ავტორი:

"ექიმების გულგრილობა და დაუდევრობა იკვეთება"- კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

"ექიმების გულგრილობა და დაუდევრობა იკვეთება"-  კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა ელგუჯა ჩხაიძემ განუცხადა. ადვოკატი საავადმყოფოში გამომძიებელთან ერთად შევიდა.

„გამომძიებელმა მოითხოვა ადგილის დათვალიერება, ეს არის საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც გამომძიებელი ჩაატარებს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას ვესწრები. მე პირადად მაინტერესებს ის აპარატურა, რომელზეც გარდაცვლილი შეერთებული იყო და ასევე ხომ არ იკვეთება ექიმების დაუდევრობა და გულგრილობა, ამის გასარკვევად ვართ მოსულები." - ამბობს ადვოკატი.

ელგუჯა ჩხაიძის თქმით, საავადმყოფოდან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე ექიმების გულგრილობა და დაუდევრობა იკვეთება.

"კვალიფიკაციას ვერ მივანიჭებთ, ეს ჩვენი ვარაუდია, გამოძიება არ დასრულებულა. გარდაცვლილი ეკონტაქტებოდა თავისი ტელეფონით მეგობრებს, რომელთაც შეტყობინებებს, ვიდეობს უგზავნიდა, მეგობარს წერდა, რომ საავადმყოფოში ყოფნით უკმაყოფილო იყო და აქედან გაყვანას ითხოვდა. თუმცა, გარდაცვლილის მთელი ოჯახი - მშობლები, და, ბებია - კოვიდსასტუმროში იყვნენ. თვითონ ვახტანგიც კოვიდსასტუმროში იყო და მერე გადმოიყვანეს ბებიასთან ერთად აქ, ორივე მათგანი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა ყურადღება ვერ მიაქციეს, რადგან თავადაც ცუდად იყვნენ და ძლივს გადარჩნენ", - განაცხადა ელგუჯა ჩხაიძემ.

საგამოძიებო მოქმედებებს დაესწრება გარდაცვლილი ფეხბურთელის მამაც გაიოზ ჩარკვიანიც.

„ეჭვები ის არის, რომ ჩემი შვილი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა და არამედ მოკლეს და ხელი შეუწყვეს მის სიკვდილს",- განაცხადა ჩარკვიანმა.