ავტორი:

რატომ გადაიფიქრა ერდოღანმა ელჩების გაძევება და მათი "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადება - "ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა კრიზისების შექმნა"

რატომ გადაიფიქრა ერდოღანმა ელჩების გაძევება და მათი "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადება - "ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა კრიზისების შექმნა"

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ელჩების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადება გადაიფიქრა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც მისივე თქმით, საელჩოებმა გააკეთეს ისეთი განცხადებები, საიდანაც მათი მხრიდან "უკან დახევა" ჩანდა.

"საელჩოების მიერ დღეს გაკეთებული ახალი განცხადებები ჩვენი ქვეყნისა და ერის მიმართ ცილისწამებისგან უკან დახევა იყო. მჯერა, რომ ეს ელჩები მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებით განცხადებებისას", -აღნიშნა ერდოღანმა

მისივე თქმით, თურქეთის მიზანი კრიზისის შექმნა არ არის.

"ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა კრიზისების შექმნა, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის უფლებების, კანონებისა და სუვერენიტეტის დაცვა", - აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იმ საელჩოებმა, რომელთა ელჩების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებასაც გეგმავდა, გაავრცელეს განცხადებები, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი იცავენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რომელიც დიპლომატებს მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების დაცვას, ასევე ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობას ავალდებულებს.

შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 ქვეყნის ელჩების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება დაავალა, რომლებმაც თურქეთის ხელისუფლებას დაპატიმრებული თურქი ბიზნესმენის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

ერდოღანმა ელჩების განცხადებას "თავხედობა" უწოდა.