სამართალდამცავები მის კვალზე გავიდნენ. მას ქვეყნის დატოვება მოუწია.

ავანტიურისტი ოდესელი ჯერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიქცა, შემდეგ კი სიერა-ლეონეში გადაბარგდა, სადაც ალმასების არალეგალურ ვაჭრობას მიჰყო ხელი. შემდეგ წლებში სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაურა და თავის საქმიანობა გააფართოვა, ვიდრე 1989 წელს, ფრანკფურტში არ დააპატიმრეს და აშშ-ში არ გაგზავნეს. ცხიდიან 2004 წელს გამოვიდა, როცა "რუსული მაფიის“ თაობა სრულად შეცვლილი იყო. 2019 წელს კი სიმსივნით გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი კანონიერი ქურდი - ვიაჩესლავ ივანკოვი, მეტსახელად "იაპონჩიკა", ასევე, ერთი პერიოდი ხელმძღვანელობდა კრიმინალურ დაჯგუფებას ამერიკაში.

ვიაჩესლავ ივანკოვი

ჩეჩნურ კრიმინალურ ჯგუფთან კონფლიქტის თავის არიდების მიზნით, ის ამერიკაში 1992 წელს ჩავიდა. მისი ინტერესების სფეროში შედიოდა აზარტული თამაშებისა და ნავთობის ბიზნესი, ვაჭრობა ძვირფასეულობითა და ანტიკვარიატით. ასევე, დადიოდა ხმები, რომ ივანკოვი კოკაინისა და ჰეროინს ყიდდა, თუმცა ჟურნალისტებს არაერთხელ განუცხადა, რომ მსგავსი საქმიანობა მის მორალურ პრინციპებს არ შეესაბამებოდა.

"იაპონჩიკას“ FBI იმ დღიდან უთვალთვალებდა, როცა მან პირველი ნაბიჯი შედგა კონტინენტზე. თავდაპირველად სერიოზული ბრალის წაყენებას ვერ ახერხებდნენ, თუმცა 1993 წელს ფულის გამოძალვის ეჭვით მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. საინვესტიციო ფირმის Summit International-ის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვოლკოვმა და მისმა პარტნიორმა ვლადიმირ ვოლოშინმა ადგილობრივი მოსკოვური ბანკიდან 2.7 მილიონი დოლარი ისესხეს. კრედიტორებმა არაეფექტიანი ინვესტიციები განახორციელეს და ფულის დიდი ნაწილი დაკარგეს. ბანკის წარმომადგენლებმა ინფორმაცია ივანკოვს გადასცეს, ამ უკანასკნელმა კი საკრედიტო მილიონების დაბრუნება თავისი მეთოდებით გადაწყვიტა.

ვოლკოვმა პოლიციას მიმართა, შემთხვევით FBI-მ ისარგებლა და 1995 წელს "იაპონჩიკა“ დააპატიმრეს.

1997 წელს დამნაშავეს ჯამში 9 წელი და 7 თვე მიუსაჯეს, 2004 წელს კი რუსეთს გადასცეს. ასე სრულდება ვიაჩესლავის "ამერიკული ერა“.

მომდევნო 20 წლის განმავლობაში რუსული კრიმინალური საქმიანობა ამერიკაში შესუსტდა. არ არსებობდა ისეთი ლიდერი, რომელიც სხვა კრიმინალებს გაუძღვებოდა და ერთიან დაჯგუფებად ჩამოაყალიბებდა. ასევე, შემცირდა უშუალოდ დანაშაულის მასშტაბიც. ბრიტანელი პოლიგლოტი მარკ გალეოტტი, რომელიც საერთაშორისო დანაშაულის სპეციალისტია, აცხადებს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის კრიმინალური დაჯგუფებები ერთმანეთში წაკიდებული ბანდებია, რომლებსაც აღარ აქვთ ერთიანი იერარქიები და საერთო მიზნები.

"რუსული მაფიის“ ერთ-ერთი ბოლო დარტყმა ქართული წარმოშობის "კანონიერი ქურდის“ რაჟდენ შულაიას დაპატიმრება გახდა. სასამართლოში პროკურორმა შულაია დაახასიათა, როგორც: "ნიუ-იორკის აღმოსავლეთევროპული დანაშაულებრივი ჯგუფის მთავარი ბოსი“.

შულაიამ აღმასვლა სანკტ-პეტერბურგიდან დაიწყო. ის შაქრო კალაშოვთან დაახლოებული და სანდო პირი იყო.

მან ქურდული ტიტული 2013 წელს, კვიპროსში მიიღო, შემდეგ კი ამერიკაში გადაბარგდა. იქ მან დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა, სადაც 30-ზე მეტი ადამიანი შედიოდა - ძირითადად ქართველები და რუსები. ტრადიციული კრიმინალის გარდა, ჯგუფმა აითვისა თანამედროვე ტექნოლოგიების სფერო: მაგალითად, მათ შეეძლოთ ატლანტიკ-სითისა და ლას-ვეგასში სათამაშო ავტომატების კოდების გატეხვა, რითაც მოგების შანსებს ზრდიდნენ.

რაჟდენ შულაია

რაჟდენის მკვლელობებში მონაწილეობაზე ცნობილი არაფერია, მაგრამ დაჯგუფების მეთაური არ ერიდებოდა ძალადობას. სასამართლოზე გაიხსენეს ამბავი თუ როგორ გაუმკლავდა კონკურენტ ბანდას, რომლის დიდ ნაწილს სომხები წარმოადგენდნენ. შუალაიას ხალხი საბილიარდოში შეიჭრა, სადაც მათი მოწინააღმდეგეები ისვენებდნენ. ისინი ჯერ კიით სცემეს, მოგვიანებით კი შეიარაღებულმა რაჟდენმა მთელი ლექცია წაუკითხა.

ასევე შუალაიას საქმეში ფიგურირებდა რუსი ჰაკერის გატაცება, რომელიც გავრცელებული ხმებით, სპეციალურ პროგრამას ფლობდა, რის მეშვეობითაც სათამაშო აპარატებს ატყუებდა და დიდძალ ფულს უგებდა. რაჟდენის საქმეში, ფიგურირებდა მოპარული ძვირფასი საათებითა და სიგარეტებით ყიდვა-ვაჭრობა. ყველაზე გამორჩეულ ქურდობად კი 5 ტონა შოკოლადია, რომელიც უყურადღებოდ დატოვებულ სატვირთო მანქანაზე იდო.

მიუხედავად იმისა, რომ შულაიას საქმიანობა არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორიც, მაგალითად, ევსეი აგრონის, მოსამართლემ ის არ დაინდო და 45 წელი მიუსაჯა. ჯარიმის სახით კი 2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

ავტორი: ანრი კურტანიძე